ჰუბეის პროვინციაში, სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში ადამიანების უცნობი ვირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევის შესახებ ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2019 წლის 31 დეკემბერს შეატყობინა. ახალი ტიპის ვირუსი, ოფიციალური დასახელებით COVID-19, სწრაფად გავრცელდა და 2020 წლის 11 მარტს ჯანმო-მ პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა. 26 მარტის მდგომარეობით, დაინფიცირების 473 266 ფაქტია დადასტურებული, საიდანაც 21 344 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, 114 779 შემთხვევაში კი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის ზოგადი ეკონომიკური ასპექტი

ვირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, გარდა ადამიანების სიცოცხლისა, საფრთხე გლობალური ეკონომიკის სტაბილურობასაც შეექმნა. არსებული პროგნოზების [McKinsey&Company] პირობებში ოპტიმისტური სცენარით, მართალია, მსოფლიო ეკონომიკაში რეცესია გარდაუვალია, თუმცა, ის სრულად 2020 წლის ბოლოსთვის გადაილახება. შედარებით ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგები სიმძიმით 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსურ კრიზისს მიუახლოვდება, ვითარების გაჯანსაღება კი მხოლოდ 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. IMF-ის შეფასებით კი პანდემიით გამოწვეული კრიზისი მინიმუმ 2008-2009 წლების კრიზისის სიმძიმის იქნება ან უფრო მძიმეც კი, თუმცა გაჯანსაღების პროცესი ამ შემთხვევაშიც 2021 წლიდან არის მოსალოდნელი.

საინტერესოა, რომ აქამდე მრავალგზის შესწავლილი კრიზისებისგან განსხვავებით, პანდემიით გამოწვეული შოკი ერთდროულად თითქმის მსოფლიოს ყველა წამყვან ეკონომიკას და მის ერთბაშად რამდენიმე სექტორს შეეხო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაზე COVID-19 პანდემიით გამოწვეული გავლენა, როგორც მოთხოვნის (პირდაპირი და მოლოდინის რეჟიმში გადასვლით გამოწვეული გავლენა), ასევე მიწოდების შოკების კომბინაციაა. მიწოდების შოკის მაგალითად ავტოინდუსტრია გამოდგება. ავტომწარმოებლები ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე [სანამ ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაწესდებოდა შეზღუდვები] ჩინეთში განთავსებული ქარხნებიდან მაკომპლექტებელი ნაწილების ვერ მიღების გამო, ასევე ჩინური პორტების გავლით ტრანსპორტირების გართულების შედეგად, იძულებულნი გახდნენ, ნაწილობრივ შეეზღუდათ წარმოება. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ელექტროტექნიკის მწარმოებლების შემთხვევაში. გარდა აღნიშნულისა, ბუნებრივია, მოქმედებს გაურკვევლობის გავლენა - ეკონომიკური აგენტები მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან და მოვლენათა განვითარებას აკვირდებიან, რაც „გადადებულ ინვესტირებაში“ ჰპოვებს ასახვას.

ცალკე აღსანიშნავია ფასების ომი ნავთობის ბაზარზე. პანდემიის ფონზე შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ბუნებრივია, ნავთობზე შემცირებულ მოთხოვნაში აისახება, რაც სხვა თანაბარ პირობებში ფასის შემცირების გამომწვევია. თუმცა, როგორც ცნობილია, ნავთობის ბაზარი ოლიგოპოლიურია და ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებისათვის მოსალოდნელი იყო მიმწოდებლების (OPEC-ის წევრი ქვეყნები და რუსეთი) მიერ ნავთობის მოპოვების შემცირება. მიუხედავად ამისა, შეთანხმება არ შედგა. OPEC-ის მიერ 5 მარტს შემოთავაზებულ მოცულობებს რუსეთის ფედერაცია არ დაეთანხმა. აღნიშნულს ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა საუდის არაბეთმა მოპოვების სრულ შესაძლებლობამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებითა და ძირითად ბაზრებზე უპრეცედენტო, 20%-იანი ფასდაკლებებით უპასუხა. შედეგად, 8 მარტს ნავთობზე ფასი 30%-ით 31.1 დოლარამდე (WTI) დაეცა. დღეის მდგომარეობით, ნავთობი (WTI) 23 დოლარად ივაჭრება.

პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა ავიამიმოსვლის შეზღუდვა ჩინეთთან (29.01) და ირანთან (23.02). ამავდროულად, ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების შემოყვანაც (სწორედ ჩინეთში არსებულ ველური ფაუნის ბაზრებზე მძიმე სანიტარულ პირობებს უკავშირდება ვირუსის თავდაპირველი გავრცელება) აიკრძალა. ვირუსის გავრცელების არეალის გაფართოებასთან ერთად შეზღუდვებს დაქვემდებარებული ქვეყნების ნუსხაც ფართოვდებოდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დახურულია, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა (დიპლომატიური და ჰუმანიტარული მისიები, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის წევრები, სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლები და სხვ). სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ეტაპობრივად გამკაცრდა, სავაჭრო ობიექტები დაიხურა (გარდა სასურსათო და აფთიაქებისა), გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაიცა, სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება შეჩერდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ხალხმრავალი შეკრებები (10 პირზე მეტი) დამატებით შეიზღუდა, ხოლო 23 მარტიდან ორი მუნიციპალიტეტი -ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადდა. 26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში - 247.

ბუნებრივია, ნებისმიერი აკრძალვა თუ ჩარევა (რაც ზღუდავს აქტივობას) უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, პანდემიის საწყის ეტაპზე მოქალაქეთა ნაწილმა ტურისტული მარშრუტებით სარგებლობისაგან თავი შეიკავა და ჯავშნები გააუქმა. შემდგომში გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ტურიზმის სექტორის (ტურისტული კომპანიები, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი და სხვ.) კოლაფსი გამოიწვია, რაც ტურისტული აქტივობის პრაქტიკულად სრულ შეჩერებაში გამოიხატა. გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ისევე როგორც ვაჭრობის ნაწილობრივ შეზღუდვამ, სატრანსპორტო კომპანიებს მოთხოვნა შეუმცირა, რის შედეგად ტრანსპორტის მიმართულება არსებით ზარალს განიცდის. აღსანიშნავია, რომ წლიურად აღნიშნული სექტორები ქვეყნის მშპ-ს 11-12%-ს აყალიბებენ.

გარდა აღნიშნულისა, ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვების (ვაჭრობამ 2019 წლის მშპ-ს 14.4% შეადგინა) შედეგად საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს მნიშვნელოვნად უმცირდებათ აქტივობა, საიდანაც შეუზღუდავად მხოლოდ სააფთიაქო და სასურსათო ქსელები ფუნქციონირებს. მიმდინარე მოვლენების მიმართ ყველაზე მეტად არის მოწყვლადები აღნიშნული დარგები. ამასთან, ეკონომიკის ცალკეულ სექტორში აქტივობის შემცირება სხვა სექტორების ბრუნვის შემცირებაშიც აისახება, რომლის ირიბ თუ პირდაპირ მომხმარებლებსაც ეს დარგები წარმოადგენენ.

მიმდინარე მოვლენებმა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე დიდი გავლენა მოახდინა. კურსის შემცირების (გაუფასურების) ტენდენციას ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით უპასუხა, თუმცა მცდელობა, კურსის არსებულ ნიშნულზე შესანარჩუნებლად, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმარისი არ აღმოჩნდა. ვალუტის ბაზარზე მომსახურების დარგების მიერ მიუღებელი შემოსავლები და შემცირებული გადმორიცხვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კერძოდ, უცხო ქვეყნებში შემცირებული ეკონომიკური აქტივობა ქართველი ემიგრანტების შემოსავლებსაც (განსაკუთრებით იტალია) ამცირებს, რაც ფულადი გზავნილების შემცირებულ მაჩვენებელში უნდა ასახულიყო. ტურიზმის შეჩერების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან უცხოური ვალუტა ვერ შემოდის, რაც კურსზე გავლენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ისეთ არასტაბილურ ვითარებაში, როგორშიც დღეს მსოფლიო ეკონომიკაა, ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადასვლით გამოირჩევიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინვესტორებმა განვითარებადი ბაზრებიდან (საქართველოც განვითარებად ბაზარს მიეკუთვნება) უკვე გაიტანეს 83 მლრდ დოლარის მოცულობით სახსრები, რაც კაპიტალის გადინების დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, სახარბიელო მდგომარეობა არც ინვესტიციების კუთხით იქნება მოსალოდნელი. საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით კრიზისამდეც განიცდიდა სირთულეებს; კერძოდ, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად არ გაზრდილა (0.2%) და 2018-2019 წლების ნიშნული მხოლოდ 2013 წლის მონაცემს აღემატებოდა. უცხოური ვალუტის კიდევ ერთ წყაროზე, ექსპორტზე, უარყოფითად მოქმედებს სავაჭრო პარტნიორების მხრიდან შემცირებული საგარეო მოთხოვნა. შესაბამისად, კრიზისისათვის დამახასიათებელი სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, შემცირდება ექსპორტის მოცულობაც, როგორც ნატურალური მოცულობის კლების, ასევე საქონლის ფასის შემცირების შედეგად. მეორე მხრივ, იმპორტზე საქართველოს მოთხოვნაც მცირდება, რაც თავის მხრივ, უცხოური ვალუტის გადინებასაც უშლის ხელს და ლარის კურსის ერთგვარი დამაბალანსებელია (თუმცა, როგორც ჩანს, არასაკმარისი).

სახელმწიფოს რეაგირება

შექმნილ ვითარებაში, გამოსავლის თვალსაზრისით, განსხვავებული იდეოლოგიიდან გამომდინარე განსხვავებული შეფასებები შეიძლება არსებობდეს მთავრობის როლზე ან მისი მხრიდან ჩარევის გზებსა თუ მასშტაბებზე. თუმცა, ცალსახაა, რომ ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, როგორც უშუალოდ ეკონომიკური ჩავარდნის, ასევე მისი თანმდევი სოციალური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით [1]. შესაბამისად, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეთა სოციალური დახმარების კუთხით გეგმა შემუშავდეს, ვინც ერთი მხრივ, პანდემიის პირდაპირი შედეგების, მეორე მხრივ კი პანდემიაზე საპასუხოდ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად შემოსავლის გარეშე [2] დარჩა. ამავდოულად, კრიზისულ პერიოდში შემცირებული მოთხოვნისა და მიწოდების პირობებში ოპერირებადი ბიზნესის მხარდასაჭერად, მნიშვნელოვანია ნაბიჯები გადაიდგას, რათა ლიკვიდობა შენარჩუნდეს და იმ ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებიც ეკონომიკის შენელებას ვერ გადაიტანენ, მინიმუმამდე დავიდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორში დარჩეს შეძლებისდაგვარად მეტი რესურსი [3] (შემცირდეს ან გადავადდეს გადასახადები) და ამავდროულად, ცალკეული მიმართულებით მთავრობის ხარჯები გაიზარდოს. ერთი მხრივ, შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლებისა და მეორე მხრივ, დამატებითი ხარჯების გაწევის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მიმდინარე ბიუჯეტიდან არაეფექტიანი პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებაზე გამოყოფილი სახსრები [4] მაქსიმალურად გამოათავისუფლოს. ამასთან, გასავალსა და შემოსავალს შორის წარმოშობილი დისბალანსი სრულად ვალდებულებების აღებით არ დააფინანსოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან კრიზისის აღმოფხვრის ღონისძიებებისათვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად, ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს. მაგალითისთვის, IMF-მა მზადყოფნა უკვე გამოთქვა, მის ხელთ არსებული საკრედიტო რესურსის სრული მოცულობა (1.45 ტრილიონი დოლარი) ასათვისებლად გამოყოს. მსოფლიოს 80-მა ქვეყანამ სავალუტო ფონდს მსგავსი თხოვნით უკვე მიმართა.

რეაგირების თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ტრადიციულად ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კომბინაცია აირჩიეს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით განვითარებულ ქვეყნების გარკვეული მოუქნელობა კრიზისამდეც დაბალ ნიშნულზე არსებულმა პოლიტიკის განაკვეთმა განაპირობა.

საქართველოს შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების რესურსი გაცილებით მაღალია, თუმცა, ამ გზით ეკონომიკის წახალისებას მიმდინარე ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უშლის ხელს. როგორც ცნობილია, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეკონომიკის აქტივობის წახალისებასთან ერთად ფასების დონის ზრდის მიმართულებითაც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საერთო შეფასებით (ხელისუფლება, ოპოზიცია), საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის არშერბილებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, სებ-მა დაკრედიტების აქამდე არსებული რეგულაციები შეარბილა (შეიცვალა სესხების მაქსიმალური ვადიანობა, შერბილდა PTI [5] და LTV [6] კოეფიციენტების ზღვრები და სხვ), რითაც ახალი სესხების გაცემასა თუ არსებული ვალდებულებების გაზრდისთვის მეტი თავისუფლება გაჩნდა.

ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მსგავსად დასავლეთის ქვეყნებისა, საქართველოს ხელისუფლებაც, ბიუჯეტიდან პირდაპირი დახმარების გაზრდას (ვაუჩერები კომუნალურ გადასახადებზე, სასტუმროების სუბსიდირება), არსებული გადასახადების ამოღების გადავადებას და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე მოქმედებას აპირებს. რეაგირების ნაბიჯებზე უფრო დეტალური მონაცემები ბიუჯეტის ცვლილების პროექტის წარმოდგენის შემდგომ გახდება ხელმისაწვდომი. 12 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ კორექტირებული ბიუჯეტი წარდგენილ იქნება „ძალიან მალე“ შესაბამისად, მოსალოდნელია მისი გასაჯაროება უახლოეს დღეებში მოხდეს [7], ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში გაიზრდება.

--------------------------------------------------------------------------------------------

[1] განიხილება ვაუჩერების გაცემა კომუნალური მომსახურების საფასურის დასაფარად, ასევე საშემოსავლო გადასახადის ცვლილება, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება ყველა ასპექტზე მიღებული არ არის. ცნობილია მხოლოდ სესხების მომსახურების გადავადებაზე კომერციულ ბანკებთან მიღწეული შეთანხმებისა და ცალკეული არასისტემური სოციალური აქტივობების შესახებ.

[2] შეზღუდვების შედეგად მიუღებელი შემოსავლების ნაწილობრივი კომპენსაცია ან/და გასაწევი ხარჯების შემცირება ან/და გადავადება.

[3] მოცემული მიმართულებით ცნობილია ხელისუფლების პოზიცია, რომ ზედმეტად გადახდილ დღგ-ს ბიზნესს წლის დასაწყისში განსაზღვრულთან (600 მლნ) შედარებით გაორმაგებული ოდენობით (1.2 მლრდ) დაუბრუნებს. ასევე, ცალკეული ბიზნეს სუბიექტებისათვის 4 თვით გადავადებულია გადასახადები.

[4] ცალკეული სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები და სხვ. ამავდროულად, შემცირება სასურველია არ შეეხოს შრომის ანაზღაურების ნაწილს, საჯარო სექტორში გაბერილი შტატები ზოგადად პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, კრიზისის პირობებში უმუშევრობის წახალისება მიზანშეუწონელია.

[5] სესხის მომსახურების კოეფიციენტით (PTI) დგინდება სესხის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც მსესხებლის განკარგვადი შემოსავლის პროპორციულად განისაზღვრება.

[6] სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტით (LTV) განისაზღვრება სესხის მაქსიმალური მოცულობა იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რომლითაც სესხია უზრუნველყოფილი. აღნიშნული ინსტრუმენტი, უძრავი ქონების ფასების შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის მდგრადობას და ასევე ზღუდავს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტის წარმოქმნას.

[7] მთავრობა მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ფინანსური რესურსის მოძიების მიმართულებით, შეთანხმებული მოცულობები კი ბუნებრივია უნდა აისახოს ბიუჯეტის პროექტში, შესაბამისად სავარაუდოა კორექტირებული ბიუჯეტი აღნიშნულ მოცულობებზე საბოლოოდ შეთანხმების შემდგომ გასაჯაროვდეს. გამომდინარე ამ სახსრების მოცულობიდან, ვალისა და მშპ-ს ფარდობამ შესაძლოა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბოს და საგანგებო ბიუჯეტის წარდგენა გახდეს საჭირო.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი