იტვირთება

30 ქვეყნის ფაქტების გადამმოწმებელი 48 ორგანიზაციის ანალიტიკოსებით დაკომპლექტებული არმია პარასკევიდან 2019 წლის ახალი კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გასაბათილებლად მუშაობს. ამ ეტაპზე, ყველაზე ტრენდულია დეზინფორმაცია სასწაულმოქმედი ვაქცინის შესახებ, რომელსაც მოსდევს უამრავი ყალბი ცნობა სასიკვდილო დაავადების წარმოშობის წყაროს შესახებ, ხოლო მესამე ადგილი, კონსპირაციულ თეორიებს უკავიათ.

კოლაბორაციული პროექტი, რომელსაც კოორდინირებას საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელი უწევს, აღნიშნული მომაკვდინებელი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პერიოდში გაგრძელდება. განსხვავებულ დროით სარტყელში კომუნიკაციის და კონტენტის გაზიარების მიზნით, ფაქტების გადამმოწმებლები იყენებენ საერთო Google Sheet-ს და Slack არხს. შესაბამისი უახლესი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სოციალურ მედიის არხებით, ჰეშტეგების #CoronaVirusFacts და #DatosCoronaVirus გამოწერით.

აღნიშნულ თემაზე ასევე იხილეთ: „ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით 8 ადამიანი დაკავა. რა მოუვიდათ მათ?“

დეზინფორმაციის პირველი დიდი ტალღის მტკიცებით, ვირუსის პატენტი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. აშშ-ში, Lead Stories-ის, Fact-Check.org-ის and PolitiFact-ის ფაქტჩეკერებმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ათეულობით პოსტი გააბათილეს და დაამტკიცეს, რომ 2019 წლის ვირუსის სამკურნალო ვაქცინა არ არსებობს და პატენტთან დაკავშირებით გავრცელებული თითქმის ყველა სიყალბე კორონავირუსის წინა ტიპებს ეხება, რომლებიც წარსულში დედამიწის სხვადასხვა ადგილზე დაფიქსირდნენ.

ჩინეთთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, სიყალბეების მეორე ტალღა განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა ტაივანში. ადამიანებმა, ცდილობდნენ რა ახალი, უცნაური და ძლიერი ვირუსისგან თავდაცვას, სოციალურ მედიაში დაიწყეს თავდაცვის სხვადასხვა (და აბსურდული) მეთოდების გაზიარება. ტაივანის ფაქტმეტრის ცენტრმა გააბათილა რამდენიმე პოსტი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად, ძმარმჟავა ადამიანს დაინფიცირებისგან იცავდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ძმარმჟავას მოქმედების ეფექტი არ დასტურდება.

ამის შემდეგ, ტაივანელმა ფაქტების შემმოწმებლებმა დიდი დრო დაუთმეს 2019 წლის კორონავირუსის მკურნალობის ცრუმეთოდების დეკონსტრუირებას. ასეთ არაეფექტურ საშუალებებში აღმოჩნდა ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა სტეროიდები, ეთანოლი და მარილიანი წყალი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფაქტების გადამმოწმებლები, ამჯერად, სიყალბის მესამე ტალღას ებრძვიან, რაც ვირუსის წყაროს და/ან წარმოშობას ეხება. მაგალითად, ბრაზილიაში მოქმედმა ორგანიზაციამ Aos Fatos ყალბი ვირუსული პოსტები შეაფასა, რომელთა მტკიცებითაც ადამიანები, რომლებმაც ღამურის სუპი შეჭამეს ახლა ავად არიან.

კონსპირაციულ თეორიებსაც ნამდვილად აქვთ თავისი ადგილი და ერთ-ერთი მასშტაბური კონსპირაციული თეორია ქართველმა ფაქტჩეკერებმა ტელევიზორის ეკრანებზე იხილეს.

მითების დეტექტორმა აღმოაჩინა რუსული ტელეარხის მიერ შექმნილი „ყალბი კავშირი“, ძველ ფოტოზე ასახულ ბიოლაბორატორიას და იმ ინფორმაციას შორის, რომლის თანახმადაც 2019 წლის კორონავირუსს აშშ აზიაში, რეგიონში არსებული ლაბორატორების მეშვეობით ავრცელებს. ფაქტჩეკერებმა ასევე მიუთითეს, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში 2018 წლის საარქივო მასალა იყო გამოყენებული.

ტრენდული ხდება ასევე ფოტოების გამოყენება. მექსიკაში მოქმედმა Animal Politico-მ გამოავლინა ფეისბუქის გვერდი, რომელიც „სი-ენ-ენ“-ის ლოგოს გამოყენებით ავრცელებდა მოსაზრებას, რომ „კორონავირუსის შემქმნელი იყო კარმალას ლაბორატორიაში მომუშავე ბიოქიმიის ინჟინერი რაულ როდოლფო აბდუზ ხანი“. აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე ეჭვს არ იწვევს.

ამასთან, მთელი ამ ქაოსის და გარდაცვალების 81 დადასტურებული შემთხვევის პირობებში (ა.წ. 27 იანვრის მონაცემებით), ინფორმაცია დაუდასტურებელი შემთხვევების რაოდენობის ასევე მატულობს და სოციალურ მედიაში ყველგან ახერხებს შეღწევას. ფაქტების გადამმოწმებლებმა გამოავლინეს ყალბი ინფორმაცია ვენესუელაში (23 იანვარს), კოლუმბიაში (25 იანვარს) და უკრაინაში (27 იანვარს) დაუდასტურებელი შემთხვევების შესახებ. მიღებული გაკვეთილი მკაფიოა: ოფიციალური სამედიცინო უწყებების მხრიდან შემთხვევის დადასტურების გარეშე, არ გააზიაროთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ან გარდაცვალების შესახებ.

მომდევნო რამდენიმე დღეში საინტერესო საკითხი წამოიწევს: შეეცდება თუ არა ანტივაქცინური მოძრაობა შექმნილი ვითარების გამოყენებას? აღნიშნულ საკითხს ბრაზილიელი ფაქტჩეკერების ორგანიზაცია Agência Lupa აკვირდება. მაგალითად, პარასკევს, ხსენებული ორგანიზაციის ფაქტჩეკერებმა ყალბ ინფორმაციად შეაფასეს პოსტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მომაკვდინებელი დაავადება სინამდვილეში საზოგადოებისთვის „ახალი ვაქცინების შეთავაზების მიზნით შექმნეს“.

აღნიშნული პოსტი განახლდება საერთაშორისო ფაქტჩეკერების ქსელთან თანამშრომლობით.

* კრისტინა ტარდაგილა არის საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელის ასოცირებული დირექტორი და Agência Lupa-ს დამფუძნებელი. კრისტინა ტარდაგილას ელექტრონული ფოსტის მისამართია ctardaguila@poynter.org

* კორონავირუსის კოლაბორაცია: კოლაბორაციული პროექტი, რომელსაც კოორდინირებას უწევს საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელი. პროექტი 2020 წლის 24 იანვარს დაიწყო და აღნიშნული მომაკვდინებელი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პერიოდში გაგრძელდება. განსხვავებულ დროით სარტყელში კომუნიკაციის და კონტენტის გაზიარების მიზნით ფაქტების გადამმოწმებლები იყენებენ საერთო Google Sheet-ს და Slack არხს. უახლესი ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჰეშტეგები #CoronaVirusFacts და #DatosCoronaVirus

აღნიშნული სტატია თავდაპირველად Poynter Institute-ის ვებგვერდზე www.poynter.org გამოქვეყნდა.


მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი