რეზიუმე: საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 96-ე მუხლის თანახმად, 2020 წლის 1 ივნისიდან, მუნიციპალიტეტის ორგანოებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა ევალებათ, კონკრეტულად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ყველა საჭირო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე მოახდენს გავლენას. ეს კანონი მუნიციპალიტეტებს სპეციალური სამსახურის შექმნას ავალდებულებს, სადაც შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი კადრები დასაქმდებიან.

დასახელებული კანონიდან გამომდინარე, გორის მერმა საკრებულოს საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის ინიციატივით მიმართა. ცვლილების მიხედვით ასევე, ახალი სამსახურის თანამშრომლების (4 თანამშრომელი) ხელფასებისთვის საჭირო თანხა უნდა გამოიყოს.

მორიგი საკრებულოს სხდომა 10 აპრილს გაიმართება, მანამდე კი ეს საკითხი კომისიის წევრებმა განიხილეს, რომელთა შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა იყო. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე გორის მერია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებას აგძელებს და ბიუჯეტიდან მათი ხელფასებისთვის დამატებით თანხებს ხარჯავს.

სამართლებრივად, გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა, კანონის ფარგლებს არ სცდება, უფრო მეტიც, მას ახალი სამსახურის შექმნას და კადრების დამატებას, კანონი ავალდებულებს და აღნიშნული ცვლილება გორის მერის კერძო ინიციატივა არ არის. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კი განცხადება ისე გააჟღერა, რომ აღნიშნული ცვლილების საკანონმდებლო ვალდებულება არ უხსენებია და აქცენტი მხოლოდ ახალი შტატების დამატებაზე და ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების ხარჯვაზე გააკეთა. შესაბამისად, მისი განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

ანალიზი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა ქორჩილავამ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, გორის მერიის მიერ 4 ახალი შტატის დაშვების შესახებ ისაუბრა. ბექა ქორჩილავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე გორის მერია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებას აგძელებს და ბიუჯეტიდან მათი ხელფასებისთვის დამატებით თანხებს ხარჯავს. „ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის დროსაც კი, მხარის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა კოტემ ერთი თეთრიც ვერ გამონახეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსახლეობის პირბადეებით, მედიკამენტებით, ანტისეპტიკური საშუალებებით ან საკვებით დასახმარებლად. ამ დროს ამატებენ კიდევ 4 შტატს, რომელთა ხელფასებისთვის, ბიუჯეტიდან წელიწადში 46 800 ლარი დაიხარჯება", - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

გორის მერიაში საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გორის მერიას ახალი სამსახურების შექმნას და შესაბამისად, ახალი კადრების აყვანას, კანონი ავალდებულებს და მერია კანონის ფარგლებში მოქმედებს.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, 2020 წლის 1 ივნისამდე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრას საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 96-ე მუხლი ავალდებულებს. კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში უნდა დასაქმდეს, სულ მცირე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი. კანონიდან გამომდინარე, გორის მერია უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით ამ განყოფილების ხელმძღვანელს და 3 სპეციალისტს (სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს და ინსპექტორს) შეარჩევს, რომელთა ხელფასი თვეში 900 ლარით განისაზღვრება, მათი ხელმძღვანელი კი, თვეში 1200 ლარს მიიღებს. კანონის მიხედვით, დასახელებული სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. გორის შემთხვევაში, 4 ახალი კადრისთვის, თვეში 3900 ლარი დაიხარჯება, წელიწადში კი - 46 800 ლარი.

მერია საკრებულოს საშტატო ნუსხის ცვლილებას კიდევ ერთ განყოფილებასთან დაკავშირებით სთხოვს. უფრო კონკრეტულად კი, 2 თანამშრომლისთვის ფუნქციების გაზრდას ხელფასთან ერთად და განყოფილების სახელის გადარქმევას.

კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საჯარო დაწესებულებებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ავალდებულებს. კანონის მიხედვით, 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია ასზე მეტი ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას კანონი შრომის უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ავალდებულებს (შრომის უსაფრთხოების არანაკლებ 2 სპეციალისტით).

გორის მერი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, ასევე შრომის უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვროს და, შესაბამისად, განყოფილების სახელწოდებაც შეიცვალოს. აღნიშნულ განყოფილებას საკუთარ ფუნქციებთან ერთად ახალსაც უმატებენ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების და წესების დაცვას სთხოვენ.

რაც შეეხება აღნიშნულ 2 სპეციალისტს, უკვე დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ახალ პოზიციებზე გადაიყვანენ, ფუნქცია-მოვალეობებს გაუზრდიან და თვეში 700-700 ლარიან ხელფასს მისცემენ, რაც წელიწადში 16 800 ლარის გადახდას გულისხმობს. შესაბამის ცვლილებებს საკრებულო 10 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე დაამტკიცებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა, კანონის ფარგლებს არ სცდება, უფრო მეტიც, მას ახალი სამსახურის შექმნას და კადრების დამატებას, კანონი ავალდებულებს და აღნიშნული ცვლილება გორის მერის კერძო ინიციატივა არ არის. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კი განცხადება ისე გააჟღერა, რომ აღნიშნული ცვლილების საკანონმდებლო ვალდებულება არ უხსენებია და აქცენტი მხოლოდ ახალი შტატების დამატებაზე და ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების ხარჯვაზე გააკეთა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია