იტვირთება

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული 17 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის 2019 წლის განმავლობაში 60000 ლარი დაიხარჯა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ აღმოაჩინა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შარშან უწყებამ ორჯერ შეისყიდა, განსხვავებული ღირებულებებით. პირველი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180019578), რომლის საპრეისკურანტო ღირებულება 407874 ლარი იყო, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 50000 ლარი, 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდა. ხელშეკრულება შპს „მათემოტორსთან“ 9 იანვარს სწორედ, 50000 ლარის მომსახურებაზე გაფორმდა და მისი მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2019 წლის ნოემბერში, იმავე ტიპის მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კიდევ ერთი ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT190021475), რომლის საპრეისკურანტო ღირებულება იყო 429559 ლარი. 4 დეკემბერს შპს „თეგეტა მოტორსთან“ ხელი მოეწერა 10000-ლარიან ხელშეკრულებას, რომლის ვადაც, ასევე, 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 27 დღით განისაზღვრა. ორივე შესყიდვის დოკუმენტაციაში ჩამოთვლილია ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტექნიკური მომსახურებასაც უმაღლესმა საბჭომ ორჯერ შეისყიდა. ესენია:

მიცუბისი „ოუტლანდი“ (ძრავი 2.4) – 6 ერთეული;

კია „სერატო (ძრავი 1.4) – 2 ერთეული;

კია „სპორტეიჯი ჯიპი“ (ძრავი 2.0) – 2 ერთეული;

ტოიოტა „კამრი“ (ძრავი 2.4) – 1 ერთეული;

ტოიოტა „ლენდკრუისერი“ (ძრავი 4.0) – 1 ერთეული;

BMV X1 (ძრავი 2.0) – 1 ერთეული;

ჰიუნდაი „ელანტრა“ (ძრავი 1.8) – 1 ერთეული;

„ფორდ ტრანზიტი“ (ძრავი 2.2) – 1 ერთეული;

მიცუბისი „ლანსერი“ (ძრავი 2.0) – 1 ერთეული;

„მერსედეს ბენცი“ (ძრავი 2.3) – 1 ერთეული.

გარდა ამისა, უმაღლესმა საბჭომ, გამარტივებული წესით, ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების შეძენის მიზნით, შპს „თეგეტა მოტორსთან“ 3183 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტების თანახმად, გადახდილია 1650 ლარი. 2019 წელს იმავე კომპანიისგან, ასევე გამარტივებული წესით, შეისყიდა 1600 ლარის ღირებულების საბურავები და 304 ლარის აკუმულატორები. 2019 წლის მარტში საკანონმდებლო ორგანომ, კვლავ „თეგეტა მოტორსისგან“, გამარტივებული წესით, შეიძინა საბურავები 520 ლარად, 560 ლარად და 480 ლარად.

გამოდის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ, 17 სატრანსპორტო საშუალების ნაწილების შეძენის, მათი მონტაჟისა და სხვა ტიპის ტექნიკური მომსახურებისთვის, ელექტრონული ტენდერის გზით - 60000 ლარი (რაც საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ინფორმაციითაც დასტურდება), ხოლო პირდაპირი წესით 5100 ლარი დახარჯა, ჯამში - 65100 ლარი.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რატომ გახდა საჭირო 2019 წლის ბოლოს თითქმის ერთი თვის ვადით 10000-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმება. უმაღლესი საბჭოდან მოგვწერეს, რომ მათ ბალანსზე რიცხული ტრანსპორტის უმეტესობის ასაკი ათ წელს აღემატება, ხოლო გარბენი 200000 კილომეტრს, ზოგ შემთხვევაში კი 300000 კილომეტრს აჭარბებს, რის გამოც ტრანსპორტი ხშირად გამოდის მწყობრიდან. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომანქანის - SCA 007- ის (ჯიპი აუტლანდერი) ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ვინაიდან წინა ტენდერის თანხა ამოწურული იყო, კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, თანხის ნაწილი - ძრავის, ხოლო ნაწილი სხვა მანქანების შეკეთებისთვის გაიხარჯა. აქვე ვიტყვით, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ წულაძე სარგებლობდა, ჯერ კიდევ 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის თანამშრომლებმა დაზიანებულ მდგომარეობაში დააფიქსირეს „ქართული ოცნების“ შტაბის წინ. მაშინ დეპუტატი აცხადებდა, რომ ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაში უცხო პირმა დააზიანა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განმარტავდნენ, რომ ხარჯს სადაზღვევო კომპანია დაფარავდა. „ფაქტ-მეტრს“ უმაღლესი საბჭოს შესაბამის სამსახურში დაუდასტურეს, რომ ავარიის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანიამ ნამდვილად აანაზღაურა.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე, 2018 წლამდე 18 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავდა. როგორც განგვიმარტეს, ავტომანქანა „გრეით ვოლ ვინგლი“ მახინჯაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა და აღდგენას არ ექვემდებარებოდა. მომხდარის გამო სასამართლომ ზარალის ანაზღაურება მძღოლს დააკისრა.

ბოლო მოწვევის აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ, მას შემდეგ, რაც 2016 წლის ნოემბერში უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, 2019 წლის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე ჯამში 294792 ლარი დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, სამ წელიწადში, ერთ ავტომობილზე, საშუალოდ, დაახლოებით 17341 ლარი დაიხარჯა, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა გამართული ტრანსპორტის შესაძენად. მით უმეტეს, როგორც განგვიმარტეს, არსებული ავტომანქანები ძველია, ხშირად ზიანდება და მათი შეკეთება სოლიდურ თანხებს მოითხოვს.

აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორგანომ 2019 წელს 130504 ლარის საწვავი აითვისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულია ორი კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაცია. ერთით შეძენილია72000 ლიტრი ბენზინი შპს „რომპეტროლ საქართველოსგან“, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში, ამავე კომპანიისგან უმაღლესმა საბჭომ 8400 ლიტრი დიზელი იყიდა.


მსგავსი სიახლეები

3071 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი