იტვირთება

7 თებერვალს ალტ-ინფოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეობლოგი, რომელშიც ავტორი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს. საკითხზე მსჯელობისას, ავტორი ამბობს: „...[ლიბერალები] ტრამპს ე.წ. რუსი ჰაკერების თემით უტევდნენ, თუმცა, იქაც წარუმატებლად. შეერთებული შტატების სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოძიებამ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალი ვერ დაადასტურა.“

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სისწორით დაინტერესდა. 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ჰაკერ(ებ)მა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ ქსელში შეღწევა და იმეილებისა და სხვა დოკუმენტების მოპოვება მოახერხა. კონფიდენციალური ინფორმაცია, მოგვიანებით, ინტერნეტში გავრცელდა. ივლისში, ნიუ იორკ ტაიმსს აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებმა ანონიმურად აცნობეს, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ ქსელზე შეტევის უკან რუსეთი იდგა. რუსეთისადმი აშშ-ის მთავრობის ბრალდება წარმომადგენელთა პალატისა და სენატის უსაფრთხოების კომიტეტებში საკითხის განხილვის შემდეგ, ადამ შიფისა (დემ. კონგრესმენი) და დაიენ ფაინსტაინის (დემ. სენატორი) ერთობლივი განცხადებით გავრცელდა. ხოლო, 2016 წლის 7 ოქტომბერს, თეთრმა სახლმა კიბერ-თავდასხმაში რუსეთის მთავრობა ოფიციალურად დაადანაშაულა.

არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდგომი გამოძიებისათვის, მას შემდეგ რაც ტრამპმა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების წარმმართველი ორგანოს, ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რობერტ მალერი სპეცპროკურორად დაინიშნა. გამოძიება, რომელიც, დაახლოებით, 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, 2019 წლის მარტში დასრულდა. საგამოძიებო ანგარიში (მალერის ანგარიში) 448 გვერდისგან შედგება და ის ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ნაწილში მიმოხილულია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა. მეორე ნაწილში - ტრამპის მიერ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა (ობსტრუქცია).

· ანგარიშის მიხედვით, არჩევნებში რუსეთის ჩარევა მასშტაბური და სისტემური ხასიათის იყო[1]. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ორ მეთოდს იყენებდა: სოციალური მედიის მეშვეობით აგიტაციას და კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებას. არჩევნებზე ზემოქმედების კამპანიის ფარგლებში, სანქტ-პეტერბურგში ბაზირებულმა ორგანიზაციამ - IRA (ინტერნეტის კვლევითი სააგენტო), ფეისბუკ რეკლამებში, რომლებიც კლინტონის საწინააღმდეგო და ტრამპის მხარდამჭერ შინაარსს შეიცავდა, დაახლოებით, 100,000 აშშ დოლარი დახარჯა. ხოლო, რუსეთის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГРУ), კლინტონის კამპანიის კომპიუტერულ ქსელში შეღწევით ასობით ათასი დოკუმენტი მოიპოვა და მისი ნაწილი DCLeaks-სა და Guccifer 2.0-ის სახელით ინტერნეტში გაავრცელა. ამასთან, რუსეთმა დოკუმენტები WikiLeaks-ს გადასცა.

· ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოძიებამ ტრამპის კამპანიის გუნდსა და რუსეთის მთავრობას შორის, არჩევნებში ჩარევის საქმეზე, საიდუმლო კავშირები ან კოორდინირებული მოქმედება ვერ დაადგინა.

· ასევე, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ანგარიში შემდეგნაირად განმარტავს: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში არ ასკვნის, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, ის მას არც ბრალდებებისგან ათავისუფლებს“.

როგორც ვხედავთ, მალერის ანგარიში არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ მალერის გამოძიებამ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალი ვერ აღმოაჩინა, მცდარია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მსგავსად, კრემლი სოციალურ მედიას სხვადასხვა ქვეყნის საშინაო საქმეებზე გავლენის მოსახდენად აქტიურად მიმართავს. ამის მაგალითია 2017 წლის კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ჩარევა, რომლის ფარგლებშიც, ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, საზოგადოების განწყობების სეპარატისტების სასარგებლოდ შესაცვლელად, რუსეთი სოციალურ მედიაში ე.წ. „ბოტებსა“ და სოციალური მედიის ყალბ ანგარიშებს იყენებდა. ასევე, გაერთიანებული სამეფოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, ქვეყნის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის მიერ მომზადდა ანგარიში, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. ხოლო, ესტონეთის 2020 წლის საფრთხის შეფასების დოკუმენტში, ღიადაა საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მიერ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოყენება, რომელიც მიზნად საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენასა და პრო-რუსული ძალების მხარდაჭერას ისახავს, 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებშიცაა მოსალოდნელი.

------------------------------------------------------------------------------------

[1] ანგარიშის 1-ლი გვერდი (The Russian government interfered in the 2016 presidential election in sweeping and systematic fashion)


მსგავსი სიახლეები

2997 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი