რეზიუმე: თბილისში რამდენიმე ძვირადღირებული შენობა არსებობს, რომელმაც თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა, მათ შორის არის რიყის ე.წ „დოქები“. რიყის „დოქები“ მილის ფორმის ორ შენობას წარმოადგენს, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია. 2016 წელს რიყის ე.წ. „დოქები“ მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურის ცენტრს შორის მოხვდა. ვებგვერდ Designboom.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კულტურულ ცენტრების ტოპ-ათეულში, პროექტმა მე-10 ადგილი დაიკავა. „დოქების“ მშენებლობა დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაჯდა და ობიექტი დღემდე უფუნქციოდ არის დარჩენილი. სულ ახლახან, ეკონომიკის სამინისტრომ, რიყის „დოქები“ 100 საინვესტიციო პროექტის ნუსხაში შეიტანა და აუქციონის წესით გასაყიდად გამოიტანა. ობიექტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის შეფასებული და შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია.
რაც შეეხება პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს (2019 წლის აპრილიდან პრეზიდენტის სასახლეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვა), ეს ობიექტიც თითქმის უფუნქციოდ არის დარჩენილი. მიუხედავად ამისა, 2019 წელს სასახლის 4 თვის კომუნალურმა ხარჯმა 262 339 ლარი შეადგინა, სასახლის დაცვის სამსახურის ხელფასებზე კი 4 თვეში 239 730 ლარი დაიხარჯა.
თბილისის გარდა ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით ქუთაისში, სადაც პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია ერთი წლის წინ დაკარგა (2018 წლის დეკემბერში, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტის ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში რუსთაველზე მდებარე შენობა განისაზღვრა). პარლამენტის შენობის დაცვის სამსახურზე 10 თვის განმავლობაში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 176 218 ლარი შეადგინა. შესაბამისად, შენობები, რომელთა მშენებლობაზე საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა (დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის მშენებლობა, რა თანხა დაჯდა; ქუთაისის პარლამენტი - დაახლოებით 340 მილიონი ლარი; რიყის ე.წ. „დოქები“ - 75 მილიონი ლარი), და ახლაც მათი შენახვა სახელმწიფოს ჯამში მილიონობით ლარი უჯდება, დღემდე გამოუყენებელია.
ანალიზი
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯმდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში უფუნქციოდ დარჩენილ შენობებზე ისაუბრა და აღნიშნა: „8 წელიწადია გაჩერებულია „რიყეზე დოქები“, რომელიც შესულია მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების ათეულში, ჯიუტად დგას და ინგრევა. დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში, ვის რაში ჭირდება პრეზიდენტის ორი სასახლე, იხარჯება უზარმაზარი ფული მის გათბობაზე, შენახვაზე... ასევე უფუნქციოა ქუთაისის პარლამენტის შენობა“.
ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიზნით რიყის პარკის განაშენიანება და კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 2009 წლიდან, გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო. პროექტი „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებში რიყის ე.წ. „დოქების“ მშენებლობა დაიგეგმა. რიყის „დოქები“ მილის ფორმის ორი შენობა უნდა ყოფილიყო. პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა განახორციელა. მასვე ეკუთვნის მოგვიანებით თბილისში, გორსა და მარნეულში აშენებული იუსტიციის სახლების პროექტები. რიყის პარკის პროექტის დაწყებისას ცნობილი იყო, რომ ე.წ. „დოქებში“ მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლებში რიყის „დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს შენობები დღემდე უფუნქციოდ არის დარჩენილი და მათი შემდგომი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ისიც აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რიყის ე.წ. „დოქები“ მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურის ცენტრს შორის მოხვდა. ვებგვერდ Designboom.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კულტურულ ცენტრების ტოპ-ათეულში, რიყის „დოქებს“ მე-10 ადგილი ეკავა.
გასული წლის თებერვალში თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს რიყის „დოქებით“ რამდენიმე ინვესტორის დაინტერესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებას. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. „დოქებში“ და რა პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინადადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რომელი ბიზნესკომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა ქალაქის მერმა. მოგვიანებით, უკვე გასული წლის ბოლოს, კახი კალაძე ამბობდა, რომ შენობა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარადაც, კი არცერთ ინვესტორს არ სურს, რადგან შენობების დასამთავრებლად სულ მცირე 18-20 მილიონი ლარი მაინც არის საჭირო.
რიყის „დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. მიმდინარე წლის 31 იანვარს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რიყის „დოქების“ გაყიდვის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ობიექტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის შეფასებული და შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია. „ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის „დოქები“. საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე და სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი ფუნქცია. არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის, ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. ჩვენ ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ, გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ და ღია, საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება ვუპოვოთ რიყის „დოქებს“,- განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, აუქციონის დაწყება მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს (2019 წლის აპრილიდან პრეზიდენტის სასახლეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვა), ობიექტი თითქმის უფუნქციოდ არის დარჩენილი. როგორც ცნობილია, საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი სამუშაოდ ორბელიანის სასახლეს იყენებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა: „ვთვლი, რომ აურა, რომელიც არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე, მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა. ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდო რაიხსტაგი მიშას მიერ მოფიქრებული“. პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის თითქმის უფუნქციობის მიუხედავად, 2019 წელს სასახლის 4 თვის კომუნალურმა ხარჯმა 262 339 ლარი შეადგინა, სასახლის დაცვის სამსახურის ხელფასებზე კი 4 თვეში 239 730 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ორბელიანის სასახლეს, რომელის ამჟამინდელი პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციაა, მისი რეკონსტრუქცია-გარემონტებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2 656 514 ლარი დაიხარჯა , სასახლის 4 თვის კომუნალურმა ხარჯმა 34 642 ლარი შეადგინა, დაცვის სამსახურის მომსახურებამ კი 123 377 ლარი.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია თითქმის ერთი წლის წინ დაკარგა (2018 წლის დეკემბერში, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტის ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში, რუსთაველზე მდებარე შენობა განისაზღვრა). მალევე დაანონსდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პარლამენტის შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული განმარტების მიხედვით, შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან ქუთაისის პარლამენტის შენობაზე გაწეული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. სდსს-ს მიერ თავდაპირველად მიწოდებული მონაცემების თანახმად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის დაცვაზე 10 თვეში გაწეულმა ხარჯმა 493 234 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ აღნიშნული ხარჯი ქუთაისში მდებარე ყველა დასაცავი ობიექტის დაცვის ხარჯია, უშუალოდ პარლამენტის შენობის დაცვის სამსახურზე კი 10 თვის განმავლობაში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 176 218 ლარი შეადგინა.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ შენობები, რომელთა მშენებლობაზე საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა (დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის მშენებლობა, რა თანხა დაჯდა; ქუთაისის პარლამენტი - დაახლოებით 340 მილიონი ლარი; რიყის ე.წ. „დოქები“ - 75 მილიონი ლარი) და ახლაც მათი შენახვა სახელმწიფოს ჯამში მილიონობით ლარი უჯდება, დღემდე გამოუყენებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ შენობებს უახლოეს მომავალში გარკვეული ფუნქცია მიენიჭებათ და დახარჯულ მილიონობით ლარს ქარს არ გავატანთ.