იტვირთება

რეზიუმე: „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი წინა წლების მსგავსად, აუთვისებელი დარჩა. 2019 წელს პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა, რეალურმა ხარჯმა კი 7.2 მლნ ლარი შეადგინა.

2019 წელს მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017-2018 წლებში პროგრამაში, ჯამში 35,661 ადამიანი იყო რეგისტრირებული. 2019 წელს კი მედიკამენტების პროგრამაში დამატებით 103,634 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. გასულ წელს, პროგრამით 120,555 ბენეფიციარმა ისარგებლა (აფთიაქიდან მედიკამენტი გაიტანა). პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა განსაკუთრებით აგვისტოდან გაიზარდა, რაც პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა ნოემბერ-დეკემბერში, მედიკამენტების პროგრამაში ახალი ბენეფიციარების რეგისტრაცია, ასევე იმ პირების რაოდენობა, ვინც პროგრამით ისარგებლა, მნიშვნელოვნად შემცირდა.აგვისტოში პროგრამაში 26,820 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, ამავე თვეში პროგრამით 40,646 მოქალაქემ ისარგებლა (მედიკამენტი გაიტანა). ნოემბერში პროგრამაში 6,479 ბენეფიციარი დარეგისტრირდა, ხოლო პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობამ 28,499 შეადგინა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ გაარკვია, გასული წლის ბოლოს პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაწილი დეფიციტში აღმოჩნდა. ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ ბენეფიციარებისთვის იმ მედიკამენტების მიწოდება, რომელიც პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ვერ უზრუნველყო.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების შეძენაზე რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, მარაგები ამოიწურა და ზოგიერთი მედიკამენტი დეფიციტური აღმოჩნდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი ხდება.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის გამოწვევებზე ისაუბრა. „2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული. 2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს რიცხვი 6 ათასამდე დავიდა. გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. იგივე პრობლემა იდგა 2017-2018 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია“.

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გავრცელდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის (ტიპი II) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2019 წლის პირველი იანვრიდან პროგრამა პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდა. 2019 წლის ივლისიდან მედიკამენტების დაფინანსების წესი შეიცვალა, პენსიონერებს და შშმ პირებს პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) შეძენა შეუძლიათ. მანამდე, მედიკამენტების 1 ლარად შეძენა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეძლოთ, შშმ პირები და პენსიონერები კი 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს მედიკამენტების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 13,010 ადამიანი იყო. 2018 წელს პროგრამაში 22,651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. 2017-2018 წლებში ჯამში, 35 661 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა). 2019 წელს პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება. სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს მედიკამენტების პროგრამაში 103 634 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. 2019 წელს პროგრამით ისარგებლა (აფთიაქიდან მედიკამენტი გაიტანა) 120 555 ბენეფიციარმა. პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა განსაკუთრებით აგვისტოდან გაიზარდა, თუმცა გასული წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში, მედიკამენტების პროგრამაში ახალი ბენეფიციარების რეგისტრაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავე პერიოდში, ასევე შემცირდა აფთიაქებისადმი მიმართვიანობა მედიკამენტების გატანასთან დაკავშირებით. მაგალითად, აგვისტოში პროგრამაში 26,820 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, ამავე თვეში პროგრამით 40,646 მოქალაქემ ისარგებლა (მედიკამენტი გაიტანა). ნოემბერში პროგრამაში 6,479 ბენეფიციარი დარეგისტრირდა, ხოლო იმ პირების რაოდენობამ, რომლებმაც მედიკამენტები გაიტანეს, 28,499 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარს ერთ ჯერზე მხოლოდ სამი თვის სამყოფი მედიკამენტის გატანა შეუძლია, შესაბამისად, იმ პირებს, რომლებმაც პროგრამით აგვისტოში ისარგებლეს, ნოემბერში აფთიაქებისთვის კვლავ უნდა მიემართათ. გასული წლის ბოლოს პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობის შემცირების მიზეზის გასარკვევად, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ნოემბერ-დეკემბერში პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა შემცირდა და ამის გამომწვევ მიზეზად მედიკამენტების დეფიციტს ასახელებს. მისი განცხადებით - „აგვისტო-სექტემბერში ბენეფიციარების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა, რაც პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს და გაძლიერებულ საინფორმაციო კამპანიას უკავშირდება. ნოემბერ-დეკემბერში პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ერთის მხრივ, ბენეფიციარებს ჰქონდათ წამლების მარაგი. მეორის მხრივ, პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების შეძენაზე რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, მარაგები ამოიწურა და ზოგიერთი მედიკამენტი აღმოჩნდა დეფიციტური“. თამარ გაბუნიამ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ „მიმდინარე წლიდან მედიკამენტების პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ინტეგრირება იგეგმება“.

2019 წელს, წინა წლების მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ბიუჯეტი აუთვისებელი დარჩა. (მედიკამენტების პროგრამის მიმდინარეობაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 2019 წელს პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა. სექტემბერში, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ პროგრამის ბიუჯეტს ვერ ითვისებდნენ, წლიური გეგმა დაკორექტირდა და 14 მლნ ლარამდე შემცირდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, პროგრამის წლიურმა ხარჯმა 7.2 მლნ ლარი შეადგინა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3009 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი