11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება პანდემიად შეაფასა. პანდემიის გამოცხადების საფუძველი მსოფლიოში ახალი ვირუსის გავრცელების მასშტაბი და სიმძიმე, ასევე ზოგიერთი ქვეყნის უმოქმედობა გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყნებს მყისიერი და აგრესიული ქმედებისკენ მოუწოდა. ჯანმო-ს შეფასებით, პანდემიის მიმდინარეობის შეცვლა ყველა ქვეყანას შეუძლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ ჯერ კიდევ 30 იანვარს გამოაცხადა.
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და როგორც ჩინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, სწრაფი ტემპით გავრცელდა. 18 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 157 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ინფიცირებულთა რაოდენობამ 205 ათასს გადააჭარბა. გარდაცვალების 8200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, 82 100-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ქვეყნებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის სტრატეგიებისადმი მიბაძვისკენ მოუწოდა, რადგან ამ სტრატეგიებმა აჩვენეს, რომ პანდემიის კონტროლი შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ 17 მარტს ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგარეო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. „ფაქტ-მეტრმა“ გაანალიზა, როგორ იქცა კორონავირუსი პანდემიად და რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. სტატიაში რამდენიმე ქვეყანას მიმოვიხილავთ, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
ჩინეთი
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა, რომ ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელება ზღვის პროდუქტების ბაზარს უკავშირდება, რომელიც 2020 წლის 1 იანვარს დაიკეტა. როგორც გაირკვა, პნევმონია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით იყო გამოწვეული. 9 იანვარს ახალი კორონავირუსით პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 20 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ჩინეთი შეეცადა, ჰუბეის ტერიტორიის გარეთ ვირუსი არ გავრცელებულიყო. 23 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი უჰანი დროებით ჩაკეტა, ზომები გამკაცრდა ჰუბეის მთელ პროვინციაში. თუმცა, იმ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის სხვა ქალაქებში უკვე დაფიქსირებული იყო და დაავადება ჩინეთის საზღვრებსაც გასცდა (სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი, ტაილანდი, სინგაპური, ვიეტნამი, აშშ). კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთმა 25 იანვარს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გააუქმა, რასაც სხვა მასშტაბური ღონისძიებების გაუქმება მოჰყვა. შეჩერდა სასწავლო პროცესიც. ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციის მოსახლეობა, რომელიც 60 მლნ-ს აღწევს, მკაცრ იზოლაციაში გადაიყვანა. კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის 14 დროებითი ჰოსპიტალი გაიხსნა და სამედიცინო პერსონალის მობილიზება მოხდა.
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პიკი თებერვლის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. მხოლოდ ერთ დღეში, 12 თებერვალს, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. მკაცრი კონტროლით, ჩინეთმა ეპიდსიტუაციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეძლო, თებერვლის ბოლოდან ახალი შემთხვევების დინამიკური კლება დაიწყო. მარტის მონაცემებით კი ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. 10 მარტს ჩინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და უჰანში ვირუსის გავრცელება შეჩერებული იყო. დაიხურა დროებითი ჰოსპიტლები. 15 მარტს კორონავირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 17 მარტის მონაცემებით, ჩინეთში გასულ 24 საათში მხოლოდ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ დადასტურებულია 80 881 შემთხვევა, აქედან - გარდაცვალების 3 226 და გამოჯანმრთელების 68 679 შემთხვევა. ჩინეთი კორონავირუსთან საბრძოლველად სხვა ქვეყნების დახმარებას იწყებს. მან იტალიაში ექიმების ჯგუფი და სამედიცინო ინვენტარი გააგზავნა. ასევე, ჩინეთმა საქართველოს 420 000 აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი უსასყიდლოდ გადასცა.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაფიქსირდა და ის უჰანიდან ჩამოსულ ჩინეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა. 18 მარტის მონაცემებით კი ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 000-ს აჭარბებს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 84-ია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეამ ვირუსთან საბრძოლველად მაქსიმალურად მეტი ადამიანისათვის კორონავირუსის ტესტის ჩატარების სტრატეგია აირჩია. ამგვარად, კორეაში Covid-19-ზე ტესტი ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ადამიანს უტარდება. ტესტირების გასავლელად მოქალაქეების ნაწილს საავადმყოფოში წასვლა არ უწევს, რადგან პროცედურის ჩატარება მათ საკუთარი მანქანიდან გადმოუსვლელად შეუძლიათ. ამისათვის ქვეყანაში გზის პირას სპეციალური ლოკაციებია, სადაც სამედიცინო პერსონალი ადამიანებს კორონავირუსზე მანქანიდან გადმოუსვლელად ამოწმებს. პროცედურა, რომელიც 10 წუთს გრძელდება, სრულიად უფასოა. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, Covid-19-ზე ტესტი 270 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მასობრივი ტესტირებები კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ვირუსთან საბრძოლველად დამატებითი ზომების მიღება არ გამოირიცხება. ამ ეტაპზე, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, სამუშაო ოფისები დახურულია, ხალხმრავალი თავყრილობები აღარ იმართება.
იტალია
ჩინეთის გარეთ, ახალი კორონავირუსი ყველაზე დიდი მასშტაბით იტალიაში გავრცელდა. იანვრის ბოლოს, რომში Covid-19-ით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ორი ჩინელ ტურისტებს დაუდგინდათ. Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებამდე კოდონიოში, ჩრდილოეთ იტალიაში, პნევმონიის შემთხვევების არნახული ზრდა დაფიქსირდა, რომლებიც Covid-19-ზე არ შეუმოწმებიათ. ეს კი იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ჯანდაცვის ცენტრალურ მენეჯმენტსა და ადგილობრივ საავადმყოფოებს შორის არსებული დაბალი კოორდინაციის გამო, ექიმები, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სეზონური გრიპით ინფიცირების მსგავსად მკურნალობდნენ. ამგვარად, ერთ-ერთი თვალსაზრისით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეუმჩნევლად, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებიდან, დაიწყო, რამაც 21 თებერვალს, ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, Covid-19-ის გავრცელების შეჩერება გააძნელა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველი ვერსიის საწინააღმდეგოდ, იტალიაში კორონავირუსის გავრცელება, შესაძლოა, გერმანიიდან მომხდარიყო. 18 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსი ჯამში 31 506 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო მათგან 2 503 გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალია ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 31 იანვარს ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა და, ამასთან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემდეგ, იტალიის მთავრობას კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოუწია - საკარანტინო მდგომარეობა თავდაპირველად (23 თებერვლიდან) იტალიის ჩრდილოეთში მდებარე სხვადასხვა ქალაქზე, 8 მარტიდან ჩრდილოეთ იტალიის რეგიონებზე, ხოლო 10 მარტიდან, მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
კარანტინის პირობებში, რომელიც, ჯერჯერობით, 3 აპრილამდე პერიოდს ეხება, ადამიანებს ქუჩაში გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების დროს შეუძლიათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, შეჩერებულია სპორტული ღონისძიებები, დახურულია კაფე-ბარები, რესტორნები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები. ასევე გადაიდო „სერია ა“-ს საფეხბურთო მატჩები, მოქალაქეებს სასურსათო მაღაზიებითა და აფთიაქებით სარგებლობის შესაძლებლობა, უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობით, აქვთ. კარანტინის პირობების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული.
დიდი ბრიტანეთი
31 იანვარს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. 18 მარტის მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 000 -მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვალების 72 შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა: „COVID-19 ახლა გლობალური პანდემიაა და შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს. ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე დადასტურებულად ვიცით.... მე ვალდებული ვარ ვუთხრა ბრიტანელებს, რომ ბევრი ოჯახი დაკარგავს მათ საყვარელ ადამიანებს“.
დიდ ბრიტანეთს, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი ზომებისთვის (საზღვრების ჩაკეტვა, მოსახლეობის თვითიზოლაცია, სკოლების დახურვა და ა.შ.) არ მიუმართავს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგია რისკ-ჯგუფების დაცვას, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში კი იმუნიტეტის გამომუშავებას გულისხმობს. გაიცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, 7 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ.
მოგვიანებით, ბრიტანეთმა კურსი შეცვალა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 16 მარტს კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე ისაუბრა. ბრიტანეთში 70 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები 4 თვეს თვითიზოლაციაში გაატარებენ. ამასთან, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ექნება კორონავირუსის სიმპტომები, ოჯახის ყველა წევრი 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში. ასევე, აიკრძალა მასობრივი შეკრებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დიდ ბრიტანეთს ვირუსის შესაჩერებლად უფრო აგრესიული ზომებისთვის არ მიუმართავს.
ესპანეთი
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს დაფიქსირდა. Covid-19 კანარის კუნძულებზე მდებარე ქალაქ გომერაში მყოფ გერმანიის მოქალაქეს აღმოაჩნდა. 18 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა და 533 ადამიანი გარდაიცვალა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 15 მარტს ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, 12 მარტს ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მთავრობამ მასობრივი შეკრებების გამართვას ხელი არ შეუშალა. მაგალითად, 8 მარტს, მადრიდში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობა 120 000-მა ადამიანმა მიიღო, რამაც, ვირუსის გავრცელებას, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო.
16 მარტიდან, ესპანეთმა საფრანგეთთან და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვრებიც ჩაკეტა. ქვეყანაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დახურულია მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები და რესტორნები. ასევე, იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა. მოქალაქეებს სახლების დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად, ან განსაკუთრებული საჭიროების დროს აქვთ.
გერმანია
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. 18 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 000-ს გადააჭარბა, ხოლო ვირუსით სულ 26 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიის ფედერაციული მიწების მიერ სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით რადიკალური ზომები მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. ანგელა მერკელის 16 მარტის განცხადებით, დაიკეტება ბარები, თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, საზოგადოებრივი პარკები და მაღაზიების ნაწილი. ასევე, აიკრძალება ტურისტების გადაადგილება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მეორე მხრივ, სუპერმარკეტები, აფთიაქები და ყველა ის ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს საზოგადოებას, ღია დარჩება. ამასთან, რესტორნებს მუშაობა მხოლოდ 06:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.
მარტის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. 4 მარტს გერმანიამ კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი აკრძალა. 16 მარტს ხელისუფლებამ ხუთ მოსაზღვრე ქვეყანასთან საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა. ასევე, 16 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესიც შეწყდა. ამასთან, გერმანიაში მასობრივი თავყრილობების გამართვა აკრძალულია, რის გამოც სპორტული და კულტურული ღონისძიებები გადაიდო.
ირანი
ირანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს ქალაქ ყუმში დაფიქსირდა და მას ორივე ინფიცირებული ხანდაზმული ემსხვერპლა. 18 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა, ხოლო ვირუსით სულ 988 ადამიანი გარდაიცვალა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ინფორმაციის შესაძლო დამალვასა და არასწორი მონაცემების გავრცელებაზე მრავალი წყარო მიუთითებს. მათი მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ასახავს.
თებერვალში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ, ხელისუფლებამ, დიდ ქალაქებს შორის მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, გზებზე საკონტროლო პუნქტები განათავსა. ეპიდემიის გამო ირანში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, ასევე მასშტაბური სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ამასთან, თეირანისა და სხვა დიდი ქალაქების მეჩეთებში პარასკევის ლოცვა შეჩერებულია. კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ ციხიდან 85 000 პატიმარი დროებით გაათავისუფლა. ასევე, მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებისა, რომ ქალაქების ან სხვა დასახლებების კარანტინის ზონად გამოცხადება არ იგეგმებოდა, ირანის წმინდა ქალაქი - ყუმი და იქ მდებარე მნიშვნელოვანი (შიიტი მუსლიმებისთვის) სალოცავები, მომლოცველებისთვის 16 მარტს ჩაიკეტა. ხელისუფლების სტრატეგიას, ვირუსთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომები არ მიეღო, ქვეყნის შიგნით კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, სავალდებულო კარანტინის გამოცხადებას ირანის ხელისუფლება კვლავაც არ აპირებს და მის მიდგომაში, ამ ეტაპზე, მოსახლეობისთვის სახლში დარჩენისა და ზედმეტი გადაადგილებისგან თავის შეკავების რეკომენდაციების გაცემა შედის.
აშშ
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 21 იანვარს დაფიქსირდა და ის უჰანიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა. 30 იანვარს შიდა გადაცემის პირველი შემთხვევაც დადასტურდა. 18 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 114 ადამიანი.
ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთიდან აშშ-ში მგზავრობა ჯერ კიდევ 31 იანვარს შეზღუდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებთან, 30 დღის ვადით, ყველა სახის მგზავრობა შეაჩერა. მოგვიანებით, ამ ქვეყნების სიას გაერთიანებული სამეფო და ირლანდიაც დაემატა. აშშ-ში შესვლის აკრძალვა ეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც წინა 14 დღის განმავლობაში ჩინეთში, ირანში ან ევროპის ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ. 13 მარტს დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამჟამად, თეთრის სახლის ინიციატივით, ეკონომიკისათვის პანდემიით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად, კონგრესი მოქალაქეებისათვის, დაახლოებით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტზე მუშაობს. გარდა ამისა, კორონავირუსის ტესტირებისა და ანაზღაურებადი შვებულებისთვის, ასევე, საგანგებო მდგომარეობაში საჭირო ხარჯებისთვის შეთანხმება 108 მილიარდ აშშ დოლარზე უკვე მიღწეულია.
აშშ-ში სასწავლო პროცესი ზოგიერთ შტატში სრულად შეწყდა. უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის შტატებში, 16 მარტიდან, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და კაზინოები დაიხურა, ხოლო ბარები და რესტორნები მუშაობას მხოლოდ ადგილზე მიტანის მომსახურების პირობებში გააგრძელებენ. მართალია, ტრამპს კარანტინი ან კომენდანტის საათი არ გამოუცხადებია, თუმცა 16 მარტს მან ამერიკელებს მასობრივ თავყრილობებში (10 ადამიანზე მეტი) მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
საქართველო
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. თუმცა, საქართველოში ვირუსის გავრცელება ძირითადად იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 1 300-ზე მეტი მოქალაქე, 200-ზე მეტი ადამიანი კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.
1 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა. სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა, 13 აპრილამდე გადავადდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება დაიწყო.
კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყველა ორგანო 24-საათიანი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. 12 მარტს ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია გაიცა. თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაჰყავთ. 12 მარტიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან შემოსული მგზავრებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა. აქამდე, სავალდებულო კარანტინი და თვითიზოლაცია ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოსულ მგზავრებზე ვრცელდებოდა. 18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები მთლიანად ჩაიკეტება.
16 მარტის გადაწყვეტილებით, სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით დაიხურა. გაიცა რეკომენდაცია, რომ კაფეებმა, ბარებმა და რესტორნებმა მომსახურება შეზღუდონ და მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისი დატოვონ.
მთავრობის რეკომენდაციით, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები თვითიზოლაციაში უნდა მოექცნენ, თავის მხრივ კი სახელმწიფო მათთვის საჭირო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს. 17 მარტის გადაწყვეტილებით, აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. დედაქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს (მეტრო, ავტობუსები). ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს. 17 მარტს პარლამენტში დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმას, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარს ითვალისწინებს.
ვირუსის გავრცელების მონაცემები მუდმივად განახლებადია.
თეონა აბსანძე
ნიკა მამულაძე