ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მოქალაქეები საკვები პროდუქტების მომარაგებას ცდილობენ. შექმნილმა მდგომარეობამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა, არის თუ არა საქართველოში სურსათის საკმარისი რაოდენობა. პური პირველადი მოხმარების მნიშვნელოვანი პროდუქტია. ჩვენ შევეცადეთ, საქართველოში ხორბლის მარაგებთან დაკავშირებული სიტუაცია გაგვერკვია.

2018 წელს საქართველოში ხორბალი 43.6 ათას ჰექტარზე იყო დათესილი. ხორბლის მოსავალმა 107.1 ათასი ტონა შეადგინა, საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 2.5 ტონა იყო.

ცხრილი 1: ხორბლის მოსავლიანობა და ნათესი ფართობი 2015-2018 წლებში

წელი

2015

2016

2017

2018

ხორბლის ნათესი ფართობი (ათასი ჰა)

49.3

50.1

44.8

43.6

ხორბლის წარმოება (ათასი ტ)

125.6

126.6

97.9

107.1

ხორბლის საშუალო მოსავლიანობა (ტ/ჰა)

2.6

2.6

2.2

2.5

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ხორბლის მოხმარებამ 796 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, სასურსათო მოხმარება 642 ათასი ტონა იყო. მთლიანად მოხმარებული ხორბლიდან ადგილობრივი წარმოება 107 ათასი ტონაა, იმპორტირებული კი - 643 ათასი ტონა. შესაბამისად, 2018 წლის მონაცემით, საქართველოს მიერ მოხმარებული ხორბლის 81% იმპორტირებულია და მხოლოდ 13% არის ადგილობრივი წარმოება (6% წლის დასაწყისში არსებული მარაგი).

ცხრილი 2: ხორბლის ბალანსი*

*ხორბლისგან მიღებული პროდუქტები ხორბალზე გადაანგარიშებით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ხორბლის სასურსათო მოხმარებამ 642 ათასი ტონა შეადგინა. ამ მონაცემზე დაყრდნობით, მთლიანად საქართველოში სასურსათო ხორბლის საშუალო თვიური მოხმარება 53 500 ტონაა.

ჩვენ საქართველოში არსებული ხორბლის მარაგის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან სილაგავას ვთხოვეთ. მისი განცხადებით, საქართველოს ამჟამად 75 - 80 ათასი ტონა ხორბლის მარაგი აქვს, რაც სულ მცირე 1.5 თვისთვის არის საკმარისი (სტატისტიკის მიხედვითაც, საქართველო 1.5 თვის განმავლობაში დაახლოებით 80 ათასი ტონა ხორბალს მოიხმარს). გარდა ამისა, ხორბლით დატვირთული გემები ფოთსა და ბათუმში იცლება. მისივე ინფორმაციით, ბიზნესი ერთდღიანი მარაგებით არ მუშაობს, სულ მცირე, წინასწარ ერთი თვის მარაგს მაინც აკეთებენ. „თან ბიზნესს გათვლა ჰქონდა ტურიზმზე, ხალხმრავალ ღონისძიებებზე. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტურისტები აღარ არის, ხალხმრავალი ღონისძიებებიც შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მოსახლეობაზე გათვლილ მარაგს აღნიშნული მარაგიც ემატება. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

საქართველოსთვის საჭირო ხორბლის უდიდესი ნაწილი (ყოველწლიურად საშუალოდ 85%-90%) იმპორტირებულია. 2017-2018 წლებში ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობა) 15%-ს არ აღემატება. 2018 წელს 576 751 ტონა ხორბალი იყო იმპორტირებული, რაც თანხობრივად 114.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა.

ცხრილი 3: ხორბლის იმპორტი 2015-2018 წლებში

წელი

2015

2016

2017

2018

ხორბალი (ათასი აშშ დოლარი)

119 352.4

86 061.5

98 175.0

114 903.7

ხორბალი (ტონა)

538 941.7

456 269.3

514 874.2

576 751.2

ხორბლის (ტ) საშუალო ფასი

221 აშშ დოლარი

188 აშშ დოლარი

191 აშშ დოლარი

199 აშშ დოლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2017 წელს ხორბლის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა, 2018 წელს რუსეთიდან 482 ათასი ტონა ხორბალი იყო იმპორტირებული, ყაზახეთიდან კი - 94 ათასი ტონა, რამაც მთლიანი იმპორტის 16% შეადგინა. წინასწარი მონაცემით, 2019 წლის 6 თვეში სულ 171 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 117 ათასი ტონა რუსეთიდან შემოვიდა, დანარჩენი 54 ათას ტონამდე კი - ყაზახეთიდან.

საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 90% რუსეთზე მოდის. რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც მიიჩნევს, რომ ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების საკითხი მოსაგვარებელია: „ხორბლის იმპორტის მიმართულება ჯერ არ არის დივესიფიცირებული. დიდი წილი რუსეთის ბაზარს უჭირავს. ზოგადად დივერსიფიცირება არის ყველაზე მეტი გარანტი იმისა, რომ არ ვიქნებით მოწყვლადი რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ“.

2019 წლის ივლისში ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი განიხილეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა, ყაზახურ მხარეს ქართულ ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირება უნდა განეხორციელებინა, რაც თითქმის 50%-ით დაწევდა ტარიფებს და საქართველოს ყაზახური ხორბლის შედარებით ხელმისაწვდომ ფასში მიღების საშუალებას მისცემდა. ამ მოლოდინის მიუხედავად, 2019 წელს ყაზახეთიდან სულ დაახლოებით 60 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წელს. ამის მიზეზად, მთავრობამ, ყაზახეთში ხორბლის დაბალი მოსავალი დაასახელდა.

ხორბალი საქართველოში საგზაო ტრანსპორტის (ლარსიდან), რკინიგზის და ზღვის ტრანსპორტით შემოდის. ის ფაქტი, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს, ეს რუსულ ხორბალს საგზაო ტრანსპორტის კუთხით ხორბლის იმპორტიორ სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით კომენტარი ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელ კოკი ოსიპოვს ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, ლარსიდან საქართველოში ნახევრად არალეგალური ხორბალი შემოდის. შესაბამისად, კონკურენციის გაწევა ნახევრად ლეგალურ ხორბლისთვის რთულია და ფასის დისბალანსსაც იწვევს. ფოთის მარცვლეულის ტერმინალს ხორბალი მხოლოდ რკინიგზით და გემით შემოაქვს. კოკი ოსიპოვის ინფორმაციით, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები გაცილებით მეტ რეგულაციას ექვემდებარება, ვიდრე სახმელეთო და ამ მხრივ მაინც უნდა მოხდეს პირობების გათანაბრება. რკინიგზით და ზღვით ტვირთის შეუფერხებლად შემოსატანად მას 14 სახის სხვადასხვა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს, ლარსიდან კი ზოგჯერ ხორბალი ლამის ჩრდილოეთ კავკასიის რომელიღაც სოფელში გაცემული საბუთით შემოდის. კოკი ოსიპოვის აზრით, ყველა ტვირთის ერთნაირ პირობებში ჩაყენება უფრო კონკურენტულ გარემოს შექმნის, რაც ხორბლის ფასსაც დაარეგულირებს და უფრო ადვილი იქნება ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირება. მისივე ინფორმაციით, ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა მარაგების შექმნასაც აფერხებს. მანქანები რომ შემოდიან, შემოაქვთ მხოლოდ ის მოცულობა, რაც მოკლევადიანი მოხმარებისთვის არის საჭირო და ეს კი, მარაგების შესაქმნელად საკმარისი არ არის.

კოკი ოსიპოვმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მცირე მანძილის გამო, რუსეთიდან საქართველოში საავტომობილო გზით შემოსული ტვირთისთვის ფუმინგაცია (ტვირთის დეზინფექცია) საზღვაო და სარკინიგზო ტვირთებისგან განსხვავებით, სავალდებულო არ არის, და სახმელეთო გადამზიდავებს არც ამ ხარჯის გაწევა უწევთ. შესაბამისად, ლარსიდან შემოსული ხორბალი ნაკლებად არის დაცული და უფრო დიდი რისკია, რომ ხორბალი მღრღნელებით და მავნებლებით იყოს ინფიცირებული.

საავტომობილო გზით ხორბლის შემოტანის აკრძალვის მცდელობა საქართველოს მთავრობას 2018 წელს ჰქონდა, როდესაც ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტს უნდა მინიჭებოდათ. სხვა გზით ხორბლის შემოტანა კი, უნდა აკრძალულიყო. ბრძანების საფუძვლად ფინანსთა მინისტრი ლარსის საბაჟოზე წარმოქმნილ რიგებს ასახელებდა, რაც თავის მხრივ, ტურისტულ ნაკადებს აფერხებდა. ფინანსთა მინისტრი ასევე ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება ეკონომიკაში დისონანსს არ შემოიტანდა და არც ხორბლის გაძვირებას გამოიწვევდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იმავე ზაფხულს, ტრაილერების მძღოლების დიდი პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე წავიდა და ავტომობილებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა, თუმცა მოგვიანებით, 2019 წლის ზაფხულში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საავტომობილო გზებით აკრძალვა შეჩერებულია და მისი ამოქმედება არ იგეგმება.

საავტომობილო გზით ხორბლის შემოტანის აკრძალვას ჰყავდა როგორც მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეები. მხარდამჭერების არგუმენტებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე ხორბლით დატვირთული ტრაილერების რიგების გამო, საქართველო ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს; ხორბლის მარაგის გაკეთება არ ხდება, რადგან ტრაილერებს მხოლოდ მცირე პერიოდისთვის საკმარისი ხორბალი შემოაქვთ; ხორბლის ხარისხის მონიტორინგი გაძნელებულია; რუსეთიდან მანქანებით შემოსული ხორბლის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე გემით და რკინიგზით და აქედან გამოდინარე, ხორბლის იმპორტის (სხვა ქვეყნებიდან) დივერსიფიცირების პროცესი ფერხდება. ცვლილების მოწინააღმდეგეთა აზრით კი, გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს იყო მორგებული და ბაზარზე საავტომობილო გადამზიდავების არდაშვება თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. მოწინააღმდეგეებისვე აზრით, მსხვილ შემომტანებს ხორბალი გემითა და რკინიგზით შემოაქვთ, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ტრაილერებით შემოტანილი ხორბალი. წვრილი შემომტანები და ტრაილერების მძღოლები მათთვის ბოლო წლებში დიდ თავსატეხად იქცნენ, რადგან ხორბალი რუსეთიდან შედარებით იაფად შემოაქვთ და მსხვილ მწარმოებლებს კონკურენციას უწევენ. თუ რამდენიმე წლის წინ ლარსის გავლით ხორბლით დატვირთული სულ რამდენიმე­ ტრაილერი შემოდიოდა, ბოლო დროს ხორბლის მთლიან იმპორტში მათი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ მსხვილი იმპორტიორების ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებს უცნაურად დაემთხვა.

როგორც ვხედავთ, საავტომობილო გზით ხორბლის შემოტანის აკრძალვასთან დაკავშირებით კითხვები მაშინაც არსებობდა და ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ხორბლის ბაზარზე არსებული ყველა ბიზნესსუბიექტისთვის თანაბარი პირობები უნდა არსებობდეს, ამის უზრუნველყოფა კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.

ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა განსაკუთრებით კორონავირუსით შექმნილი პანდემიის ფონზე გამოიკვეთა. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის დივერსიფიცირებული იმპორტი გვქონდეს, რათა ხორბლის მოწოდების დეფიციტის რისკი თავიდან ავიცილოთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასაიმედო სავაჭრო პარტნიორზე, როგორიც რუსეთია და რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, რუსეთმა (სავაჭრო შეზღუდვები ბევრმა ქვეყანამ დააწესა. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრმა ქვეყნებმა (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) რიგი პროდუქტების, მათ შორის დაღერღილი ხორბლის ექსპორტი აკრძალა) ხორბალზე გარკვეული შეზღუდვები შემოიღო: ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კვოტირება - ლიმიტი დააწესა. თუმცა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთში ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და კვოტირების შემთხვევაშიც, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა არ შეფერხდება. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ხორბლის სხვა ალტერნატიულ წყაროებზეც არსებობს წვდომა. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის, შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ფაქტ-მეტრი“ ხორბლით მომარაგების საკითხს თვალს მიადევნებს და სიახლეებს მკითხველს გააცნობს.

თეგები: