საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მიღება 1 ივლისიდან არის დაგეგმილი. მთავრობის ინფორმაციით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ყოფილიყო მსოფლიოში, ვინც საერთაშორისო ტურისტებს მიიღებდა. თუმცა დღეს 25 ივნისია და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი საერთაშორისო ფრენები თუ რომელ ქვეყნებთან აღდგება.

7 მაისს საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებსა და სხვა მიზნობრივი სახის დახმარებას და სექტორის ამოქმედების ფაზებს მოიცავს. ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გაიხსნას, რაც სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნას და ფრენების ეტაპობრივად აღდგენას ნიშნავს.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს უახლოეს პერიოდში აამუშავებს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით. ამის შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ 1 ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ისრაელი უნდა ყოფილიყო, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა. თუმცა ისრაელმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საერთაშორისო საზღვრების გახსნა და შესაბამისად ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადადო.

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებმა შიდა საზღვრები ეტაპობრივად გახსნეს. ივლისიდან კი მესამე ქვეყნებთან საზღვრების გახსნა იგეგმება. ამ ეტაპზე შეთანხმება, თუ რომელ ქვეყნებთან მოხდება ტურისტული მიმოსვლის აღდგენა, მიღწეული არ არის. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, საქართველო ამ სიაში მოხვდება თუ არა.

22 ივნისს, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს“. ამავე განცხადებიდან ჩანს, რომ ამ ეტაპზე საჰაერო საზღვრების გახსნაზე შეთანხმება არცერთ ქვეყანასთან არ არის მიღწეული. ამ ეტაპზე მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნა ასევე არ იგეგმება, რაც მეზობელ ქვეყნებში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულმა ტურისტებმა კორონავირუსზე ჩატარებული PCR-ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინონ. იმ ტურისტებს კი, ვისაც არ ექნებათ ცნობა, PCR-ტესტირება აეროპორტში ჩაუტარდებათ. ვინ დაფარავს ტესტირების ხარჯებს თავად ტურისტი თუ სახელმწიფო, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.

ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დავუკავშირდით, მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან გაიხსნება, თუმცა ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული თუ რომელ ქვეყნებთან აღდგება ფრენები. ამასთან, კითხვაზე, რომელიმე ქვეყანასთან მიღწეულია თუ არა შეთანხმება საჰაერო საზღვრის გახსნაზე და ფრენების აღდგენაზე, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და გვითხრეს, რომ საკითხი სამუშაო პროცესშია.

25 ივნისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი