იტვირთება

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყნებს მყისიერი და აგრესიული ქმედებისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და როგორც ჩინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, სწრაფი ტემპით გავრცელდა. 20 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 160 ქვეყანაშია დაფიქსირებული. გლობალურად, ინფიცირებულთა რაოდენობამ 244 000-ს გადააჭარბა. გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 86 000-ზე მეტია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 20 მარტის მონაცემებით კი, COVID-19-ის 43 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური გეგმა ჯერ კიდევ 28 იანვარს დაამტკიცა. გეგმა ,სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, ეპიდემიის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული პირების კარანტინს ან თვითიზოლაციასაც ითვალისწინებს.

6 მარტიდან, კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის საზღვრაზე შემოწმების შემდეგ, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა. პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. 12 მარტს, თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაჰყავთ. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კარანტინში 140-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

17 მარტს პარლამენტში დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმას, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარს ითვალისწინებს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა დაეკისრება, სასჯელი სახით გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

სავალდებულო კარანტინის დაწესებას საზოგადოების გაკვეულ ნაწილში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რამდენადაც აღნიშნულ ღონისძიებას ისინი პირის თავისუფლების უკანონო შეზღუდვად მიიჩნევენ.

რა არის კარანტინი/თვითიზოლაცია და როგორია მისი სამართლებრივი რეგულირება

პანდენიებისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიების დროს განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს საქართველოს კანონები - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, განსაზღვრავს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ზემოაღნიშნული კანონმდებლობა ადამიანის გარკვეული უფლებების, მათ შორის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს, რაც შეიძლება, მისი იზოლაციიით ან კარანტინში გადაყვანით გამოიხატოს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით, ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის მიზნით, როგორიც საზოგადოებრვი ჯანმრთელობის დაცვაა, გარკვეული დროით ინდივიდის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს.

საკარანტინო ღონისძიება ისეთი ზომაა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში გადამდები დაავადების შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება იზოლაციას, ის გულისხმობს ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადაცემას.

გადაწყვეტილებას [1] ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური (ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით.

საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების მნიშვნელობა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად

გამომდინარე იქიდან, რომ იზოლაცია/კარანტინში გადაყვანა პირის მნიშვნელოვანი უფლების, თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, მისი გამოყენება უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს და თითოეულ ქვეყანასა და სიტუაციაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს: რამდენად აუცილებელია მისი გამოყენება, იმუშავა თუ არა ნაკლებად მკაცრმა ზომებმა; რამდენად საკმარისი რესურსი არსებობს საამისოდ და ა.შ.

საქართველოს შემთხვევაში ისეთი იძულებითი ზომა, როგორიცაა კარანტინი [2] იმ საფუძვლით შეიძლება გამართლდეს, რომ ნაკლებად მკაცრი ზომა, თვითიზოლაცია ფაქტობრივად არ მუშაობს. როგორც აღვნიშნეთ, მოქალაქეები თვითიზოლაციის წესს ხშირად არღვევენ.

გარდა ამისა, პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის კარანტინი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მოხდეს ეპიდაფეთქება. ეპიდაფეთქების თავიდან აცილება და ვირუსის გავრცელების შეფერხება მნიშვნელოვანია, რათა ერთბაშად არ მოხდეს მოსახლეობის დიდი ნაწილის დაინფიცირება, რომ მათმა რაოდენობამ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რესურსებს არ გადააჭარბოს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ინფორმაციით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ მყისიერი და აგრესიული ქმედებებით შეიძლება. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ქვეყნებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის სტრატეგიებისადმი მიბაძვისკენ მოუწოდა, რადგან მათ პანდემიის კონტროლი შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციის მოსახლეობა, რომელიც 60 მლნ-ს აღწევს იძულებით კარანტინში მოაქცია. მკაცრი ზომებით ჩინეთმა დაავადების გავრცელების მინიმუმამდე დაყვანა შეძლო.

1.„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მიხედვით, როგორც იზოლაციის, ისე კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში პირს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. გასაჩივრება ხდება ადმინისტრაციული წესით, რა დროსაც უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერია გადაწყვეტილება პირის იზოლაციის ან კარანტინში გადაყვანის შესახებ.

2. იგულისხმება პირის იძულებით გადაყვანა საკარანტინო სივრცეში და არა ტერიტორიული ერთეულების ჩაკეტვა და მასობრივი კარანტინი


მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი