იტვირთება

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად მსოფლიოს ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის დიდ ტალღასთანაც უწევს ბრძოლა. სოციალურ ქსელში და მის ფარგლებს გარეთ დეზინფორმაციულ კამპანიას აქამდეც შეხვდებოდით, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას სხვადასხვა სახელმწიფოს უკავშირებს და, ქვეყნების მიერ, ვირუსის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ეხება.

კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელების თემა Washington Post-მა და Fox News-მა ხელახლა წამოჭრა. მათი მტკიცებით, კორონავირუსი, შესაძლოა, უჰანის ვირუსოლოგიური ინსტიტუტიდან (WIV) გავრცელებულიყო. ჰიპოთეზის მიხედვით, საქმე არა ვირუს SARS-CoV-2-ის (რომელიც Covid-19-ს იწვევს) ბიოინჟინერიის შედეგად ლაბორატორიაში შექმნას ეხება, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში, წარმოშობილი ამ ახალი კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანში შეღწევასა და ინფიცირების პირველ შემთხვევას („ნულოვანი პაციენტი“), რასაც კორონავირუსის გავრცელება მოჰყვა. აღნიშნული ინფორმაცია, სხვადასხვა სახეცვლილებით, ქართულ მედიასივრცეშიც სწრაფად გავრცელდა.

დასავლეთში კომუნისტური პარტიის მიერ მართულ ავტორიტარულ ჩინეთში კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელებისა თუ ქვეყანაში დღეს არსებული ვითარების გარშემო კითხვები მართლაც არსებობს. ხოლო ვირუსის ლაბორატორიიდან „გაჟონვის“ ჰიპოთეზის გადაჭრით უარყოფა, ჩინეთში არსებული მმართველობის ფორმისა და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხის გამო, რთულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის უჰანის ვირუსოლოგიური ინსტიტუტიდან გავრცელებაზე საუბარი ახალი არაა და ამ საკითხზე სტატიები ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიის მიერ წლის დასაწყისშიც დაიწერა. მათი აზრით, კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში მყოფი ღამურებისგან შეიძლება გავრცელებულიყო.

ცნობილი ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, Full Fact-ის მიერ, საკითხის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ეს კვლევა, რომელიც თავად ავტორების მიერ, ჯერ კიდევ თებერვალში, უკან იქნა გაწვეული, მკაფიო მტკიცებულებებს არ შეიცავს და მათ მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის ერთადერთ არგუმენტად უჰანში მდებარე ლაბორატორიების ზღვის პროდუქტების ბაზართან სიახლოვე მოჰყავთ. კერძოდ, კვლევის ავტორები ვირუსის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელების ორ გზას მიმოიხილავენ. პირველი ვერსიით, SARS-CoV-2-ის მატარებელი ღამურები უჰანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრამდე იმ რეგიონიდან მოფრინდნენ, სადაც ღამურებია გავრცელებული. კვლევის ავტორების მიხედვით, იმის გამო, რომ აღნიშნული ღამურები უჰანიდან 900 კილომეტრში ბინადრობენ, ეს ვერსია სარწმუნო არაა. ვირუსის გავრცელების მეორე განხილული ვერსიით კი, ღამურები აღნიშნულ ბაზარზე საკვების სახით იყიდებოდა, რაზეც კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ღამურებს უჰანში საკვებად არ გამოიყენებენ. ამგვარად, აღნიშნული მეცნიერების დასკვნით, კორონავირუსის ამ გზებით გავრცელება არადამაჯერებლად ჟღერს, ხოლო ვირუსის წყაროს ალტერნატიულ ვერსიად ისინი ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს მდებარე (280 მეტრში და 12 კილომეტრში) ორ ლაბორატორიას ასახელებენ. კვლევის ავტორებს არგუმენტად აღნიშნული ლაბორატორიების კვლევითი დოკუმენტები მოჰყავთ. Full Fact-ის მიხედვით, ბაზრიდან 280 მეტრში მდებარე ლაბორატორიასთან კავშირში მყოფი კვლევითი დოკუმენტები კორონავირუსს საერთოდ არ ეხება, ხოლო 12 კილომეტრში მდებარე ლაბორატორიის შესახებ არსებული კვლევითი დოკუმენტი, მართალია, კორონავირუსზეა, თუმცა არა SARS-CoV-2-ზე (კორონავირუსები ვირუსთა დიდი ჯგუფია, რომელთაგან SARS-CoV-2 მხოლოდ ერთ-ერთია). ამგვარად, Full Fact-ის ვერდიქტით, აღნიშნულ კვლევაში ლაბორატორიების ზღვის პროდუქტების ბაზართან სიახლოვის ამსახველი რუკის გარდა, სხვა არსებით მტკიცებულებაზე საუბარი არაა.

საკითხთან დაკავშირებით, 14 აპრილს, Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც არა რედაქციის, არამედ ავტორის პირადი კონტრიბუცია იყო, ახალ დეტალებს შეიცავს. სტატიის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიამდე ორი წლით ადრე, უჰანში მდებარე ლაბორატორიაში, სადაც ღამურებთან კავშირში მყოფ კორონავირუსზე (რომელიც, შესაძლოა, სულაც არ წარმოადგენდა SARS-CoV-2-ს) „სარისკო კვლევები ტარდებოდა“, უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული არ იყო, რის შესახებაც აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია ვაშინგტონს მიაწოდეს. სტატიის მიხედვით, სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია აშშ-ის ხელისუფლებაში ამჟამად არსებული დისკუსია, რომ კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი წყარო, შესაძლოა, უჰანში მდებარე ორი ლაბორატორიიდან ერთ-ერთი იყოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაუცველობა კორონავირუსის ლაბორატორიიდან „გაჟონვის“ ვერსიის მტკიცებულება ვერ იქნება. ამასთან, კრიტიკული მნიშვნელობა იმ საკითხს აქვს, ზოგადად, SARS-CoV-2, აღნიშნულ ლაბორატორიაში თუ არსებობდა.

ამ კითხვას პასუხს ვერც Fox News-ის კონფიდენციალური წყაროები სცემენ. აღნიშნული მედიის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელება, შესაძლოა, ჩინეთში, უჰანში მდებარე ლაბორატორიიდან დაიწყო. ტელეკომპანიის მიხედვით, „კორონავირუსის გავრცელება პეკინის მიერ ვირუსის ბიოლოგიური იარაღის სახით გამოყენებასთან კავშირში არაა, თუმცა ის ვირუსების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩინეთის მიერ აშშ-ის მსგავსი, ან უფრო მეტი შესაძლებლობების დემონსტრირების მცდელობის შედეგია“. ამასთან, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა საკუთრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს შორისაც არსებობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ვირუსის ლაბორატორიიდან „გაჟონვის“ ვარაუდს ვერ ადასტურებს.

ჩინეთში არსებული მმართველობის რეჟიმის გათვალისწინებით, აშშ-ში საკითხის შესწავლა, რასაკვირველია, აქტიურად მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების ეს ჰიპოთეზა, რომელზეც ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილიც საუბრობს, Fox News-ის ჟურნალისტის მიერ დონალდ ტრამპის პრესკონფერენციაზე გადამოწმდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა საკითხზე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა, ტრამპის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ უფრო და უფრო მეტი ხდება ცნობილი და შექმნილი „საშინელი ვითარების“ გარშემო საფუძვლიანი კვლევა მიმდინარეობს.

განხილულ თემაზე კომენტარი სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც გააკეთა: „ჩვენ ვიცით, რომ ამ ვირუსის გავრცელება უჰანიდან, ჩინეთიდან დაიწყო. ჩვენ [ასევე] ვიცით, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ზღვის პროდუქტების ბაზრიდან რამდენიმე მილში მდებარეობს. ჯერ კიდევ ბევრი რამ შესასწავლია. აშშ-ის მთავრობა საკითხში გასარკვევად დაუღალავად მუშაობს“. მისივე განცხადებით, უჰანის ლაბორატორიაში მაღალი საფრთხის გადამდები დაავადებების პროგრამაზე მუშაობდნენ, რომლის მსგავსი პროგრამაც მრავალ ქვეყანას აქვს. თუმცა, პომპეოს თქმით, განსხვავებით სხვა სახელმწიფოებისგან, ჩინეთი გარე დამკვირვებლებთან სათანადოდ არ თანამშრომლობდა და ამ მიმართულებით გამჭვირვალედ არ მუშაობდა. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით კი, კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსია საეჭვოა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საკითხზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უჰანის ვირუსოლოგიურ ინსტიტუტში 15 წლის განმავლობაში მომუშავე დასავლელი მეცნიერის, პიტერ დაშაკის მიხედვით, აღნიშნულ ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 არ ინახებოდა.

ამგვარად, კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან „გაჟონვის“ საკითხთან დაკავშირებით არსებული ვარაუდი მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებზეა აგებული და კორონავირუსის გავრცელების ეს ჰიპოთეზა საკმარისად დასაბუთებული არაა.


მსგავსი სიახლეები

3199 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი