იტვირთება

17 აპრილს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, Facebook-ზე საქართველოში COVID-19-ის სამკურნალოდ „პლაქვენილის“ გამოყენებას გამოეხმაურა: „თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი, რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, „პლაქვენილის“ დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი. „პლაქვენილს“ აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო“.

ქართული პროტოკოლის თანაავტორმა და კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ 20 აპრილს განაცხადა, რომ ზურაბ გურულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ფაქტობრივი ტყუილი“ იყო. 21 აპრილს კი სპეციალური ბრიფინგი გამართა: „პროტოკოლში პირიქით, გამუქებულად წერია, რომ „პლაქვენილი“ არ უნდა დაენიშნოთ უსიმპტომო, არამედ - საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებული სიმძიმის ავადმყოფებს. მასში წერია, რომ ის საპროფილაქტიკოდ კატეგორიულად არ უნდა იყოს გამოყენებული“. მისივე განმარტებით, მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტს შესაძლოა ექიმმა „პლაქვენილი“ დაუნიშნოს, მაგრამ სრულიად უსიმპტომოს - გამორიცხულია. COVID-19-ის წინააღმდეგ პლაქვენილის გამოყენებაზე „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა.

მტკიცება, რომ „პლაქვენილი“ საპროფილაქტიკოდ ან უსიმპტომო პაციენტებში ინიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება. COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლის მიხედვით, უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით („პლაქვენილით“) მკურნალობას არ საჭიროებენ. პროტოკოლში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ გამოყენება, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ, შესაძლოა, პირის ჯანმრთელობას, სერიოზული ზიანი მიაყენოს.

მოგვიანებით, ზურაბ გურულმა თავისი პოსტი განმარტა: „დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც, ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა, რომ „პლაქვენილს“ იღებდა სამკურნალოდ". ამასთან, ზურაბ გურულმა „ღამის მთავარის“ პირდაპირ ეთერში დააზუსტა, რომ ის მსუბუქი სიმპტომების მქონე, კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომო პაციენტებს გულისხმობდა, „ეს იყო უბრალოდ სემანტიკური კამათი. ამ შემთხვევაში იქ [მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში] არ იყო მარტო უსიმპტომო მითითებული, ასევე საუბარი იყო მცირე სიმპტომებზე. როდესაც 37 სიცხე აქვს ადამიანს, სხვა მეტი პრობლემა არ აქვს და მისი კომპიუტერული ტომოგრამა ნორმალურია, ეს არის კლინიკურად უსიმპტომო. თუ გადავიტანთ ამას სამედიცინო სემანტიკაში, შეიძლება ამაზე კამათი“.

პროტოკოლის მიხედვით, „პლაქვენილი“ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ინიშნება. ამავე პროტოკოლით, მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებში შესაძლოა, გამოიყენონ „პლაქვენილი“, თუმცა მკურნალობის საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.

„ცნობილი“ პაციენტი კი, ვისზეც ზურაბ გურულმა თავის განცხადებაში მიუთითა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა, რომელიც უსიმპტომო არ იყო და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ზურაბ გურულმა ნამდვილად მიიღო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების „პლაქვენილით“ მკურნალობის შესახებ. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოში კარანტინში მყოფ პირებს არ მკურნალობენ. პროტოკოლში ხაზგასმით წერია, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი („პლაქვენილი“) გამოიყენება მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით“.

პროტოკოლში ასევე განმარტებულია ჰიდროქსიქლოროქინის („პლაქვენილის“) გვერდითი მოვლენები, რის გამოც მედიკამენტი არამიზნობრივად არ უნდა გამოიყენონ.


მსგავსი სიახლეები

3073 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი