-
საქართველოში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველა კატეგორიაში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის" დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეაVS
-
2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის" დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას04/06/2020ნახვა 11800
გიორგი გახარია: 2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა
ვერდიქტი: გიორგი გახარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 და 2019 წლებში კი სიღარიბის მაჩვენებელი, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება. 2011-2012 წლებში სიღარიბის დონე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2013-2015 წლებში კი - 8.4 პროცენტული პუნქტით. 2015 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 2.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
რომან გოცირიძე: საქართველოში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველა კატეგორიაში
ვერდიქტი: რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: რომან გოცირიძე UNICEF-ის მონაცემებს ეყრდნობა. UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა. 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პენსიონერების წილის 1.7%-დან 3.7%-მდე, ბავშვების წილის კი 2.5%-დან 6.8%-მდე ზრდა დაფიქსირდა. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძე განცხადებაში მონაცემებს სწორად ასახელებს, 2020 წელს, 2017 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით, სიღარიბის ზრდაზე მითითება არამართებულია. მით უმეტეს, ამ დროისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018-2019 წლის მონაცემი უკვე ცნობილია, რომლის თანახმადაც დასახელებულ პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე შემცირდა. ამასთან, რომან გოცირიძემ პრემიერის განცხადება შეაფასა, როგორც სიცრუე, რაც სიმართლეს ასევე არ შეესაბამება.
ანალიზი
29 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. დისკუსიის ერთ-ერთი თემა, სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იყო. ოპოზიცია სიღარიბის ზრდაზე, პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა კი სიღარიბის შემცირებაზე აპელირებდა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „რა თქმა უნდა, სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%-ზე მეტი, დღეს საქართველოში სიღარიბე არის 19.5 %. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოშ შემცირდა 2-ჯერ. გარდა ამისა, 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5 %-მდე“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯმდომარე რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის მიმართა, რომ მისი განცხადება იყო სიცრუე. ამასთან, შეახსენა, რომ სიღარიბის ზრდის გამო, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოხსნეს. „გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველა კატეგორიაში: ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. 2015 წელს ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5 %, 2017-ში გახდა 6.8%. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში 2015-ში იყო 1.7 %, 2017-ში გახდა 3.7 %. მთლიან მოსახლეობაში უკიდურესი სიღარიბე 2015 წელს იყო 2.5 %, 2017-ში 6.8 % გახდა. ამის შემდეგ განახლებული მონაცემები არ არსებობს“.
საქსტატის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის[i] ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. 0-17 წლამდე კატეგორიაში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 34.7%-დან 24.4%-მდე შემცირდა.
ჩვენ გავაანალიზეთ, ქვეყანაში სიღარიბის დონის ცვლილების მხრივ, რა ტენდენცია იკვეთება. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა, 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018 და 2019 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ეს 2011-2015 წლებში იყო. 2011-2012 წლებში სიღარიბის დონე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2013-2015 წლებში კი - 8.4 პროცენტული პუნქტით. 2015 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მხოლოდ 2.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე ორჯერ არის შემცირებული. მსოფლიო ბანკი სიღარიბის მაჩვენებელს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს და ის საქსტატის მონაცემებთან ზუსტ თანხვედრაშია.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%), 2010-2019 წლებში
წყარო: საქსტატი
რომან გოცირიძე განცხადებაში UNICEF-ის მონაცემებს ეყრდნობა. UNICEF „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება). UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც გაზრდილია.
გრაფიკი 2: უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები
წყარო: UNICEF
2017 წელს 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში, ზოგადი სიღარიბის დონე ასევე გაზრდილია. ზოგად სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 18.4%-დან 21.7%-მდე, პენსიონერების წილი 15%-დან 17.6%-მდე, ბავშვთა სიღარიბე 21.7%-დან 27.6%-მდე გაიზარდა.
[i] აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს,საარსებო მინიმუმს ქვემოთ, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს.