პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძის განცხადებით: „დღეს ნომერ პირველი პრობლემა, ქვეყანაში ისევ და ისევ არის დიაგნოსტიკა, სწრაფი დიაგნოსტიკა, სწრაფი ტესტირება. საერთაშორისო მაჩვენებლებიც ცხადყოფს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ლამის ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით დიაგნოსტიკის და ტესტირების რაოდენობით. გვისწრებს სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ა.შ.“.

ფართომასშტაბიანი ტესტირება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად შეიძლება განვიხილოთ. ტესტირებით ინფიცირებულების დროული გამოვლენა, იზოლირება და დროული მკურნალობაა შესაძლებელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ჯანდაცვის სპეციალისტების დიდი ნაწილი და რიგი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფართომასშტაბიანი გამოკვლევის, ე.წ. აგრესიული ტესტირების გარეშე, პანდემიის შეჩერება შეუძლებელია. საყურადღებოა, სამხრეთ კორეის მაგალითი, რომელმაც ფართომასშტაბიანი ტესტირებით ეპიდემიის მართვა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გლობალურად, საქართველო ახალ კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად განიხილება. თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ქვეყანა უკვე ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა (ანუ როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია) და ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. Worldometers-ის მონაცემებით, საქართველოში, ერთ მილიონ ადამიანზე 820 ტესტირებაა ჩატარებული, რაც გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ცხრილი 1: ერთ მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა - ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

მაღალი გავრცელების ქვეყნები

ტესტების რაოდენობა

(1 მლნ ადამიანზე)

პოსტსაბჭოთა ქვეყნები

ტესტების რაოდენობა

(1 მლნ ადამიანზე)

აშშ

8,557

ესტონეთი

22,878

ესპანეთი

7,593

ლიტვა

14,955

იტალია

16,708

ლატვია

14,958

საფრანგეთი

5,114

საქართველო

820

გერმანია

15,730

სომხეთი

2,418

დიდიბრიტანეთი

5,200

აზერბაიჯანი

6,576

ირანი

3,136

უკრაინა

693

თურქეთი

4,459

ბელარუსი

6,773

ბელგია

8,814

მოლდოვა

1,555

შვეიცარია

22,393

ყაზახეთი

3,691

ნიდერლანდები

5,926

ყირგიზეთი

1,474

კანადა

11,186

უზბეკეთი

2,091

ბრაზილია

296

პორტუგალია

16,046

ავსტრია

16,086

რუსეთი

8,223

ისრაელი

13,557

სამხრეთკორეა

10,038

შვედეთი

5,416

წყარო: worldometers.info; 13 აპრილის მონაცემები

COVID-19-ის დიაგნოსტირება ხდება: ლაბორატორიული კვლევით - პჯრ/PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ან/და სწრაფი ტესტით, რომლითაც ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრა ხდება. საქართველოში COVID-19-ის დიაგნოსტირება ძირითადად პჯრ (PCR) მეთოდით ხორციელდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, „შედარებითი ანალიზი, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს ჩატარებული ტესტების რაოდენობით ჩამოუვარდება, სწორი არ არის. ეს მონაცემები, არ არის პჯრ ტექნოლოგიით, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაზე ანუ იქ არის ძირითადად გამოკვლეული ადამიანები სწრაფი მეთოდით, ანტიგენზე ან უფრო ხშირად ანტისხეულებზე დამყარებული ტესტებით“ მან ასევე აღნიშნა: „მთავარი ჩვენთვის არის, რომ არ იყოს ადამიანი ქვეყანაში, ვისაც ჩვენი ალგორითმით ტესტის ჩატარება სჭირდება და მას ტესტი არ ჩაუტარდეს. აქამდე ასეთი არ ყოფილა“.

ტესტირების ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც 1 აპრილს დამტკიცდა, COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება უკვე დაიწყეს. თუმცა, ძირითადი სტანდარტი კვლავ პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება იქნება.

ახალი ალგორითმით ტესტირება უტარდება:

  • თვითიზოლაციაში ან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინო სივრცეებში მყოფ პირებს, რომლებიც ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ და COVID-19-სთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები გამოუვლინდათ;
  • სიმპტომურ პაციენტებს, მაღალი რისკის ზონებიდან;
  • პირებს სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან;
  • ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, ვისაც COVID-19-ის ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, მაღალი რისკის ჯგუფები განისაზღვრა, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ესენია: მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკების მედპერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

დაგვიანდა თუ არა ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა?

ჯერ კიდევ, 17 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“. მოგვიანებით, 23 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სწრაფი ტესტები 24 მარტს შემოვიდოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჩინეთიდან საჩუქრის სახით 24 მარტს, 1 000 ერთეული ე.წ. დაჩქარებული პჯრ ტესტი მიიღო. 27 მარტს კი ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება COVID-19-ის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე, ტესტების საეჭვო ხარისხის გამო, გაუქმდა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ 21 მარტს გამოცხადდა. 22 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა დადასტურდა, რის შემდეგაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. 28 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში სწრაფი ტესტები არ იყო და დიაგნოსტირებაც, მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეებს უტარდებოდათ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი პერიოდულად აცხადებდა, რომ სწრაფი ტესტები პანაცეა არ იყო და ის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულირების საგანი იყო.

1 აპრილიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა და სწრაფი ტესტების გამოყენებაც ეტაპობრივად დაიწყო. 14 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „აქტიური ტესტირება და ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია კოვიდ-19-თან ბრძოლაში. ამის საუკეთესო მაგალითია სამხრეთ კორეა და შემდგომ გერმანია, ისინი დიაგნოსტირებას ახორციელებენ პჯრ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტებით. საქართველოში ალგორითმი უკვე შეცვლილია. მარაგები როგორ პჯრ-ის, ასევე სწრაფი ტესტების, ყოველდღიურად ივსება“. მისივე განმარტებით, ტესტირების გაფართოება იგეგმება.

იმის მიუხედავად, თუ რა მეთოდით ხდება დიაგნოსტირება, ფაქტია, რომ საქართველო დიაგნოსტირებულთა რაოდენობით, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ ტესტირების ალგორითმი მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას ამ ეტაპზეც არ ითვალისწინებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია