იტვირთება

ერთ-ერთი კლინიკა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალია. კლინიკამ რამდენიმე დღის წინ ბოქსირებული განყოფილებები სრულად გაათავისუფლა. ჰოსპიტალის ხელმძღვანელის დავით ბარლიანის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკა 40 ინფიცირებულ პაციენტს მიიღებს. ბარლიანის განმარტებით, პარალელურად ჰოსპიტალთან არსებული საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებს, სადაც 1-18 მარტამდე პერიოდში, სულ 115 პირია რეგისტრირებული. წინა დღეებში, 25 პაციენტი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში, მათ შორის სამთო კურორტზე, გუდაურში, გადაიყვანეს. 10-მდე პაციენტი კი სახლში გაწერეს. შედეგად, ჰოსპიტალში ამჟამად 55 პირია დარჩენილი. მათ შორის 14 სამხედრო მოსამსახურე და 41 სამოქალაქო პირია, მათგან 4 უცხო ქვეყნის, 37 კი საქართველოს მოქალაქეა.

ჰოსპიტალის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, ლუგარის ლაბორატორიაში 31 ტესტი გაიგზავნა, საიდანაც ყველას პასუხი უარყოფითია. ამჟამად ჰოსპიტალი 6 ახალი პაციენტის მდგომარეობას იკვლევს. დასახელებული პაციენტები 18 მარტს უცხოეთიდან ჩამოსულ 35 პირს შორის იყვნენ. ყველა მათგანი ჰოსპიტლის საკარანტინე ზონაშია მოთავსებული. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ აღნიშნულ 6 პირს კორონავურისისთვის დამახასიათებელი ნიშნების მსუბუქი გამოვლინება აღენიშნება. მათი ანალიზის პასუხები 19 მარტს გახდება ცნობილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გორის ორგანიზაციის ცნობით, შიდა ქართლის (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) მასშტაბით თვითიზოლაციაში 57 პირი იმყოფება. აქედან წესების დარღვევის გამო 3 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საკარანტინო ზონად 1 მარტიდან გამოცხადდა. ამ პერიოდიდან თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულმა სამედიცინო დაწესებულებამ სხვა პაციენტების მიღება შეაჩერა. პირები კი, რომლებიც იქ მანამდე მკურნალობდნენ, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. დავით ბარლიანის თქმით, ჰოსპიტალი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისე მედ-პერსონალის კვალიფიციურობის კუთხით, რასაც მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებიც ადასტურებს.

„140 პაციენტის განთავსება შეგვიძლია ფორსმაჟორის გარეშე, ერთ პალატაში 2-3 საწოლი დგას, მაგრამ ვირუსის შემთხვევაში, პალატაში თითო პაციენტი უნდა იმყოფებოდეს. ასეთ ვითარებაში ფართი დაიკარგება. თუმცა შესაძლებელია ჯგუფების ერთად განთავსება და დაკვირვება. 12-13 მარტს ჰოსპიტალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი იმყოფებოდა, ჩვენი მუშაობის ტაქტიკა შეამოწმა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მოგვცა. ჩვენ მედ-პერსონალის გადამზადება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც გასული წლის ბოლოს ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოცხადდა“, -აღნიშნა ჩვენთან საუბარში დავით ბარლიანმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად, პირის ჰოსპიტალში შეყვანის შემდეგ მისი ანამნეზის შეკრება და რისკჯგუფის განსაზღვრა ხდება. კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, პაციენტს შესაბამის საკარანტინო სივრცეში ათავსებენ, სადაც ვირუსული სინჯის აღებაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგი იღებს. კარანტინში პირი 14 დღის განმავლობაში იზოლირებულ პალატაში იმყოფება და საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით არის უზრუნველყოფილი.

ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებიც მიიღოს. საქართველოს ხელისუფლებამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, თუმცა ცხინვალმა საპასუხოდ, გამშვები პუნქტები ჩაკეტა და ვირუსის გავრცელების საფრთხედ ქართული მხრიდან მოქალაქეთა შესვლა დაასახელა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ საქართველოდან დაავადების ქვეყანაში შეღწევა“. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქართულ კლინიკაში სამკურნალოდ „წითელმა ჯვარმა“ ერთი პაციენტი გადმოიყვანა (არა ვირუსის სიმპტომებით). საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან სამკურნალოდ სულ 35 ადამიანი გადმოვიდა. მათ შორის, ზოგიერთს, დახმარება გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც გაეწია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი კატეგორიის პაციენტები გორის სამხედრო ჰოსპიტალს ამ დრომდე სისტემატურად მიმართავენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გორის ჰოსპიტალი1 მარტიდან საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისად, სხვა პროფილის პაციენტების მიღება შეწყვიტა. აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალში მომსახურე პერსონალის რაოდენობაც დროებით შემცირდა. სულ ამ კლინიკაში 588 პირია დასაქმებული, უმრავლესობა სამედიცინო პერსონალია. მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი გორში თბილისიდან დადის. ისინი ვინც სახლებში გაუშვეს, ხელფასის მიღებას ჩვეულებრივად დაჰპირდნენ, თუმცა არსებული ვითარების გამო როდემდე მოუწევთ ამ რეჟიმში ყოფნა, უცნობია. ბარლიანის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ბევრი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე მიიღეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჰოსპიტალი არ ღებულობს ამბულატორიულ და გეგმიურ პაციენტებს, ძირითად განყოფილებებში მხოლოდ მორიგე პერსონალია. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ეხება განყოფილებებს, სადაც განთავსებულია საკარანტინო ზონა. შეიქმნა სარეზერვო ექიმებისა და მედდების ჯგუფები. ვინც ამ ეტაპზე სამუშაო ადგილებზე რჩება, სათანადოდ არიან აღჭურვილნი და გადამზადებულნი. რაც შეეხება COVID-19 პანდემიას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჩატარდა ტრენინგები სამხედრო ჰოსპიტალის მედ-პერსონალის მონაწილეობით. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ რისკს, რომ ვერ გავუწიოთ პაციენტს დახმარება”, -ამბობს ბარნიალი.

ოფიციალური ინფორმაციით, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის, გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს. 12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, ეს იყო საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მდებარე ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც დაჭრილებისა და ტრავმირებული მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდებოდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი 2006 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. მანამდე ამ ობიექტზე გორის რაიონული საავადმყოფო ფუნქციონირებდა. კლინიკის მისიად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო პენსიონერებისათვის სრული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა დასახელდა.

სამხედროებთან ერთად, საკარანტინო ზონად გამოცხადებამდე ჰოსპიტალი სამოქალაქო პირებსაც ემსახურებოდა, სადაც შესაძლებელი იყო 24-საათიან რეჟიმში გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღება. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, კლინიკა მუშაობის ახალ, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.


მსგავსი სიახლეები

3008 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი