იტვირთება

ანალიზი

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების შესამსუბუქებლად წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის განხილვისას განაცხადა: „2012 წელთან შედარებით „ქართულმა ოცნებამ“ ბიუროკრატიული ხარჯები 1 მილიარდი ლარით გაზარდა“.

პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებელი, 1 მლრდ ლარი შეესაბამება ნაერთი ბიუჯეტის [1] შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების მუხლების ჯამის ნაზრდს, რაც ადმინისტრაციულ ხარჯებს წარმოადგენს. ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა მთლიან შიდა პროდუქტთან ან/და ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით. ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების 8-წლიან პერიოდში შედარება არასწორია, ვინაიდან ამ წლებში ერთი მხრივ, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციის ფაქტორი არ არის გამორიცხული. დამატებით უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციული ხარჯები მოიცავს თავდაცვისუნარიანობისა და საზოგადოებრივი წესრიგის (პოლიცია) უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯებს, მასწავლებელთა და ექიმების ხელფასებს და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ განცხადების კონტექსტი გულისხმობს გამოთავისუფლებული თანხების საშუალებით კრიზისის შერბილების შესაძლებლობას. თუმცა, როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული ხარჯების დასახელებული მაჩვენებლები მხოლოდ უშუალოდ „ბიუროკრატების“ კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე დახარჯულ სახსრებს არ ასახავს, ცალკეული ჯგუფის დანახარჯების მიზანშეწონილობაზე მსჯელობას კი დამატებითი არგუმენტირება ესაჭიროება. კერძოდ, საჭიროა, მოხდეს ხარჯების დიფერენცირება, რომელთა შემცირება/გაუქმება მიზანშეწონილი იქნებოდა; მაგრამ ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, სულაც გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვა ისევ იმ კატეგორიაში იყოს უპრიანი (მაგ, ჯანდაცვაზე ხარჯები), რომლებიც ადმინისტრაციულ ხარჯებს მიეკუთვნება. შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, რომ 2012 წელთან შედარებით რადგან ადმინისტრაციული (და არა ბიუროკრატიული) ხარჯები მილიარდით გაიზარდა, ამდენივეთი შესაძლებელია მისი შემცირება და სხვა დანიშნულებით მიმართვა, არასწორია. 8-წლიან ჭრილში ადმინისტრაციული ხარჯების აბსოლუტური მნიშვნელობის ცვლილებასა და მიმდინარე ბიუჯეტში „გამოთავისუფლებადი“ სახსრების მოცულობას შორის კავშირის წარმოჩენა, მანიპულაციურია.

გრაფიკი 1: ადმინისტრაციული ხარჯების დინამიკა 2012-2020 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიუხედავად იმისა, რომ ნაერთი ბიუჯეტის აბსოლუტური მაჩვენებლები ზრდადია (რაც ბუნებრივია) და 2020 წლის ადმინისტრაციული ხარჯების გეგმური აბსოლუტური მაჩვენებელი 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 1 მლრდ ლარით აღემატება, ფარდობითი მაჩვენებელი, როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან, ასევე ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან, 2012 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებთან 6.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

----------------------------------------------------------------------------------------------

[1] ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების კონსოლიდირებულ მაჩვენებლებს აერთიანებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი