15 ივნისს www.hotnews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ჯანმოს ეპიდემიოლოგის სკანდალური აღსარება - „ეპიდემია არ არსებობს!“ შემდგომ hotnews.ge-მ აღნიშნული სტატია წაშალა, თუმცა მისი cache-ირებული ვერსიის ნახვა შესაძლებელია (იხილეთ ბმულზე). წაშლის მიუხედავად, hotnews.ge-ის სტატია Facebook-ში აქტიურად გავრცელდა და 5000-ზე მეტი ინტერაქცია (2000-ზე მეტი რეაქცია, 2000-მდე კომენტარი და 1360 გაზიარება). hotnews.ge-ს სტატიაში ვკითხულობთ:

www.hotnews.ge-ის თანახმად: „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში COVID-19-თან ბრძოლის ჯგუფის ერთერთმა ხელმძღვანელმა, ამერიკელმა ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა, განაცხადა: „არ არის. ეპიდემია არ არსებობს. არავითარი ვაქცინა არ არის საჭირო. ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ხელთათმანები, პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. არ იყო აგრეთვე არც კარანტინის და კომენდანტის საათის საჭიროება და არც ე.წ კონტაქტების გამოკვლევა, ვირუსი ზედაპირზე ვერ ცოცხლობს - ამგვარი იზოლაცია მხოლოდ მთავრობების მოთხოვნა იყო. ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიტნეს-კლუბს, თეატრებსა და რესტორნებს/კაფე-ბარებს საშუალება აქვთ, იმუშაონ სრული დატვირთვით“.

სტატიაში ასევე YouTube-ის ვიდეოც იყო მითითებული, სადაც ჯანმოს COVID-19-ზე სპეციალისტი, მარია ვან კერკჰოვე, ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას პასუხობს და კორონავირუსის (COVID-19) ასიმპტომური გადაცემის შესახებ საუბრობს. სტატიაში მოცემული ციტატა სტატიაშივე მოცემულ რეალურ წყაროს, მარია ვან კერკჰოვეს ინტერვიუს, სრულიად არ ემთხვევა. ის არსად ახსენებს, რომ პანდემია და ეპიდემია არ არსებობს და არც თავდაცვის ზომებისა თუ ვაქცინის საჭიროებას უარყოფს. შესაბამისად, www.hotnews.ge-ზე მოცემული ციტატა სრულიად ყალბია (იხილეთ წყაროდ მოყვანილი YouTube-ის ვიდეო).

www.hotnews.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფრთხოების ზომებთან (პირბადის, ხელთათმანების ტარება) დაკავშირებითაც მცდარია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 5 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციის თანახმად, ნიღბის გამოყენება რესპირატორული ვირუსული დაავადებების, მათ შორის COVID-19, პრევენციის და კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნიღბების გამოყენება შესაძლებელია როგორც ჯანმრთელი პირების დასაცავად, ასევე დაინფიცირებული ადამინისგან დაავადების გავრცელების შესამცირებლად. ამასთან, ჯანმოს განმარტებით, მხოლოდ პირბადის ტარება საკმარის თავდაცვის ზომას არ წარმოადგენს. ინფექციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია როგორც პირადი, ასევე საზოგადოებრივ დონეზე მიღებული ზომები, მათ შორის ჰიგიენა, სოციალური დისტანცია და სხვ.

www.hotnews.ge-მ აღნიშნული ყალბი ამბავი წაშალა, თუმცა იგი უცვლელად გადაიტანეს შემდეგმა საიტებმა:

  • www.qartuliazri.reportiori.ge/ - “ქართული აზრი“ (6300-მდე ინტერაქცია, მათ შორის - 675 რეაქცია, 115 კომენტარი და 5500-ზე მეტი გაზიარება);
  • www.tinp.ge (8400-ზე მეტი ინტერაქცია, მათ შორის - 3400-ზე მეტი რეაქცია, 2300-ზე მეტი კომენტარი და 2600-მდე გაზიარება).
  • Paqtebi.ge - სტატიას 1000-ზე მეტი ნახვა აქვს, თუმცა მას Facebook-ზე მცირე ინტერაქციები აქვს (86 ინტერაქცია, მათ შორის - 40 რეაქცია, 3 კომენტარი და 43 გაზიარება).
  • www.viki.ge

რეალურად მარია ვან კერკჰოვემ 8 ივნისს ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის (COVID-19) ასიმპტომური გადაცემა (ვირუსის გადაცემა COVID-დაინფიცირებულისგან, რომელსაც სიმპტომები არ აქვს გამოვლენილი) ძალიან იშვიათია. აღნიშნულზე, 9 ივნისს, ვან კერკჰოვემ დამატებითი განმარტება გააკეთა. მან განაცხადა, რომ მისი წინა დღის განცხადება ჯანმოს ოფიციალურ პოლიტიკას არ წარმოადგენს და მხოლოდ რამდენიმე, ორ-სამ, კვლევაზე დაყრდნობით საუბრობდა. არსებული კვლევების სიმცირიდან გამომდინარე კი, რთულია გადაჭრით იმის დადასტურება, რომ ასიმპტომური პაციენტებიდან ინფექცია იშვიათად ვრცელდება.

ჯანმოს წარმომადგენლის გაყალბებული ციტატა ქართულ Facebook-გვერდებსა და ჯგუფებში მასობრივად გავრცელდა და მას სტატიაზე მუშაობის დროს დაახლოებით 23 ათასი ინტერაქცია ჰქონდა.

მასალა მომზადებულია Facebook-ის CrowdTangle-ის დახმარებით.

თეგები: