იტვირთება

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. იმ გეგმებისა თუ შეთავაზებების რაოდენობამაც მოიმატა, რომლებსაც კრიზისის გავლენის შესარბილებლად პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა დაინტერესებული პირები (კვლევითი ინსტიტუტები, ცალკეული ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები) საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ. მთავრობას ოპტიმალური მიდგომების შერჩევა მოუწევს. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი გამოწვევა, სწორედ, ეს არჩევანია. ბუნებრივია, რამდენად ადეკვატური იქნება პასუხი, იმდენად რბილად გამოვა ქვეყანა კრიზისული პერიოდიდან. მოცემული სტატიის მიზანს „კიდევ ერთი გეგმის“ შეთავაზება არ წარმოადგენს და ის არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე მთავრობის პასუხს მიმოიხილავს.

მოცემულ ვითარებაში ხელისუფლებას პირობითად სამი მნიშვნელოვანი მიზანი უნდა ჰქონდეს.

1. ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდე შეამციროს. პანდემიასთან ბრძოლის ფაქტობრივად ყველაზე მთავარი გზა, რასაც ჯანდაცვის სექტორი ამ ეტაპზე გვთავაზობს, სოციალური დისტანცირებაა. მსოფლიოში ყველა ქვეყანა აღნიშნულის მიღწევას გარკვეული შეზღუდვების დაწესებით (საზღვრების ჩაკეტვა, შიდა გადაადგილების აკრძალვა, კომერციული ობიექტების მუშაობის შეჩერება) ცდილობს. თუმცა შეზღუდვების სიმკაცრე განსხვავებულია, შესაბამისად, განსხვავებულია ის მოკლევადიანი[1] ზიანიც, რომელსაც ეკონომიკა იღებს - რაც ნაკლებია შეზღუდვა, მით ნაკლებია ზიანი და პირიქით.

საქართველოს ხელისუფლებამ მოცემული მიმართულებით საკმაოდ შემზღუდავი მიდგომა აირჩია. მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, რომ ეკონომიკასა და ინფიცირების გავრცელების შემზღუდავ ქმედებებს შორის ბალანსი უნდა იქნას დაცული, მიღებული გადაწყვეტილებებიდან იკითხება, რომ პრიორიტეტი, ნებისმიერ ეკონომიკურ ფასად[2], ეპიდემიის მასშტაბის მინიმუმზე შენარჩუნებაა. მკაცრი რეგულაციის პირობებშიც გონივრული ზღვარი არსებობს, რომლის გადაბიჯების ეკონომიკური ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მიღებული ზღვრული ეპიდემიოლოგიური შედეგი. ხელისუფლებამ აკრძალა ისეთი ეკონომიკური აქტივობებიც კი, რომლებიც მომეტებული რისკის მატარებელი არ არის. ასეთ მაგალითად არასასურსათო პროდუქციით ონლაინვაჭრობა შეიძლება მივიჩნიოთ. რეალიზაციის მსგავსი ფორმით განხორციელებისას რისკი მინიმალურია[3] და ამ ფონზე რითეილის სექტორი ეკონომიკური აქტივობის, შესაბამისად, დასაქმების ნაწილობრივ შენარჩუნებას შეძლებდა. ზედმეტად მკაცრმა რეგულაციამ კი (თანაზომადი შედეგის მიღების გარეშე) შეაჩერა ის ეკონომიკური აქტივობაც, რომლის შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო. აღნიშნული შეცდომა ფაქტობრივად აღიარა ხელისუფლებამ, როდესაც ონლაინვაჭრობაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა გარკვეული პირობებით.

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ზედმეტად უხეში და ნაჩქარევი რეგულაციების დაწესება ეკონომიკას ზიანს აყენებს, რისი აცილებაც, თუნდაც კონსერვატიული მიდგომის პირობებში, ეპიდემიური რისკის ზრდის გარეშე შესაძლებელია.

2.სოციალური დახმარება იმ პირთათვის უზრუნველყოს, რომელთაც დაწესებული შეზღუდვების პირობებში, შემოსავლები შეუმცირდა ან შეუწყდა. ანტიპანდემიური პოლიტიკის ეკონომიკური ფასი (რაზეც ზემოთ იყო საუბარი), მოქალაქეთათვის დაკარგულ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ შემოსავლებს ნიშნავს. შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობის პირობებში ბიზნესის უდიდესი ნაწილი შესაძლებლობას მოკლებულია, დასაქმებული პირებისათვის ხელფასის სრულად ან უარეს შემთხვევაში საერთოდ გადახდა განაგრძოს (თუნდაც მოკლევადიან პერიოდში). რთულდება თვითდასაქმებულთა[4] მდგომარეობაც, რომელთა შემოსავლები ყოველდღიური აქტივობიდან ყალიბდებოდა (ბაზრის მოვაჭრეები, ხელოსნები).

მიმდინარე შემოსავლის შემცირების ან დაკარგვის პირობებში, ყოველდღიური მოხმარება, დანაზოგის ხარჯზე უნდა დაბალანსდეს, თუმცა, შემოსავლების დაბალი დონიდან გამომდინარე, მსგავსი დანაზოგი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გააჩნია. შესაბამისად, დღის წესრიგში სახელმწიფოს მხრიდან მათი დახმარების აუცილებლობა ნამდვილად დგება, რათა მოხმარების მინიმალური დონე და მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების მომსახურების შესაძლებლობა იქნეს შენარჩუნებული. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო სახსრები შეზღუდულია, შესაბამისად, მოცემული სოციალური დახმარება, მიზანშეწონილია, საყოველთაო ხასიათს არ ატარებდეს. ბენეფიციართა წრე შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს იმ პირებით, ვის შემოსავლებსაც მიმდინარე პროცესები[5] პირდაპირ შეეხო.

მოცემული მიმართულებით რეაგირების მექანიზმებიდან ცნობილია, რომ მიმდინარე ვალდებულებების გადავადების შესახებ კომერციულ ბანკებთან ერთგვარი შეთანხმება[6] შედგა, რაც მოქალაქეებს ფინანსური ნაკადების მოწესრიგებისათვის (ხარჯების ოპტიმიზება, დამატებითი რესურსების მოძიება) დროსა და შესაძლებლობას მისცემს. უშუალოდ ხელისუფლების პირდაპირი რეაგირების თვალსაზრისითაც მიღებულია გადაწყვეტილება - აბონენტთა ნაწილის მიმდინარე კომუნალური გადასახადები, მარტი-მაისის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება, რითაც მოქალაქეთა ხარჯები პირდაპირ შემცირდება და მიმდინარე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გარკვეული სახსრები გამოთავისუფლდება. ელექტროენერგიის შემთხვევაში, საბიუჯეტო ხარჯი, საშუალოდ თვეზე 17 მლნ ლარს, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ჯამში 27 მლნ-მდე ლარს შეადგენს.

რეაგირების ადეკვატურობის თვალსაზრისით, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის იმ პირთა წრე ზუსტად არ გამოკვეთილა, ვისაც მიმდინარე პროცესების შედეგად არსებითი ფინანსური პრობლემები აქვს. შესაბამისად, შუალედური გადაწყვეტილების სახით ქმედება მისაღებია, მით უმეტეს, მაშინ, როცა საყოველთაობის პრინციპი მოხმარებაზე ზედა ზღვრის[7] დაწესებით, შეიზღუდა. მიიჩნევა, რომ დაბალშემოსავლიანი მოქალაქე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შეღავათმა მიზნობრიობა შეიძინა და საბიუჯეტო სახსრები ნაწილობრივ დაიზოგა, რაც მისასალმებელია.

გარდა განხილულისა, ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან დამატებითი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. განიხილება საგაზაფხულო სამუშაოებისათვის ხვნა-თესვის ვაუჩერის გაცემის საკითხი, თუმცა, აღნიშნული ინიციატივის მოტივაცია გაუგებარია. ერთი მხრივ, მსგავსი დახმარება არაეფექტიანია, ვინაიდან შეუძლებელია იმ ბენეფიციართა იდენტიფიცირება, ვისთვისაც დასახელებული დახმარება ნამდვილად საჭიროა. მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის სექტორი არის დარგი, რომელიც პანდემიის პირობებში, სხვა სექტორებთან შედარებით, ნაკლებად ზარალდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია ბიუჯეტის შეზღუდული რესურსი უფრო მიზნობრივად იმ მიმართულებით (მაგალითად, მომსახურების სექტორი) იქნას ათვისებული, სადაც მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე გავლენა შედარებით მაღალია.

მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც ეკონომიკური კრიზისის სოციალური შედეგები უფრო ნათელი გახდება, ხელისუფლება მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სოციალური დახმარების მიზნობრიობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, შემოსავლებზე გავლენის შეფასების ერთ-ერთ გზად მოქალაქის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის დინამიკა შეიძლება იქნას გამოყენებული. ალგორითმი მოცემულ შემთხვევაში მარტივია - პირის შემოსავლების შემცირება პირდაპირ აისახება მის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შემცირებაში, რაც სოციალური მდგომარეობის გაუარესების დასტურს და დახმარებისათვის საფუძველს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში სოციალური პოლიტიკის მოცვის არეალის მიღმა მოქალაქეთა ნაწილი დარჩება, რომელიც შემოსავალს არაოფიციალურად იღებდა. ამ პირთა წრის მოცვა, დახმარების გარკვეული საყოველთაობის პრინციპის გარეშე, სახელმწიფოს გაუჭირდება. თუმცა, სამართლიანობის გადმოსახედიდან გარკვეულ დილემას წარმოადგენს, თუ რამდენად უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ამ პირთა არაოფიციალური შემოსავლების კომპენსირებაზე. ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების შემთხვევაში კეთილსინდისიერი გადამხდელი ფაქტობრივად იმ სახსრების ნაწილს იბრუნებს, რაც წინა პერიოდებში სახელმწიფოს თავად გადაუხადა. არაოფიციალურად დასაქმებული პირი კი კრიზისამდე შემოსავალს გადასახადის გადახდის გარეშე სრულად განკარგავდა, ამ შემოსავლის დაკარგვის პირობებში კი, სხვა მოქალაქეთა ხარჯზე მიიღებს კომპენსაციას.

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, სოციალური დახმარების ნაწილში გადადგმული ნაბიჯი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შესახებ, ადეკვატური და მისაღებია, თუმცა, ხვნა-თესვის ვაუჩერების შესაძლო გაცემა პანდემიაზე რეაგირების პოლიტიკის ფარგლებში, მიზნობრიობას აცდენილი გაუმართლებელი ინიციატივაა.

3.კერძო სექტორს კრიზისის უარყოფითი შედეგების შერბილებაში დაეხმაროს. პანდემიის უარყოფით გავლენაზე რეაგირების ეკონომიკური ნაწილი, თავის მხრივ, შესაძლებელია, პირობითად მიმდინარე და პოსტ-კრიზისულ აქტივობებად დაიყოს. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ზოგადად სახელმწიფოს როლზე შესაძლებელია განსხვავებული, მათ შორის რადიკალური (სრული ჩაურევლობიდან აქტიურ ჩარევამდე), მიდგომები არსებობდეს. თუმცა, პრაქტიკაში სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში ის მოცემულობაა, რომელიც დროის მოკლევადიან და, სავარაუდოდ, ვერც გრძელვადიან პერიოდში ვერ შეიცვლება. შესაბამისად, მხოლოდ ჩარევის სწორ ან არასწორ გზაზე და მასშტაბზეა მსჯელობა შესაძლებელი.

მოცემულ ვითარებაში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან უკვე ცნობილია, რომ პანდემიის შედეგად საწყის ეტაპზევე დაზარალებული ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ კომპანიებს საშემოსავლო და ქონების გადასახადები 1 ნოემბრამდე გადაუვადდებათ. დამატებით, 4-50 ნომრიან სასტუმროებს, სესხის პროცენტი 6 თვის განმავლობაში დაუფინანსდებათ და ზედმეტობით გადახდილი დღგ დაგეგმილი 600 მილიონის ნაცვლად, ბიზნესს 1.2 მილიარდის მოცულობით დაუბრუნდება.

შეზღუდვები მძიმედ შეეხო არა მარტო ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სექტორებს, არამედ თითქმის ყველა სხვა ეკონომიკურ აქტივობასაც. სხვა სექტორებთან მიმართებაში კი მთავრობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გაცხადებულა. პრემიერ გახარიას განცხადებიდან ცნობილია, რომ ეკონომიკის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 2 მლრდ ლარამდე დაიხარჯება, თუმცა, უშუალოდ რა გზებით, ამ ეტაპზე უცნობია. იკითხება, რომ ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია, რაც ერთი მხრივ, შესაძლებელია საგარეო დახმარებისა და გამოსაყოფი საგარეო საკრედიტო რესურსის საბოლოო მოცულობაზე ინფორმაციის დაზუსტების საჭიროებით იყოს გამოწვეული, მეორე მხრივ, კი - იმ სექტორების იდენტიფიცირებით, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარალელურად, ხელისუფლების მხრიდან იმპორტის ჩანაცვლებისა და ადგილობრივად გარკვეული სახის პროდუქციის მწარმოებელი საწარმოების (მაგ. აგარის შაქარი) მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაკეთდა მითითებები, რაც არასწორი მიდგომა და საშიში გზის დასაწყისია[8]. ობიექტურად, შესაძლებელია, კრიზისულ პერიოდში ცალკეულ მაღალ მოთხოვნად პროდუქციაზე (მაგ. სამედიცინო ნაწარმი) შეიქმნას დეფიციტი და ხელისუფლებამ დროებით უზრუნველყოს მისი ადგილობრივად წარმოების დაწყება სხვა მონათესავე სფეროს საწარმოთა პროფილის დროებითი შეცვლით ან წარმოების ორგანიზებით ნებისმიერ „ფასად“, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუმცა, აღნიშნული შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ დროებით ღონისძიებად და მთავრობამ უნდა გაუძლოს საზოგადოებაში პოპულარულ, თუმცა, ეკონომიკურად გაუმართლებელ აქტივობაში[9] ქვეყნის ჩათრევის ცდუნებას. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უსაფრთხოებისა თუ სოციალური მიზნით გადადგმული დროებითი ნაბიჯები და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა.

იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის იდეა არ არის ნოვაცია და ის ეკონომიკის თეორიის თანახმად დადებითი შედეგის მომტანი არ არის. გარდა თეორიისა, წარსულში, პრაქტიკაში დანერგვის შედეგებზე დაყრდნობით დადასტურდა აღნიშნული პოლიტიკის არაეფექტიანობა (აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები). მით უმეტეს, მიუღებელია აღნიშული გზა საქართველოს მსგავსი პატარა ბაზრის მქონე ქვეყნებისათვის, სადაც ადგილობრივი მოხმარება მცირეა იმპორტჩამნაცვლებელი წარმოების ეფექტიან მასშტაბზე გასასვლელად. საექსპორტო პოტენციალი მსგავს საქონელს არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც გაუწევდა კონკურენციას იმპორტულ საქონელს ადგილობრივ ბაზარზე. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, იმპორტჩამნაცვლებელ პოლიტიკას სახელმწიფოს ტვირთად ქცეულ საწარმოებამდე მივყავართ, ბაზარზე მიწოდებული საქონელი კი იმპორტულზე ხარისხით დაბალი და ძვირია. აღნიშნულ შეცდომას ამძიმებს შემდგომი ხელისუფლებების პირობებშიც, მასზე უარის თქმის პოლიტიკურად წამგებიანობა. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სპირალში შედის, საიდანაც თავის დაღწევა რთულია.

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, იმპორტჩამნაცვლებელ ადგილობრივ წარმოებაზე ორიენტირების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გრძელვადიან პერსპექტივაში სახიფათოა და მისი რეალიზება არასწორია. კერძო სექტორში ლიკვიდობის შენარჩუნებისა და მოთხოვნის წახალისების თვალსაზრისით, მიმდინარე ფიქსირებული გადასახადების გადავადება და ზედმეტობით გადახდილი გადასახადების ბიზნესისათვის დაბრუნება კი, მისასალმებელი პრაქტიკაა. ბიუჯეტიდან ეკონომიკის წახალისების მიზნით გასაწევი სხვა ხარჯების შესახებ კი ამ ეტაპზე დეტალები უცნობია, შედეგად, შეფასების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ.

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

----------------------------------------------------------------------------------

[1] გრძელვადიანი ზიანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგამდე მიიყვანს თითოეულ ქვეყანას რეგულირების შედარებით მსუბუქი მიდგომები. თუ ამ მიდგომებს ეპიდემიის ფართო გავრცელება მოჰყვება, საბოლოოდ, ზიანი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე მოკლევადიანი მსუბუქი რეგულირებით მიღებული შეღავათი.

[2] თუმცა მთავრობა გამკაცრებული რეგულაციების აღსრულებას ყველა მიმართულებით ერთნაირი ეფექტიანობით თავს ვერ ართმევს, რაც კონტრპროდუქტიულია - ხელისუფლება ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალის ფონზე, ეპიდემიის მაინც ფართოდ გავრცელებით რისკავს.

[3] საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დისტანციური რეალიზაცია დაშვებულია.

[4] მოცემული სტატიის ფარგლებში, ტერმინი „თვითდასაქმებული“, არ მოიცავს პირებს, რომელთა თვითდასაქმებულად მიჩნევა განპირობებულია საოჯახო მეურნეობაში დასაქმებით და მათი საქმიანობა ფინანსური შემოსავლის მიღებას არ განაპირობებს.

[5] არარელევანტურია სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა დახმარება, ვინაიდან, მათი შემოსავლები სტაბილურია და შეწყვეტა არ ემუქრება.

[6] აღნიშნული მთავრობის მხრიდან პირდაპირ რეაგირებად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს. ერთი მხრივ, კომერციული ბანკების ინტერესში არ არის ვადაგადაცილებული სესხებისა და საკრედიტო ისტორია გაფუჭებულ მსესხებელთა ოდენობის ზრდა, რაც მოსალოდნელი იყო მოქალაქეთა შემცირებული შემოსავლების პირობებში. მეორე მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, რეპუტაციული თვალსაზრისით, სექტორის პრაგმატულ ინტერესს წარმოადგენს.

[7] შეღავათი შეეხება აბონენტებს, რომელთა მოხმარება 200 კვტ/სთ ელექტროენერგიას და 200 კუბ/მ ბუნებრივი აირს არ აღემატება.

[8] კრიზისზე რეაგირების მიზნით მოკლე ვადით არაეფექტური წარმოების დაწყება შესაძლებელია იყოს მიზანშეწონილი (მაგ. პირბადეების დამზადება), თუმცა, მიუღებელია მსგავსი პროექტების შემდგომ პერიოდში შენარჩუნება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლება არაკონკურენტუნარიანი საწარმოების „აღორძინებას“ პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილად მოიაზრებს და არა მხოლოდ კრიზისზე რეაგირების მოკლევადიან ნაბიჯად.

[9] იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა/სახელმწიფო სუბსიდიაზე მომუშავე წამგებიანი საწარმოები.


მსგავსი სიახლეები

3137 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი