525 მლნ ლარით მეტს ხარჯავს ბიუროკრატიაში [მთავრობა]

რეზიუმე: ნიკა მელიას განცხადების დასაზუსტებლად პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დავუკავშირდით. მათი განმარტებით, პოლიტიკოსი სახელმწიფო ბიუჯეტის 2012 წლის შრომის ანაზღაურების მუხლს, 2020 წლის შესაბამის გეგმიურ მაჩვენებელთან ადარებს. 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების მუხლი 526 მლნ ლარით გაიზარდა.

ბიუროკრატიული ხარჯების დასახელებული მაჩვენებლები უშუალოდ ბიუროკრატების კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე დახარჯულ ხარჯებს არ ასახავს. აღნიშნული მონაცემები ისეთ მუხლებს ითვალისწინებს, როგორიცაა ქვეყნის ჯარის, პენიტენციური უწყებების, პოლიციის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მასწავლებელთა და ექიმების ხელფასები და ა.შ. იმისთვის, რომ წლების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ცვლილების ტენდენცია გაანალიზდეს, საჭიროა მისი ფარდობითი მაჩვენებლების შედარება და არა ნომინალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ანალიზი. ამის მიზეზი ისაა, რომ წლების მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ნომინალური მაჩვენებლები იზრდება და შესაბამისად, ბიუროკრატიული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლებიც იზრდება. საბიუჯეტო ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მეორე მიზეზი ინფლაციაა.

ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზისას განხილულ უნდა იქნას არა მხოლოდ შრომის ანაზღაურების მუხლი, არამედ შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების მუხლების ჯამები. აღნიშნული მუხლები წმინდა ბიუროკრატიული ხარჯების (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა) გარდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს, ასევე მათი ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შეძენას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ნაერთი ბიუჯეტის აბსოლუტური მაჩვენებლები ზრდადია და 2020 წლის ადმინისტრაციული ხარჯების გეგმიური აბსოლუტური მაჩვენებელი, 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 1 მლრდ ლარით აღემატება, ფარდობითი მაჩვენებელი, როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან, ასევე ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წლის ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან, 2012 წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებთან 6.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ასევე, ნაკლებია უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლის ფარდობითი მაჩვენებელიც: მშპ-სთან - 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართებით - 2.2 პროცენტული პუნქტით.

ანალიზი

„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა: 525 მლნ ლარით მეტს ხარჯავს ბიუროკრატიაში [მთავრობა]. როგორც პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგვიზუსტეს, პოლიტიკოსი სახელმწიფო ბიუჯეტის 2012 წლის შრომის ანაზღაურების მუხლს 2020 წლის შესაბამის გეგმიურ მაჩვენებელთან ადარებს. 2012 წელს, შრომის ანაზღაურების მუხლის მთლიანი ასიგნებები 1.04 მლრდ ლარით განისაზღვრა, ხოლო 2020 წლის გეგმიური მაჩვენებელი დაახლოებით 1.57 მლრდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, მათ შორის სხვაობა დაახლოებით 526 მლნ ლარია.

ბიუროკრატიული ხარჯების დასახელებული მაჩვენებლები უშუალოდ ბიუროკრატების კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე დახარჯულ თანხებს არ ასახავს. აღნიშნული მონაცემი ისეთ მუხლებს ითვალისწინებს, როგორიცაა ქვეყნის ჯარის, პენიტენციური უწყებების, პოლიციის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მასწავლებელთა და ექიმების ხელფასები და ა.შ. მათი ანაზღაურების ზრდა, ბუნებრივია, შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდაში აღირიცხება. შესაბამისად, აღნიშნულ განცხადებაში კონკრეტიკის ნაკლებობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ დასახელებული თანხები მხოლოდ ბიუროკრატიას, ამ სიტყვის უარყოფითი მნიშვნელობით, ხმარდება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, იმისთვის, რომ წლების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ცვლილების ტენდენცია გაანალიზდეს, საჭიროა ფარდობითი მაჩვენებლების შედარება და არა ნომინალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ანალიზი. ამის მიზეზი ისაა, რომ წლების მანძილზე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ნომინალური მაჩვენებლები და შესაბამისად, იზრდება ბიუროკრატიული ხარჯების აბსოლუტური მაჩვენებლებიც. საბიუჯეტო ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მეორე მიზეზი ინფლაციაა. კონკრეტულად, ყოველწლიურად ფასების დონის ზრდიდან გამომდინარე, ერთი და იმავე მოცულობის საქონლის და მომსახურების შეძენას 2012 წელს უფრო ნაკლები თანხა სჭირდებოდა, ვიდრე დღეს. უცვლელად ვერ შენარჩუნდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებაც და მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებასთან ერთად მისი ზრდა ობიექტური აუცილებლობაა, რაც ასევე ზრდის ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალურ მაჩვენებელს.

ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზისას განხილულ უნდა იქნას არა მხოლოდ შრომის ანაზღაურების მუხლი, არამედ შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების მუხლების ჯამები. აღნიშნული მუხლები წმინდა ბიუროკრატიული ხარჯების (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა) გარდა, მოიცავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს, ასევე, მათი ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შეძენას. ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების კონსოლიდირებულ მაჩვენებლებს აერთიანებს. ხოლო, ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები კი მათ მიერ შრომის ანაზღაურების, საქონლის და მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებია. შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლების გაანალიზებაა უპრიანი.

გრაფიკი 1: ადმინისტრაციული ხარჯების დინამიკა 2012-2020 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიუხედავად იმისა, რომ ნაერთი ბიუჯეტის აბსოლუტური მაჩვენებლები ზრდადია და 2020 წლის ადმინისტრაციული ხარჯების გეგმიური აბსოლუტური მაჩვენებელი, 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 1 მლრდ ლარით აღემატება, ფარდობითი მაჩვენებელი, როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან, ასევე ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან, 2012 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებთან 6.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ასევე, ნაკლებია უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლის ფარდობითი მაჩვენებელიც: მშპ-სთან - 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართებით - 2.2 პროცენტული პუნქტით.