იტვირთება

მიმდინარე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მსოფლიოში ეროვნული ვალუტების კურსმა, აშშ დოლართან მიმართებით, გაუფასურების ტენდენცია შეიძინა. ქართული ლარის შემთხვევაში კურსის შემცირება 10 მარტიდან გახდა შესამჩნევი და პიკს 27 მარტს მიაღწია, როცა გაცვლითმა კურსმა 3.48 შეადგინა, შემდეგ დღეებში კი გაცვლითი კურსი 3.28-ის მიდამოებში მერყეობდა. ორკვირიან შუალედში ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონში სამჯერ ჩაერია. 13 მარტს სებ-მა ბაზარს 20 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა, 19 და 25 მარტს კი 40-40 მლნ აშშ დოლარი. მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი 3.18-ის ფარგლებშია.

გრაფიკი 1. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორ ყალიბდება ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით

დოლარი ისეთივე საქონელია, როგორც ნებისმიერი სხვა ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი და მის ფასს (ლარის კურსს) ბაზარზე არსებული მოთხოვნა და მიწოდება აყალიბებს. თუ დოლარის მიწოდება მოთხოვნას აღემატება, ლარი მყარდება, ხოლო, როცა დოლარზე მოთხოვნა მაღალია და მიწოდება ნაკლები, ის ძვირდება, ანუ ლარის კურსი ეცემა. ლარს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება და მას ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს. ეროვნული ბანკი მხოლოდ აღნიშნულ ოფიციალურ გაცვლით კურსს აქვეყნებს და გამონაკლის შემთხვევებში, მოკლევადიანი დისბალანსის თუ პანიკის გავლენის დასაბალანსებლად, ვაჭრობაში ერევა.

ტექნიკურად მოქალაქეები და ბიზნესი შემოსავლებს, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში (გზავნილები, ექსპორტი, ტურიზმი) იღებენ და კომერციულ ბანკებს კონვერტაციისათვის მიმართავენ. მაგალითად, ექსპორტიორი კომპანია მიმართავს ბანკს, ექსპორტიდან მიღებული დოლარი ლარში გადაცვალოს, რათა ხელფასები გასცეს ან გადასახადები გადაიხადოს - ანუ ბაზარზე დოლარის მიწოდებას ზრდის. მეორე მხრივ, იმპორტიორი კომპანია ლარში იღებს შემოსავალს და ასევე მიმართავს ბანკს ანგარიშზე არსებული ლარი დოლარში გადაცვალოს - ანუ ზრდის დოლარზე მოთხოვნას. საქართველოს ათასობით მოქალაქე ყოველდღიურად ანალოგიურად იქცევა. შედეგად, მოქალაქეთა და ბიზნესის ცალკეული გადაწყვეტილებები ვალუტის კონვერტაციაზე, კომერციულ ბანკებში [1] იყრის თავს. კომერციულ ბანკებს ან ზედმეტი დოლარი უჩნდებათ, ან მისი ნაკლებობა აქვთ და გარკვეულ ფასად ერთმანეთს უცხოურ ვალუტას აწვდიან. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაშიორგანიზებული, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ვალუტით ვაჭრობის გარიგებების დადება ხორციელდება. ყველა მონაწილე აქვეყნებს, თუ რა ფასად არის მზად, შეიძინოს და ასევე, გაყიდოს უცხოური ვალუტა. შემდგარი გარიგებების შეწონილი სიდიდე ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს ქმნის. საბოლოო ჯამში, ეროვნული ვალუტის კურსს ბანკების შუამავლობით თითოეული მოქალაქე და ბიზნესსუბიექტი აყალიბებს. როდესაც მოქალაქეები და ბიზნესი დოლარის შესყიდვას (მაშინაც როცა არ სჭირდებათ) პანიკურად იწყებენ, ბანკები იძულებულნი არიან, საკუთარი უცხოური ვალუტის მარაგები შეავსონ და მზად არიან, ერთ ერთეულ დოლარზე უფრო მეტი ლარი გადაიხადონ. შესაბამისად, დოლარი ძვირდება და ლარის კურსი ამ შემთხვევაში ეცემა.

დოლარის შემოდინების წყაროები

როგორც აღვნიშნეთ, სავალუტო ბაზარზე დოლარის მიწოდება და მოთხოვნა მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ ხორციელდება. თავის მხრივ, მათ სურვილს, ვალუტის კონვერტაცია მოახდინონ, ქვეყანაში დოლარის შემოდინებისა და გადინების წყაროები განაპირობებს. როცა ქვეყანაში დიდი ოდენობით ვალუტა შემოდის (მოქალაქეებს და ბიზნესს უჩნდებათ დოლარის დიდი მოცულობა გასაყიდად), ლარი მყარდება და უფასურდება, როცა ქვეყნიდან დოლარის დიდი მოცულობა გაედინება (მოქალაქეებს და ბიზნესს უჩნდებათ დოლარის საჭიროება). საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ძირითადი წყაროებია: ექსპორტი - ექსპორტი მოიცავს, როგორც საქონლის ასევე მომსახურების ექსპორტს. მომსახურების ექსპორტის სახეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - ფულადი ნაკადები, რომლებსაც უცხოელები საქართველოს რეზიდენტ ორგანიზაციებში დებენ. ორგანიზაციის მიმდინარე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ეს სახსრები შემდგომ ლარში კონვერტირდება, რითაც ბიზნესი ბაზარს დოლარს აწვდის; საგარეო ვალი - საგარეო ვალი შეიძლება აიღოს როგორც ბიზნესმა, ასევე ხელისუფლებამ, რის შემდგომაც ის ლარში კონვერტირდება და ბაზარზე საჭირო მომსახურებისა თუ საქონლის შეძენა ხორციელდება. ამ შემთხვევაშიც, ბაზარზე დოლარის მიწოდება იზრდება; ფულადი გზავნილები - უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ გამომუშავებული ფული, რომელსაც ისინი ოჯახის წევრებს უგზავნიან. გზავნილები საქართველოში ვალუტის შემოდინების ასევე მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აღნიშნული ვალუტა, მოქალაქეთა მიერ ლარში კონვერტირდება, რითაც ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდება იზრდება.

რაც შეეხება ქვეყნიდან უცხოური ვალუტის (დოლარის) გადინების წყაროებს, უმთავრესი წილი, ამ შემთხვევაში, საქონლის იმპორტის დაფინანსებაზე მიიმართება. ქვეყანაში, როდესაც უცხოური წარმოების საქონელი შემოდის, მისი ღირებულება უცხოურ ვალუტაში იფარება. ამ მიზნით, იმპორტიორი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს დოლარს და მას უცხოეთში რიცხავს. შედეგად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება. დოლარის გადინება საგარეო ვალის მომსახურებასთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, თუ ახალი ვალის აღება ქვეყანაში დოლარის შემოდინებას განაპირობებს, წარსულში აღებული ვალის ძირისა და პროცენტის დაფარვისათვის, მთავრობა და ბიზნესი საქართველოში დოლარს ყიდულობს და მას უცხოეთში რიცხავს, რაც დოლარზე მოთხოვნას ასევე ზრდის.

გარდა ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, ვალუტის მიწოდებაზე და მოთხოვნაზე მოლოდინები ახდენს გავლენას. კერძოდ, სტანდარტულ პირობებში, სუბიექტი დოლარს მაშინ ყიდულობს და ყიდის, როცა მას ამის საჭიროება უჩნდება. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თუ იქმნება მოლოდინი, რომ დოლარი ხვალიდან გაძვირდება, ადამიანები დოლარის შეძენას დღეს მასიურად იწყებენ და მოლოდინებიდან გამომდინარე, დოლარზე მოთხოვნას ზრდიან. შედეგად, მოლოდინების გავლენით, ლარის კურსი მცირდება (უფასურდება) დღესვე.

სებ-ის როლი კურსის ჩამოყალიბებაში

პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ეროვნული ბანკისგან ხშირად მოითხოვს, რომ ლარის გაუფასურება არ დაუშვას. სინამდვილეში, ეროვნულ ბანკს კურსის უცვლელად შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში, არ შეუძლია. მეორე მხრივ, ეს ეკონომიკისთვის არც არის სასურველი. კურსის ცვლილება ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების შედეგი, მისი გამოხატულებაა და მას თვითმარეგულირებელი ეფექტი აქვს. მარტივად რომ ითქვას, კურსის ვარდნით ეკონომიკა საკუთარ თავს მკურნალობს და ხელოვნურად მისი შეჩერებით გაჯანსაღების პროცესს ხელი ეშლება. კერძოდ, როდესაც ლარი უფასურდება, ქართული ექსპორტი უცხო ქვეყნისათვის იაფდება და საქართველოში იმპორტი ძვირდება, შედეგად, იმპორტის მოცულობა მცირდება და ექსპორტი იზრდება, რითაც დისბალანსი უცხოური ვალუტის მიწოდებაში აღმოიფხვრება და ლარის კურსიც დასტაბილურდება. მეორე მხრივ, თუ ეკონომიკური ფაქტორებით ლარი გაუფასურებული უნდა იყოს (დოლარის მიწოდება ნაკლებია მოთხოვნაზე) და ეროვნული ბანკი გამყარებულ ლარს ხელოვნურად შეინარჩუნებს, ამით ექსპორტი უცხოელებისათვის ძვირდება, იმპორტი კი საქართველოსათვის გაიაფდება. შედეგად, იმპორტი გაიზრდება და ექსპორტი შემცირდება, რითაც დისბალანსი დოლარის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის კიდევ უფრო გაიზრდება, საბოლოოდ კი, ლარის გაუფასურებაზე წნეხი კიდევ უფრო მოიმატებს. აღნიშნული მაგალითიდან ნათლად ჩანს, თუ რატომ არ უნდა შეინარჩუნოს სებმა კურსი ხელოვნურად მაშინაც კი, როცა მას ამის შესაძლებლობა აქვს.

მეორე მხრივ, ცენტრალურ ბანკებს კურსის ხანგრძლივად ხელოვნურად შენარჩუნების საკმარისი შესაძლებლობა არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ, ვინაიდან ეს სარეზერვო ვალუტის დახარჯვას ან შემზღუდავი პოლიტიკის (რეფინანსირების განაკვეთის აწევა) გატარებას მოითხოვს. სავალუტო რეზერვები შეზღუდულია და ხელოვნური კურსის შენარჩუნებისთვის ის საკმარისი არ არის. მარტივად, რომ ითქვას, ერთ დღესაც რეზერვები ამოიწურება. თუმცა, ეს ეროვნული ბანკის სრულ უმოქმედობას არ ნიშნავს. მის ხელთ არსებული რეზერვების საჭირო დროს გაყიდვით (ან ვალუტის ყიდვით) ეროვნული ბანკი კურსის მერყეობის ამპლიტუდის შემცირებას უზრუნველყოფს. ინტერვენციებით ეროვნული ბანკი ცდილობს, ბაზარზე არსებული პანიკური აქტივობა ჩააცხროს, ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების ეფექტი გაანეიტრალოს, რათა კურსის არაპროგნოზირებადი მერყეობა თავიდან აიცილოს და მისი დასტაბილურებით ბაზრის მონაწილეებისათვის სავალუტო რისკები შეამციროს. ესაა ის მაქსიმუმი, რაც ცენტრალურ ბანკებს ხელეწიფებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ კურსის შემცირება იმ მასშტაბს მიაღწევს, როდესაც ფასების დონის ზრდა ქვეყანაში გარდაუვალია, ეროვნულ ბანკს, როგორც წესი, უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უწევს, რითაც ფასების დონეს ინარჩუნებს, თუმცა მას ეკონომიკური ზრდის ტემპი ეწირება.

პანდემიის გავლენა ლარის კურსზე

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიამ საქართველოში სავალუტო ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იქონია გავლენა და ზემოთ აღწერილ დოლარის შემოდინების თითქმის ყველა წყაროს შეეხო. პირველ რიგში, პანდემიის შედეგად ტურისტული აქტივობა მსოფლიოს მასშტაბით შეწყდა. შედეგად, საქართველომ ის ფულადი ნაკადები სრულად დაკარგა, რასაც ტურიზმიდან იღებდა ან შეიძლება მიეღო. შესაბამისად, ბაზარმა უცხოური ვალუტის ის წილი დაკარგა, რასაც მომსახურების ექსპორტიდან (ტურიზმი) ელოდებოდა.

მსოფლიო ეკონომიკამ პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო და შემოსავლები გლობალურად შემცირდა. შესაბამისად, იკლო იმ შემოსავლებმა, რასაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში გამოიმუშავებდნენ (მაგალითად, იტალიაში ფაქტიურად ყველა აქტივობა შეზღუდულია, რაც საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წყაროა). ფულადი გზავნილების შემცირება მეორე მნიშვნელოვანი წყაროა, რამაც ქვეყანაში დოლარის მიწოდების შემცირება გამოიწვია.

ისეთ არასტაბილურ ვითარებაში, როგორშიც დღეს მსოფლიო ეკონომიკაა, ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადასვლით გამოირჩევიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინვესტორებმა განვითარებადი ბაზრებიდან (საქართველოც განვითარებად ბაზარს მიეკუთვნება) 83 მლრდ დოლარის მოცულობით სახსრები უკვე გაიტანეს, რაც კაპიტალის გადინების დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, სახარბიელო მდგომარეობა არც ინვესტიციების კუთხით იქნება მოსალოდნელი. მით უმეტეს, საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, კრიზისამდეც განიცდიდა სირთულეებს; კერძოდ, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად არ გაზრდილა (0.2%) და 2018-2019 წლების ნიშნული მხოლოდ 2013 წლის მონაცემს აღემატებოდა.

უცხოური ვალუტის კიდევ ერთ წყაროზე, ექსპორტზე, სავაჭრო პარტნიორების მხრიდან შემცირებული საგარეო მოთხოვნა [2] უარყოფითად მოქმედებს. შესაბამისად, კრიზისისათვის დამახასიათებელი სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, ექსპორტის მოცულობაც შემცირდება, როგორც ნატურალური მოცულობის კლების, ასევე საქონლის ფასის შემცირების შედეგად. მეორე მხრივ, იმპორტზე საქართველოს მოთხოვნაც მცირდება, რაც თავის მხრივ, უცხოური ვალუტის გადინებასაც უშლის ხელს და ლარის კურსის ერთგვარი დამაბალანსებელია (თუმცა, როგორც ჩანს, არასაკმარისი).

გარდა აღნიშნული ფუნდამენტური ფაქტორებისა, რომელთა ერთობლივი მოქმედება ლარის კურსის შემცირებას ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა, სავარაუდოა, რომ ბაზარზე არსებულმა ერთგვარმა პანიკამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც მოლოდინების როლი ცალსახად დადასტურდება, ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ემპირიული დაკვირვებიდან თუ ოპერატიული ინფორმაციის მქონე პირების დაკვირვებიდან, მსგავსი ფაქტორის მოქმედება დასტურდება.

ლარის კურსის შემცირება სწორედ აღნიშნული ფაქტორების ერთობლივმა მოქმედებამ განაპირობა. მოლოდინის ეფექტის გაქრობასთან ერთად კი, კურსმა პიკური ნიშნულიდან მოკლევადიან წონასწორობამდე ჩამოიწია. ამ ეტაპზე, მოლოდინისა და პანიკის როლი ერთგვარად მოიხსნა, თუმცა, უახლოეს მომავალში, სხვა ფუნდამენტური ფაქტორების არსებითი გაუმჯობესება, სამწუხაროდ, მოსალოდნელი არაა. ფულადი გზავნილები, ინვესტიციები და მით უმეტეს ტურიზმიდან მისაღები ნაკადები, უახლოეს პერიოდში, კრიზისამდელ ნიშნულზე არ აღდგება. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, კურსის სტაბილურობის მნიშვნელოვან მდგენელად საგარეო დახმარებების/ვალდებულებების მოზიდვა შეიძლება მივიჩნიოთ. ცნობილია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტი მოცულობა უცნობია. ასევე დადასტურებულია, რომ დამატებით საგარეო რესურსს საქართველო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხრიდანაც, 183 და 45 მლნ ევროს მოცულობით, მიიღებს. აღნიშნული მოცულობები, ბუნებრივია, არასაკმარისია და მნიშვნელოვანია ხელისუფლების ძალისხმევა აქტიურად იქნას მიმართული, როგორც ახალი საგარეო ვალდებულებების აღების, ასევე მიმდინარე პერიოდში დასაფარი ძველი ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით, რათა ერთი მხრივ, მიმდინარე შემომავალი ნაკადები გაიზარდოს, მეორე მხრივ კი, გამავალი რესურსის გადინება გადავადდეს.

მსგავს ვითარებაში მნიშვნელოვანი მასტაბილურებელი გავლენის მატარებელი იქნებოდა შემომავალი ნაკადები მსხვილი საინვესტიციო პროექტებიდან (ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მსხვილი ჰესები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შეჩერებულია (საუკეთესო შემთხვევაში). აწ უკვე შეცვლილ ეკონომიკურ რეალობაში, მათი განხორციელების მყარი ვალდებულების აღება და ამ მიმართულებით პირველივე შესაძლებლობების გამოყენება, პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკისათვის არსებითი პოზიტიური ეფექტის მომტანი იქნება.



[1] სიმარტივისთვის, მაგალითში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები გათვალისწინებული არ არის.

[2] საგარეო მოთხოვნა არის სხვა ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნა საქართველოში დამზადებულ საქონელზე.


მსგავსი სიახლეები

3073 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი