იტვირთება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 32 დღის შემდეგ, საქართველოში ინფიცირების იმაზე უფრო მეტი შემთხვევა გამოავლინეს (90), ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში (39), გერმანიასა (48) და საფრანგეთში (12). ამავე პოსტში შემდეგი მოსაზრებაც გამოითქვა: „[საქართველოში] ვირუსით გავრცელების სისწრაფე ჩვენი დაუდევრობით ბევრად უფრო მეტია და თუ ძალიან არ გავფრთხილდებით და სახლებში არ გამოვიკეტებით, ძალიან ცუდ დღეში შეიძლება აღმოვჩნდეთ! გაითვალისწინეთ მოსახლეობის რაოდენობებიც ამ ქვეყნებში და ჩვენთან“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, გავრცელებული ინფორმაცია თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ხელმისაწვდომი ინფორმაცია მსგავსი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა თუ არა. რაოდენობრივი მონაცემების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 32 დღის შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების მართლაც უფრო მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა თუ საფრანგეთში. ხოლო, თუ მოსახლეობის რაოდენობის სიდიდის მხრივ განსხვავებას გავითვალისწინებთ, სურათი, ერთი შეხედვით, კიდევ უფრო მძიმედ მოგვეჩვენება. თუმცა, მსგავსი შედარება ერთგვარი მანიპულაციაა, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ჩამოთვლილ ქვეყნებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ იანვარში დადასტურდა, როდესაც ეპიდემია მხოლოდ ჩინეთში იყო. საქართველოში კი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა და ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული. დაავადება იტალიასა და ირანში უკვე ეპიდემიის ფაზაში შედიოდა. ორი კვირის შემდეგ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში ვირუსის უცხო ქვეყნებიდან შემოტანისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით სწრაფი ზრდის ალბათობა მაღალი იყო.

ქვეყანა

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენა

საფრანგეთი

24 იანვარი

გერმანია

27 იანვარი

გაერთიანებული სამეფო

31 იანვარი

საქართველო

26 თებერვალი

ამასთან, კითხვა იმის შესახებაც უნდა დაისვას, თუ დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა, ქვეყნებში ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას, რამდენად ზუსტად ასახავს. შესაძლოა, საწყის ეტაპზე, საქართველომ ინფიცირებულების გამოვლენა, ამ ქვეყნებთან შედარებით, უფრო სწრაფად შეძლო. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის დადგენა შესაბამისი ტესტირების ჩატარებით ხდება. ამიტომ, საჭიროა განვიხილოთ, რამდენი ტესტირება ჩატარდა აღნიშნულ ქვეყნებში და საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ მონაცემები ერთმანეთს შევადაროთ.

გაერთიანებულ სამეფოში, ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 2 მარტამდე, ტესტირება სულ 13,525 ადამიანს (ერთ მილიონზე, დაახლოებით, 200 ტესტირება) ჩაუტარდა და კორონავირუსი მათგან 40-ს დაუდასტურდა.

გერმანიაში, ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოძიება ჩვენ მიერ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. თუმცა, ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე, დიდი რაოდენობით ტესტირება არ ტარდებოდა და ქვეყანამ ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოგვიანებით დაიწყო.

საფრანგეთში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 26 თებერვლამდე, სულ 762 ტესტირება (ერთ მილიონზე, დაახლოებით, 11 ტესტირება) ჩატარდა და კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდგინდა (179 ტესტირების შედეგი ინფორმაციის გამოქვეყნების დროს უცნობი იყო - აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მომდევნო დღეებში გაიზარდა, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რამდენი იყო დადასტურებული შემთხვევების ხვედრითი წილი კონკრეტულად 179 ტესტირებიდან).

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვალ-მარტში, ანუ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ჯამში 2,000 ტესტირება ჩატარდა (ერთ მილიონზე, დაახლოებით, 540 ტესტი) და აქედან ვირუსით ინფიცირება 4%-ში (85 შემთხვევა) დადასტურდა.

როგორც ვხედავთ, ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვის პერიოდში, ერთ მილიონ ადამიანზე ჩატარებული ტესტირების რაოდენობით, საქართველოს მაჩვენებელი (500-ზე მეტი), მოცემულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. ამგვარად, სავარაუდოდ, აღნიშნულ პერიოდში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვირუსით ინფიცირებული უფრო მეტი ადამიანის გამოვლენა, ვირუსის მსოფლიოში გავრცელებასთან ერთად, სწორედ კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობის შედარებით მაღალ რიცხვს უკავშირდება (აღნიშნული ინფიცირებულთა რიცხვის მაქსიმალური სიზუსტით დადგენის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტის კლებაში არ უნდა ავურიოთ). ამ თვალსაზრისს ამყარებს ის ფაქტიც, რომ, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა, ისევე, როგორც უამრავმა სხვა ქვეყანამ, კრიზისის გაღრმავების ფონზე, ტესტირების მაღალი სიხშირით ჩატარება დაიწყო, ინფიცირებულთა გამოვლენის რიცხვმა ამ ქვეყნებშიც იმატა.

ამ მხრივ, შესაძლოა, პირველი ინფიცირებული ადამიანის გამოვლენითა და მოსახლეობის რაოდენობით საქართველოსთან ახლოს მდგარი მონაცემების მქონე ქვეყნების, ლიეტუვის (28 თებერვალი), ლატვიისა (2 მარტი) და ესტონეთის (27 თებერვალი) შემთხვევები განსაკუთრებით რელევანტური იყოს. ლიეტუვაში 31 მარტამდე სულ 12,280 ტესტირება (ერთ მილიონზე 4300-ზე მეტი) ჩატარდა, რომელთაგან კორონავირუსი 533 შემთხვევაში დადასტურდა. ლატვიაში 31 მარტამდე სულ 14,807 ტესტირება (ერთ მილიონზე 7700-ზე მეტი) ჩატარდა და კორონავირუსი 398 შემთხვევაში დადგინდა, ხოლო 31 მარტის მონაცემებით, ესტონეთში სულ 12,401 ტესტირებაა (ერთ მილიონზე 9300-ზე მეტი) ჩატარებული, საიდანაც ინფიცირების 745 შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, ტესტირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოშიც გაიზრდება.

ამგვარად, მხოლოდ პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, იმის თქმა, რომ საქართველო გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა ქვეყნები, არასწორია.

ყურადსაღებია, რომ საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემა პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 1 თვის შემდეგ დაფიქსირდა. ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ სტატისტიკური ინფორმაცია აჩვენებს, რომ შიდა გადაცემის[i] პირველი შემთხვევის რიგითობა სხვა ქვეყნებში გაცილებით ადრე დაფიქსირდა, ვიდრე საქართველოში.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეპიდაფეთქება მე-6 კვირიდან იწყება და ამ მხრივ, ვითარების გაუარესებას ჩვენც უნდა ველოდოთ. 24 მარტს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში „მომავალი 3-4 კვირა წინა 3 კვირაზე უფრო რთული იქნება“. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ პრევენციული და მკაცრი ზომები, თუ არ ჩავთვლით სწრაფი ტესტების შესყიდვის საკითხს[ii], შეიძლება ითქვას, დროულად, ეპიდაფეთქებამდე მიიღო.

გრაფიკი 1: დადასტურებული შემთხვევების გამოვლენა და ვირუსთან საბრძოლველად მიღებული ზომები დინამიკაში.



[i] როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია

[ii] იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია


მსგავსი სიახლეები

3073 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი