„ფაქტ-მეტრი“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხარჯების კვლევას. ამ ეტაპზე კვლევის არეალში ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ მოხვდა. ჩვენი ყურადღება ორგანიზაციის მიერ გასანათებელი მოწყობილობების, კერძოდ, ნათურების, შესყიდვის მიზნით გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა მიიპყრო, რომელთა ჯამური ღირებულება, 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, 360 034 ლარს შეადგენს.
2020 წლის იანვარში ორგანიზაციამ, 5058 ცალი დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „EL-GROUP“-ს 62645 ლარი უკვე გადაუხადა, ხოლო 4840 ცალ ნათურაში 61445 ლარი, შპს „თორნიკეს“ უნდა გადაუხადოს.
„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დირექტორს თენგიზ ქუტიძეს და სთხოვა, აეხსნა, მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ასეთი დიდი რაოდენობის ნათურების შესყიდვა რატომ სჭირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით: „ეს ნათურები ემსახურება მთლიანად ოზურგეთში, ქუჩებში, სოფლებში, რაც გარე განათების ქსელი მაქვს, იმას ხმარდება. ზოგჯერ ისეთი პრობლემები მაქვს, ჭექა-ქუხილი როცაა, კილომეტრობით ხაზიანად წვავს ყველაფერს. გარემო პირობების გარდა, ხარისხსაც ვეძებთ უკეთესს. ახლა რომ შემოვიტანეთ, შედარებით უკეთესია, რომ მოვიკვლიეთ ბაზარი, მეტ დროს რომ იმუშაოს. ფასებსაც ვეძებთ. შედარებითია ყველაფერი... ამ ბოლოს შემოვიტანეთ ლედნათურები, ეკონათურები. ხარისხი კი აქვს უკეთესი, მაგრამ ძაბვის ცვალებადობას ვერ უძლებს და ჩვენი ქსელი როგორი გამართულია, კი იცით... კონდენსატორები იწვება, ზოგი სკდება... მუნიციპალიტეტებს ვუკავშირდებით, რა გამოიყენეს, როგორი აქვს ხარისხი, რამდენ ხანს მუშაობს... გასულ წელსაც საკმაოდ დიდი იყო [ხარჯი]. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ფირმასაც ვერ ვუთითებთ. მაგალითად: ორიგინალი რომ მივუთითო, რომელსაც ხარისხი მეტი აქვს, [სახელმწიფო შესყიდვების] სააგენტო არ გვიშვებს. მხოლოდ პარამეტრები და დამთავრდა. პარამეტრებით შემოდის ჩინური წარმოების ყველა. ქალაქის ცენტრში მაქვს ადრე გაკეთებული ფილიპსის ნათურები და იშვიათად იწვება და ესენი მალე იწვება უფრო. დიახ, ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება [უხარისხო საქონლის შეძენაში] და ექსპერტის დასკვნა რომ მომთხოვეს, ის კი წერს, რომ შეესაბამება პარამეტრებს, მაგრამ ამას გრძელვადიანი გამოცდა უნდა, რომ გასინჯავ, კი შეესაბამება სიმძლავრეს, მაგრამ რამდენ ხანს მუშაობს... აი რომ უწერია 10000 საათი, პირობითად, მუშაობს 2000, 3000, 4000 საათი. ძაბვაზეც არის დამოკიდებული. მე შემიძლია, თუ ღირს ნათურა ეს 13 ლარი, გადავიხადო 25 ლარი და იმუშაოს დიდხანს. საერთო ჯამში მოგებული ვრჩებით. ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. ყველა მუნიციპალიტეტი ასეთ დღეშია. სიტყვიერად მივმართე, მაგრამ სააგენტოს რომ ველაპარაკები, იქაც ვერ წყვეტენ. მე მივუთითე ფირმა და არა, არ ჩაწეროთ, არ შეიძლებაო. ლედნათურები, ბოლოს რაც შევისყიდე გასულ წელს, გაამართლა. ეკონათურები საერთოდ უნდა ამოვიღო, მაგას უჭირს საერთოდ ძაბვის ცვალებადობა. შარშან რომელი ლედნათურებიც შევიძინეთ, ის არის ჯერ, 90% მუშაობს ჯერ, თუ რამე გარე დაზიანება არ მოხდა“.
თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება, რომლებსაც, ხელშეკრულებების თანახმად, ერთწლიანი გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს. თუმცა, უხარისხო საქონლისა და გაუმართავი ქსელის მიზეზით, ნათურები მწყობრიდან ადვილად გამოდის და პრობლემას თვითმმართველობა ახალი ნათურების შესყიდვით ებრძვის.