კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მარტში რუსეთმა იტალიაში სამედიცინო დახმარება სლოგანით - „From Russia with Love“ (სიყვარულით რუსეთისგან) გაგზავნა. საყურადღებოა, რომ მისია არა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, არამედ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა.

რუსეთმა დეზინფორმაციის კამპანია სამედიცინო დახმარების გაგზავნამდეც აქტიურად დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ცდილობდა, ერთი მხრივ, პანდემიის გამკლავების პროცესში, ევროპის ქვეყნების უუნარობა, ხოლო, მეორე მხრივ, იტალიის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოლიდარობისა და დახმარების ნაკლებობა წარმოეჩინა.

იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი კორონავირუსის გავრცელებას და მისგან გამოწვეულ ჯანდაცვის, ეკონომიკისა თუ სოციალურ პრობლემებს აქტიურად ებრძვის, რუსეთი მსოფლიო პანდემიით შექმნილი კრიზისის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. ინფექციით დაზარალებულ ევროპულ სახელმწიფოებში სამედიცინო დახმარების გაგზავნას, მოსკოვი კვლავ დეზინფორმაციის მიზნებით იყენებს.

მარტში იტალიაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას თან მაღალჩინოსანი რუსი სამხედროები ახლდნენ. აღნიშნული კადრები მოსკოვმა იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ NATO-სა და ევროკავშირის მიერ მიტოვებულ იტალიას განსაცდელის ჟამს დახმარების ხელი კრემლმა გაუწოდა. რუსეთის ტექნიკის იტალიაში მოძრაობა რუსეთის სახელმწიფო მედიამ ფართოდ გააშუქა. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა ტელეარხმა - „რუსეთის პირველი არხი“ - ინფორმაცია შემდეგნაირად გაავრცელა - „რუსეთის სამხედრო კოლონა NATO-ს სამხედრო გზებზე გადაადგილდება“. რუსული მედია იტალიის მოქალაქის მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და მისი რუსეთის დროშით ჩანაცვლებას, ასევე აქტიურად აშუქებდა. დროშაზე შემდეგი წარწერა იყო - „Thank you Putin” (მადლობა პუტინს). თუმცა შემდგომ იტალიურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მადლიერების გამომხატველი ვიდეოების ჩაწერაში ზოგიერთს 200 ევრო გადაუხადეს.

ევროკავშირის დეზინფორმაციის მონიტორინგის სამსახურის - EUvsDisinfo-ს მიხედვით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი ყალბი ნარატივები ვრცელდება:

ევროკავშირმა კრიზისთან გამკლავება ვერ შეძლო და ევროკავშირი ევროპისათვის უბედურებაა;

ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებისთვის, მაგალითად - იტალიის - დახმარებისთვის მზად არ არის, ამიტომ ისინი სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღებაზე არიან დამოკიდებულნი;

ბრიუსელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიატოვა და მათ გადასარჩენად ჩინეთი მოდის;

შენგენის ზონა აღარ არსებობს.

აღნიშნული ნარატივები საქართველოში პრორუსული პროპაგანდით დაკავებულმა ონლაინმედიებმა გაავრცელეს, მაგალითად:

იტალიელები ევროკავშირის დროშებს ხსნიან და პუტინს მადლობას უხდიან;

„ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა“;

იტალიაში ხალხს კორონავირუსი არ ხოცავს, არამედ ის ევროკავშირის მიერ არის დასჯილი;

ევროკავშირი იტალიას არ ეხმარება, არამედ მას ჩინეთი და რუსეთი ეხმარებიან.

რუსეთის მიზანს, ამ შემთხვევაშიც, დასავლეთის დისკრედიტაცია წარმოადგენს. თუმცა, მას შესაძლოა, შიდა პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდეს. საგარეო ასპარეზზე რუსეთის ძლევამოსილებისა და დიდსულოვნების წარმოჩენა, თავად რუსეთში, კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა რიცხვის ზრდიდან ყურადღების გადატანასაც ემსახურებოდა. რომის ლუისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი რაფაელე მარჩეტი, კორონავირუსის ფონზე რუსეთის გააქტიურებაზე საუბრისას აღნიშნავს: „სხვა ქვეყანაში დახმარების გაგზავნა გლობალური იერარქიის შეცვლისთვის გამოიყენება. დახმარების გაგზავნა ქმნის იერარქიას - თუ ქვეყანა დახმარებას ღებულობს, მაშინ ის უფრო სუსტი ჩანს და თავს ვერ ართმევს“.

რუსული დახმარების მიღებასთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმების მიღწევას რამდენიმე პარტია იბრალებს: იტალიის სამთავრობო კოალიციის წევრი ანტიისტაბლიშმენტური პარტია - „5 ვარსკვლავის მოძრაობა“; ასევე გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია - „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლის მიხედვითაც მათ იტალიური პროკრემლინური „ლიგის პარტია“ დაუკავშირდა.

იტალიაში მოსახლეობის ნაწილი რუსეთის დახმარებას „ტროას ცხენად აფასებს“ და 15 ათასზე მეტი ხელმომწერი მთავრობას პეტიციით მიმართავს და შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.

რუსეთის მხრიდან იტალიისთვის სამედიცინო დახმარების გადაცემის შემდეგ, მალევე, მედიაში მისი რეალური ღირებულების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია.

POLITICO თავად რუსული დახმარების ღირებულებას ეჭვქვეშ აყენებს. რუსეთმა იტალიას 300 ათასი პირბადე გადასცა, როდესაც გერმანიამ და საფრანგეთმა - თითოეულმა 2-2 მილიონი; ბერგამოს საველე ჰოსპიტალის, სადაც რუსული სამედიცინო პერსონალი მუშაობს, 80% ცარიელია (იტალიას სამედიცინო პერსონალით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც დაეხმარნენ); როგორც იტალიური გამოცემა „La Stampa” იუწყება, რუსეთის მიერ იტალიაში გაგზავნილი დახმარების 80% გამოუსადეგარია. აღნიშნულის დადასტურება ან უარყოფა რთულია, თუმცა როგორც ზემოთ აღნიშნული წყაროები იუწყებიან, დახმარება უმეტესად სადეზინფექციო საშუალებებისგან შედგებოდა, რისი დეფიციტიც იტალიას არ ჰქონია, ხოლო მეტად საჭირო მოწყობილობები, რუსეთის დახმარებაში მცირე რაოდენობით იყო.

იტალიურ მედიაში სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული მისიის რეალური მიზანი დაზვერვის მონაცემების შეგროვებაა. თუმცა ლუისის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, მხოლოდ სამედიცინო პრაქტიკების შესახებ ინფორმაციისა და ექიმების პანდემიისთვის გაწვრთნა მოახერხეს, ხოლო სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისგან რუსეთის პერსონალი შორსაა.

ბუნებრივია, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების მოსახსნელად, კრემლისთვის ევროპაში მეგობრების შეძენა მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, იტალიისთვის დახმარების გადაცემა ამ მიზანსაც ემსახურება. აღნიშნულზე იტალიის მედიაში ღიად დაიწყო საუბარი და, თუ რის სანაცვლოდ გააგზავნა რუსეთმა დახმარება, გარკვეული კითხვებიც გაჩნდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სანქციების მოხსნაში რუსეთის მხარდაჭერა შეთანხმების ნაწილი არ არის.

თეგები: