„MEGATV.GE”-მ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „კორონა ვირუსი დამარცხდა – რას იუწყებიან საფრანგეთიდან“. სტატიის თანახმად, საფრანგეთში მცხოვრები ქართველის ინფორმაციით, საფრანგეთში COVID-19-ის დამარცხებას ზეიმობენ. აღნიშნულის მიზეზად კი მარსელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჩატარებულ ტესტებს ასახელებენ, სადაც მკურნალობისათვის პრეპარატ „ქლოროქინს“ წარმატებით იყენებენ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პრეპარატზე პროფესორი რაული მუშაობდა, რომელიც კორონავირუსის დამარცხებას ამტკიცებს.
ქლოროქინის ფოსტფატი, შემოკლებით „ქლოროქინი“, და მისი ანალოგი ჰიდროქლოროქინი, რომელიც ცნობილია ბრენდული სახელწოდებით - „პლაქვენილი“, მალარიის მკურნალობისათვის გამოიყენება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, კორონავირუსთან ბრძოლისათვის ქლოროქინი ეფექტიანი საშუალებაა და შესაძლოა, ის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის განაცხადებით, აღნიშნულ პრეპარატს კონტროლირებული სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია და ამდენად, მტკიცებით ფორმაში მის ეფექტურობაზე საუბარი, ნაადრევია.
საქართველოში კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „პლაქვენილი“ ფრანგების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში იყო დასახელებული, ე.წ. მარსელის პროტოკოლში. „პლაქვენილი“ საქართველოშიც გამოიყენება. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვე-ნახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში. 24 მარტიდან ის COVID-19-ის მკურნალობის „ქართული პროტოკოლის“ ნაწილია. ამასთანავე, ფრანგი პროფესორი დიდიე რაული „ქლოროქინს“ კორონავირუსის მკურნალობისათვის მართლაც იყენებს და მის ეფექტურობას სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გამოიყენება, საუბარი იმაზე, რომ ქროლოქინით კორონავირუსი მარცხდება, ჯერჯერობით ნაადრევია. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ქლოროქინის ეფექტურობის შესწავლას აგრძელებს. ჯერჯერობით COVID-19-ის სამკურნალოდ „ქლოროქინი“ არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) დაუმტკიცებია.
მეცნიერთა შორის აზრთა სხვაობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ჯერ არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ „ქლოროქინის“ ეფექტურობა ან არაეფექტურობა დამტკიცდეს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია. ნიგერიაში „ქლოროქინით“ - სამი, ხოლო აშშ-ში, არიზონის შტატში, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შესაბამისად, „MEGATV.GE”-ს მხრიდან კორონავირუსის დამარცხებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი, არასწორია და მას მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.