ანალიზი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმე“- ში სტუმრობისას განაცხადა: „თუ 2014 წელს [რუსეთიდან] გადმორიცხვების საერთო წილი გადმორიცხვებიდან იყო 50%, დღეს ეს განახევრებულია, ანუ 25%-ია“. აღნიშნული განცხადების კონტექსტში ხაზგასმულია ნაკლები ზიანის შესაძლებლობა, რომელიც კრიზისულ პერიოდში რუსეთიდან გზავნილების შემცირებამ შეიძლება, საქართველოსთვის იქონიოს.
9 მარტს მსოფლიოს ნავთობისა და ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო კოლაფსი დაფიქსირდა, რისი მიზეზიც გახდა რუსეთის უარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია „ოპეკ+“-სა და მის ლიდერთან, საუდის არაბეთთან თანამშრომლობაზე. ამავდროულად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააყენა. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მკვეთრად, დაახლოებით 26%-ით შემცირდა ნავთობის ფასები მსოფლიოში, ლარი კი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ლარის კურსისა და ნავთობის ფასის დინამიკის თვალსაზრისით, დაახლოებით მსგავსი ვითარება 2014 წლის მიწურულს შეიქმნა, როდესაც ნავთობის ფასების თითქმის განახევრებას დოლარის გამყარება მოჰყვა ვალუტების სრულ უმრავლესობასთან მიმართებით. მსგავსი ძვრა ეკონომიკურ კონიუნქტურაში განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზეც. კობა გვენეტაძის განცხადების შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, ფულადი გზავნილები რუსეთიდან, მთლიანი გზავნილების 50%-ს შეადგენდა, რაც საქართველოს მოწყვლადობაშიც აისახებოდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი წილის თვალსაზრისით.
გრაფიკი 1: ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიანად და რუსეთიდან, 2014-2020 (2 თვე) პერიოდში (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2014 წელს მთლიანი გადმორიცხვების მოცულობამ 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გადმორიცხვებმა რუსეთიდან 709 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი გადმორიცხვების 49%-ს შეადგენდა. შემდგომ წლებში, რუსეთდან გადმორიცხული თანხის, როგორც აბსოლუტური, ასევე ფარდობითი მაჩვენებლის კლების ტენდენცია აღინიშნება და 2019 წელს ფარდობითი მაჩვენებელი 25%-ს, ხოლო 2020 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 21%-ს შეადგენს, ხოლო უშუალოდ თებერვლის მონაცემით 23%-ს. თუმცა, აღნიშნული დინამიკის მიუხედავად, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში მნიშვნელოვანი ფულადი გადმორიცხვები ხორციელდება, რუსეთი მაინც რეგულარულად ლიდერობს. დამოკიდებულება, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობდა, არსებითად შემცირებულია. თუმცა მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც საქართველოს არსებული რეალობის მიმართ მოწყვლად მდგომარეობაში ტოვებს.