იტვირთება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 12 მაისს, სოფლის მეურნეობის დასახმარებელი პაკეტი წარადგინეს, რომლის მთლიანი ღირებულება 300 მილიონი ლარი იქნება. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პაკეტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება:

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება

  • 0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების სუბსიდირება.
  • 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდირების რაოდენობა არის 200 ლარი. დახმარებას მიიღებს 200 000 ფერმერი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად.

0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს - აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით ერთი ლარით (ერთი ლიტრი) იაფად მიეწოდებათ. ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრია, დახმარებას 200 000-მდე ფერმერი მიიღებს. ამ პროგრამით, ფერმერების შეღავათი დაახლოებით 40 მილიონი ლარი იქნება.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა

  • 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ ლარამდე;
  • 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს 5 მლნ ლარი ჩამოეწერებათ. ჯამურად, 13 მლნ ლარი ჩამოიწერება.

50 %-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის

  • პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობა:
  1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება;
  2. ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის/ და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება;
  3. ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/ მონტაჟის თანადაფინანსება.

პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარს შეადგენს, თანადაფინანსება 50%.

50 %-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის

  • პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობა:
  1. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება მრავალწლოვანი კულტურების სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება.

პროგრამის ბიუჯეტი 13 მლნ ლარია. 1 ჰა-ზე გაიცემა არაუმეტეს 2500 ლარი, თანადაფინანსება 50%.

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

  • ერთწლიანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, სესხის ოდენობა - 5 000-100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება 17%, თანადაფინანსების პერიოდი 6 თვე;
  • ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი, სესხის ოდენობა - 20 000- 1 500 000 ლარი, თანადაფინანსება 11-12%, თანადაფინანსების პერიოდი 48 თვე;
  • სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი, სესხის ოდენობა - 1 500 001-5 000 000 ლარი, თანადაფინანსება 10%, თანადაფინანსების პერიოდი 24 თვე.

პროგრამის ბიუჯეტი 74 მლნ ლარია, დამატებით 7.5 მლნ ლარი გამოიყო. ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება 8%-დან 11%-მდე გაიზარდა, ლიზინგის შემთხვევაში - 9%-დან 12%-მდე.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

  • ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა:
  1. სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსება;
  2. დახმარება კოოპერატივებს ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის;
  3. კოოპერატივებისთვის აღჭურვილობა/დანადგარების დაფინანსება.

პროგრამის ბიუჯეტი 1.5 მლნ ლარია, თანადაფინანსება 50%, არაუმეტეს 15000 ლარისა; კოოპერატივებისთვის - თანადაფინანსება 90%, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

აგროდაზღვევა

  • ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მრავალწლიანი კულტურები დააზღვიონ 3 წლით.

პროგრამის ბიუჯეტი, 9 მლნ ლარია, პროგრამა კულტურების სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლის და სასშემოდგომო ყინვებისგან დაზღვევას ითვალისწინებს. თანადაფინანსება ვაზის შემთხვევაში 50%-ია, სხვა კულტურების შემთხვევაში - 70%.

ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა

  • მერძევეობის დარგის მდგრადი განვითარება ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

პროგრამის ბიუჯეტი 42 მლნ ლარია, პროგრამა რძის პირველადი, შემგროვებელი პუნქტების, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას 40%-80% ფარგლებში ითვალისწინებს.

გრანტები კოოპერატივებისთვის

  • თაფლის და რძის გადამამუშავებელი საწარმოების, მევენახეობის თანადაფინანსება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გორი, ახალქალაქი, დმანისი, დუშეთი - თანადაფინანსება 70%;
  • მევენახეობის და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა - თანადაფინანსება 90% (150 000-500 000 ლარი), მაღალმთიან რეგიონებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 5%-ის თანადაფინანსება.

სოფლის მეურნეობის ყველა მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაში კოოპერატივებისთვის დამატებით 10%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

ყველა პროგრამის ფარგლებში სულ მხარდაჭერა 1 ჰა-ზე 850 ლარიდან-1700 ლარამდეა, დახმარებას, დაახლოებით, 200 000 ფერმერი მიიღებს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა 20 მაისიდან ამოქმედდა.

ანტიკრიზისული გეგის შეფასება

ანტიკრიზისულ გეგმაში დასახელებული პროექტების დიდი ნაწილი კორონავირუსის პანდემიამდეც მოქმედებდა. ჩვენ შევეცდებით, შევაფასოთ რამდენად ეფექტიანი იყო აღნიშნული პროექტები და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას რამდენად შეუწყო ხელი.

მცირემიწიან ფერმერთა დახმარება

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამა 2013-2016 წლებშიც განახორციელა. პროექტის ფარგლებში, მცირემიწიან ფერმერებს „ხვნის ბარათი ან/და „აგრობარათი“ გადაეცათ, რომელთა გამოყენება მიწის ფართობის დამუშავებისთვის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში სულ 827 332 ჰა მიწის ფართობი დაიხნა. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური - 339 მლნ ლარი იყო. მათ შორის, 2013 წელს 192 მლნ ლარის ხარჯი სრულად „ფონდმა ქართუმ“ დაფარა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯულა. 2014 წლიდან კი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა: კერძოდ, 2014 წელს 50 მლნ ლარი, 2015-ში - 46 მლნ, ხოლო 2016-ში 51 მლნ ლარი დაიხარჯა. 2017 წლიდან აღნიშნული პროგრამა გაუქმდა. სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, ნათესი ფართობის მოცულობა 2013 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება. 2013 წელს ნათესი ფართობის რაოდენობა 311 ათას ჰექტრამდე გაიზარდა (2012 წელს 260 ათასი ჰექტარი იყო), რაც დასახელებული პროგრამის პირველადი ეფექტი იყო, შემდგომ წლებში ნათესი ფართობის რაოდენობა, როგორც აღვნიშნეთ, კლების ტენდენციით ხასიათდება და 2018 წელს 207 ათასი ჰექტარი შეადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ამჯერად 37 მლნ ლარს შეადგენს. წინა წლებში გაცილებით სოლიდური ბიუჯეტის პირობებში აღნიშნულ პროგრამას რეალური შედეგები არ მოჰყოლია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოსახლეობა ძირითადად მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს ფლობს. კერძოდ, მეურნეობის ¾-ზე მეტს (77.1%) სარგებლობაში 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს. „საქსტატის” მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2014 წელს 1 ოჯახურ მეურნეობაზე საშუალოდ 1.14 ჰექტარი მიწის ფართობი მოდიოდა. ცალკე აღებული სახნავ-სათესი მიწები ერთ ოჯახურ მეურნეობაზე საშუალოდ 0.6 ჰექტარია. აქედან გამომდინარე, ერთ ჰექტარზე გათვლილი დახმარება - 200 ლარიანი და მეტი ვაუჩერი, დასახელებული 200 000 ფერმერიდან 45 800 ფერმერს ერგება, დარჩენილი 154 200 ფერმერის დახმარება მათ საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის პროპორციული იქნება.

სწორედ, მოსახლეობის მცირემიწიანობით არის განპირობებული, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს ეკონომიკური საქმიანობის ფუნქცია დაკარგული აქვს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მხოლოდ თავის რჩენის საშუალებაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამას მხოლოდ სოციალური ხასიათი ექნება (როგორ ამ პროგრამის წინამორბედს) რაც კრიზისიდან გამოსასვლელად ალბათ გამართლებულიც არის, თუმცა იმედია, პროგრამა განგრძობად ხასიათს არ შეიძენს.

შეღავათიანი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დასახელებული პროგრამები გრძელდება, აგროკრედიტის შემთხვევაში ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება 8%-დან 11%-მდე გაიზარდა, ლიზინგის შემთხვევაში - 9%-დან 12%-მდე. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა უკვე არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება მრავალწლოვანი კულტურების სარწყავი სისტემის შესყიდვა/ მონტაჟის თანადაფინანსება, რაც 50 %-ს შეადგენს. აგროდაზღვევის პირობები უცვლელია, თანადაფინანსება ვაზის შემთხვევაში 50%, სხვა კულტურების შემთხვევაში კი 70%-ია.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის იღებენ. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 2 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას. სესხის (ლიზინგის) ხანგრძლივობა ერთი წლიდან 10 წლამდეა. სააგენტო საპროცენტო სარგებლის არაუმეტეს 12%-ს აფინანსებს. სესხის(ლიზინგის) მინიმალური ოდენობა 5 000 ლარი, მაქსიმალური 10 მლნ ლარია.

პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან-2018 წლის ჩათვლით, 212 ახალი საწარმო გაიხსნა და 985 გადაირაღდა, 12 600-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში 1,811,013,838 ლარის ოდენობის 34,064 ერთეული სესხი და 20,011,623 ლარის ოდენობის 77 ლიზინგი გაიცა.

პროექტი „დანერგე მომავალი“ 2015 წლის მარტში ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ, სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით, მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გააშენონ და სანერგე მეურნეობები შექმნან. პროექტის ბაღის კომპონენტის ფარგლებში, ერთი ბენეფიციარის მიერ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება დაფინანსდება. თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა-ზე 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში, შესასყიდი ნერგების ღირებულების 70% დაფინანსდება, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან - წვეთოვანი სარწყავი სისტემა. სანერგე მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში მეურნეობის შექმნის ღირებულების 50% ფინანსდება, არაუმეტეს 150 000 ლარისა.

2018 წლის მონაცემით, 2015 წლიდან 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, სულ გაშენებულია ან გაშენების პროცესშია 6,347 ჰა ფართობის 993 ბაღი. 2015 წლიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში წლიურად 100,000 ნერგის წარმადობის 2 სანერგე მეურნეობაა შექმნილი ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.

აგროდაზღვევა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ რისკები სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლის და საშემოდგომო ყინვისგან. პროექტის ფარგლებში არაუმეტეს 5 ჰა მიწის ნაკვეთის დაზღვევაა შესაძლებელი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში მაქსიმალური ფართობი 30 ჰა-ს შეადგენს. ფერმერს, რომელიც პროექტის ფარგლებში სადაზღვევო პოლისს შეიძენს, ვაზის დაზღვევის შემთხვევაში ღირებულების 50%, სხვა კულტურების შემთხვევაში კი 70% დაუფინანსდება.

სულ 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით 81,453 სადაზღვევო პოლისია გაცემული და 71,413 ჰექტარი ფართობია დაზღვეული.

სოფლის მეურნეობა 2013-2018 წლებში

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა. 2013-2018 წლებში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ჯამში 1.5 მლრდ ლარი, მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა 2019 წელს - 293 მლნ, დაიხარჯა.

2018 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 3 მლრდ ლარის დამატებული ღირებულება შეიქმნა, რაც მთლიანი ეკონომიკის 7.8%-ია. აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს. 2018 წლის მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.7 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს აღინიშნა, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8 %-იანი კლებაა. რაც შეეხება 2018 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია (2019 წლის მონაცემები მიმდინარე წლის 15 ივნისს გამოქვეყნდება).

ასევე, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.8% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

2019 წელს სულ სოფლად დასაქმებული 891.4 ათასი კაცი იყო, მათ შორის 240.9 დაქირავებით დასაქმებული, 650.5 ათასი კი თვითდასაქმებული. თვითდასაქმებულები ძირითადად სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები. ამ პირების საქმიანობა ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან არ არის დაკავშირებული და საკუთარ მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირებად ითვლებიან. მაგალითად, თვითდასაქმებულია სასოფლო ტიპის დასახლებაში მცხოვრები შრომისუნარიანი პირი, რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელსაც ამუშავებს და შემოსავალს ნატურით ან ფულადი ფორმით იღებს. თვითდასაქმებულების მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი შინამეურნეობის ფარგლებში მოიხმარება და მათი წვლილი მთლიან ეკონომიკაში დაბალია. ესე იგი, ამ პირების საქმიანობა დაბალპროდუქტიული და დაბალშემოსავლიანია. აღნიშნულს ადასტურებს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი (დასაქმებულთა დიდი ოდენობის მიუხედავად) და აღნიშნული სექტორის რეალური ზრდის ტემპის დაბალი მაჩვენებლები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.


მსგავსი სიახლეები

3107 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი