იტვირთება

1. გაეცანით დაავადების საფუძვლებს

რა არის მისი სიმპტომები? როგორ ვრცელდება? რომელ სხვა დაავადებებს ჰგავს? რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ დაავადებაზე, მით უფრო უკეთ შეძლებთ ინტერნეტში დეზინფორმაციის აღმოჩენას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საწყის ეტაპზე არსებული ინფორმაცია, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს. დაავადების შესახებ ინფორმაციას გაეცანით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდებზე.

2. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამბებს, სადაც წერია, რომ დაავადების გავრცელება დაგეგმილი იყო

საწყის ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, იმის დადგენა, თუ საიდან დაიწყო ეპიდემია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საქმე ახალ დაავადებას ეხება. ზუსტად ამ დროს საქმეში შეთქმულების თეორიები ერთვება. ამ მხრივ, კორონავირუსთან დაკავშირებით, სხვადასხვა მტკიცებას ჰქონდა ადგილი. ზოგიერთი კონსპირაციული ვარაუდის თანახმად, დაავადება ბიოლოგიური იარაღია, ის ლაბორატორიაში შეიქმნა ან ეპიდემიის ორგანიზება ძალაუფლების მქონე პირის მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოხდა. ნუ აჰყვებით ცდუნებას და ნუ გააზიარებთ მსგავს დაუსაბუთებელ ინფორმაციას.

3. გადაამოწმეთ ეპიდემიასთან დაკავშირებით გავრცელებული სურათები, ვიდეო და აუდიო მასალა

ეპიდემიის მიმდინარეობა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ან შეცდომაში შემყვანი ვიზუალური მასალის გასავრცელებლად მეტად ხელსაყრელი დროა. სკეპტიკურად მიუდექით იმ სურათებს, ვიდეო და აუდიო მასალას, რომლებიც აღწერის მიხედვით, დაავადებულ ადამიანებს ან დაავადების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს ასახავს, თუკი ისინი ოფიციალური წყაროს ან სანდო მედიის მიერ არაა გავრცელებული. მსგავსი ინფორმაციის სისწორეში, როცა ეჭვი შეგეპარებათ, გამოიყენეთ სურათის ძებნის ისეთი საშუალებები, როგორიცაა Google Reverse Image Search, RevEye და InVid. მათი მეშვეობით, სოციალურ მედიაში გავრცელებული სურათებისა და ვიდეო მასალის თავდაპირველი კონტექსტის დადგენას შეძლებთ.

თუკი თქვენ თავად ვერ ამოწმებთ მასალის სისწორეს, მიმართეთ საქართველოში მოქმედ ფაქტების გადამამოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის factcheck.ge-ის რედაქციას (მისი Facebook გვერდის საშუალებით) ან მითების დეტექტორს (მისი Facebook გვერდის საშუალებით).

4. ორჯერ გადაამოწმეთ ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა, ასევე, სიკვდილიანობის კოეფიციენტი

აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო მოხელეების მიერ ეპიდემიის სიმწვავის გასაზომად გამოიყენება და ისინი ყოველდღიურად იცვლება. ეს გარემოება კი მოძველებული ინფორმაციის კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოყენების, ან უარეს შემთხვევაში, მონაცემების გაყალბების საშუალებას იძლევა. დაავადების მიერ გამოწვეული შედეგების შესახებ ოფიციალური მონაცემების მისაღებად იხილეთ ჯანმო-ს მოხსენებები (2019 წლის კორონავირუსის პანდემიის შესახებ მაგალითები იხილეთ აქ).

საქართველოს შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მთავრობის ვებგვერდს - www.stopcov.ge, რომელიც სპეციალურად კორონავირუსთან დაკავშირებით შეიქმნა. ასევე, შეგიძლიათ, ეწვიოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდს, საიდანაც ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია ვრცელდება.

5. ყურადღება მიაქციეთ დაავადების ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოჩენის ან საფრთხის გადაჭარბებულად წარმოდგენის (პანიკის ხელოვნურად დათესვის) მცდელობებს

ეპიდემიების დროს მისით მანიპულირება ხშირად ხდება. იქნებიან ადამიანები, რომლებიც სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეტრიალებას ან პირიქით, ეპიდემიის სხვაზე გადაბრალებას ეცდებიან. ყურადღება გაამახვილეთ ისეთი სახის განცხადებებზე, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების მიბმას კონკრეტული პოლიტიკოსის, პარტიის ან ადამიანთა ჯგუფისთვის ცდილობს. ეპიდემიებს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს, ხოლო დადანაშაულება ყველაზე მარტივია.

6. ოფიციალური წყაროების გარეშე, ნუ გააზიარებთ დაავადების პრევენციის ან მკურნალობის მეთოდებს

დაავადების პრევენციის ან მკურნალობის მეთოდებზე სოციალური ქსელის პოსტები მსოფლიოში ზუსტად ისეთი სისწრაფით ვრცელდება, როგორც თავად ეპიდემია. ცრუ ინფორმაციის ნაწილი, როგორიცაა კორონავირუსისგან განსაკურნავად მათეთრებელი სითხის მიღება, ჯანმრთელობისთვის შესაძლოა, საზიანო იყოს, ხოლო ზოგიერთი მათგანი უწყინარია (მაგალითად, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ნივრის მიღება), თუმცა საბოლოო რეზულტატი ერთი და იგივეა: ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ, თავის დაცვის მიზნით, სწორი ინფორმაციის მისაღებად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ან ჯანდაცვის ადგილობრივ საჯარო თანამდებობის პირებს მიმართეთ.

ამასთანავე, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული მასალები კორონავირუსთან დაკავშირებული მითების შესახებ, ან ეწვიოთ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge, სადაც ასევე გაანალიზებულია ყალბი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდებზე.

7. მოიძიეთ ინფორმაცია იმაზე, რაც ჯერ კიდევ უცნობია

სამწუხაროდ, ხშირად მეცნიერებმა დაავადებაზე ბევრი რამ არ იციან. ისეთი დეტალების დადგენას, რომელიც ეხება დაავადების გავრცელების გზებს, იმას, თუ რა შემთხვევაშია მის შეკავება შესაძლებელი და რამდენად მომაკვდინებელია დაავადება, შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. (COVID - 19-ის სიკვდილიანობის კოეფიციენტი შესაძლოა, შეიცვალოს) ამასობაში, მავნე ან შეთხზული ინფორმაცია ონლაინსივრცეში სწრაფად ვრცელდება. ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ ის ინფორმაცია, რაც დაავადებაზე უკვე ცნობილია და მოიძიეთ სანდო წყაროები, რომლებიც ღიად ამბობენ იმას, რაც ჯერ არ იციან.

„ფაქტ-მეტრი“ მზად არის გადაამოწმოს ყველა ის ინფორმაცია, რომელშიც ეჭვი გეპარებათ. შეგიძლიათ მოგვწეროთ და ჩვენი გუნდი ეცდება თქვენს შეკითხვებს ამომწურავად უპასუხონ. დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატია თავდაპირველად Poynter Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სტატია კი PolitiFact-ის მიერ არის მომზადებული. FactCheck.ge გთავაზობთ მის ქართულ ვერსიას, რომელშიც საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, დამატებითი რეკომენდაციებია მოცემული.


მსგავსი სიახლეები

3116 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი