იტვირთება

რეზიუმე: 2018 წლის მონაცემებით, როგორც ნომინალური, ასევე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში ერთ სულზე დაახლოებით 4 700 აშშ დოლარს უტოლდება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით კი ნომინალური და რეალური PPP მშპ შესაბამისად 12 000 და 10 650 საერთაშორისო დოლარს შეადგენს.

2013-2018 წლებისათვის, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლებით მეზობელი ქვეყნებიდან სტაბილურად მხოლოდ სომხეთს უსწრებს, ხოლო თურქეთსა და რუსეთს არსებითად ჩამორჩება.საქართველოსთან შედარებით სტაბილურად უკეთესი მაჩვენებლები აქვს აზერბაიჯანსაც, გამონაკლისია 2016-2017 წლების ნომინალური მშპ ერთ სულზე, დანარჩენი აგრეგატებით საქართველოს მონაცემებს აღემატება. შესაბამისად, საქართველო ერთ სულზე მშპ-ს მოცულობით ლიდერი არ არის და ოთხი მეზობელი ქვეყნიდან მხოლოდ სომხეთს უსწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტიდან გამომდინარე, ყველაზე მოსალოდნელია, მინისტრი რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მოიაზრებდეს, ჩვენ ის რეგიონიც გავაანალიზეთ, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს (ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნები) განიხილავს. მეზობელი ქვეყნებიდან ამ ჯგუფში (31 ქვეყანა) საქართველოსთან ერთად მხოლოდ აზერბაიჯანი და სომხეთი ხვდება. ჯგუფში შემავალ ქვეყნებს შორის კი ერთ სულზე შემოსავლით საქართველოს არაერთი სახელმწიფო უსწრებს, მათ შორის: ალჟირი, ერაყი, აზერბაიჯანი, ლიბანი, ლიბია, ომანი, ყაზახეთი და თურქმენეთი. შესაბამისად, საქართველოს ლიდერობაზე საუბარი ამ შემთხვევაშიც შინაარსს მოკლებულია.

რაც შეეხება მტკიცებას რომ მომავალშიც საქართველო ლიდერი იქნება, „ფაქტ-მეტრი“ ,როგორც წესი, მომავლის პროგნოზების შეფასებაში არ შედის. თუმცა ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზების პირობებში, უახლოეს პერიოდში, საქართველო ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით ლიდერი ქვეყანა ვერც მეზობელ ქვეყნებს შორის და ვერც სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული რეგიონის მასშტაბით გახდება.

ანალიზი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის მიხედვითაც თითქოს სომხეთმა საქართველოს ერთ სულზე გადაანგარიშებული მშპ-ს მაჩვენებლით გაასწრო, საქართველოში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ კონტექსტში, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით.

ტერმინი რეგიონი საკუთარ თავში ერთგვარ გაურკვევლობას მოიცავს, ვინაიდან, როგორც წესი, გაურკვეველია რომელი ქვეყნები და რა პრინციპით შეჰყავს განცხადების ავტორს ამ ჯგუფში. თუმცა ,ამ შემთხვევაში, კონტექსტიდან გამომდინარე, ლოგიკურია დაშვება, რომ მინისტრი რეგიონში საქართველოს მეზობელ ქვეყნებს მოიაზრებს. ამავდროულად დამატებითი კომენტარიდან ირკვევა, რომ მინისტრი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით დათვლილ მონაცემს არ გულისხმობს, რადგან საქართველოს შემთხვევაში 4 700-დოლარიან ნიშნულს ახსენებს, რაც ერთ სულზე როგორც რეალურ, ასევე ნომინალურ მშპ-ს შეესაბამება. შესაბამისი მონაცემები მეზობელი ქვეყნებისათვის მოყვანილია გრაფიკებზე 1 და 2.

გრაფიკი 1. რეალური მშპ ერთ სულზე

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც პირველი გრაფიკიდან ჩანს, ერთ სულზე გადაანგარიშებული რეალური მშპ-ს მოცულობით 2013-2018 წლებში საქართველო სტაბილურად მხოლოდ სომხეთს უსწრებს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს არსებითად ჩამორჩება. შესაბამისად, ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერი არ არის, ისევე როგორც ნომინალური მშპ-ს შემთხვევაში. როგორც მეორე გრაფიკიდან ჩანს, ნომინალური მშპ-ს შემთხვევაში საქართველო სტაბილურად უსწრებს სომხეთს და ასევე სტაბილურად ჩამორჩება თურქეთისა და რუსეთის შესაბამის მაჩვენებლებს. აზერბაიჯანს კი საქართველო უმნიშვნელოდ მხოლოდ 2016-2017 წლებში უსწრებს, 2013-2015 წლებში კი აზერბაიჯანის შესაბამისი მონაცემი საქართველოსას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 2018 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს მაჩვენებელს უმნიშვნელოდ ისევ გადაასწრო.

გრაფიკი 2. ნომინალური მშპ ერთ სულზე

წყარო: მსოფლიო ბანკი

მიუხედავად იმისა თუ რომელ მაჩვენებელს გულისხმობდა მინისტრი, მიზანშეწონილია ქვეყნების შედარებისას გათვალისწინებულ იქნას ფაქტი, რომ ფასების დონე ქვეყნებს შორის არსებითად განსხვავებულია. შესაბამისად, რამდენად მაღალია ან დაბალი მშპ ერთ სულზე კონკრეტულ ქვეყანაში, სწორედ აღნიშნული ასპექტის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. მაგალითად, 1 000 დოლარით აშშ-ში გაცილებით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ადამიანი რომელსაც საქართველოში აქვს შემოსავალი 1 000 დოლარი, გაცილებით „მდიდარია“ ადამიანზე, რომელიც იგივე 1 000 დოლარს შემოსავლის სახით აშშ-ში იღებს. ქვეყნებს შორის განსხვავებული ფასთა დონის არსებობის გამო, ქვეყნების მაჩვენებლების შესადარებლად შემუშავებულია მშპ-ს განსხვავებული მაჩვენებელი - მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP მშპ). შესაბამის მონაცემებს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისათვის გრაფიკები 3 და 4 ასახავს.

გრაფიკი 3. რეალური მშპ ერთ სულზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (მშპ PPP)

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც მესამე გრაფიკიდან ჩანს, რეალური PPP მშპ-ს შემთხვევაშიც სურათი არ იცვლება და მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო სტაბილურად მხოლოდ სომხეთს უსწრებს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს კი არსებითად ჩამორჩება. ანალოგიურია სურათი ნომინალური პპპ მშპ-ს შემთხვევაშიც (გრაფიკი 4). შესაბამისად, საქართველო არც ამ მაჩვენებლით არის ლიდერი.

გრაფიკი 4. ნომინალური მშპ ერთ სულზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (მშპ PPP)

წყარო: მსოფლიო ბანკი

მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტიდან გამომდინარე ყველაზე მოსალოდნელია, მინისტრი რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მოიაზრებდეს, ჩვენ მაინც ის რეგიონი გავაანალიზეთ, რომელშიც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი განიხილავს (ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნები). მეზობელი ქვეყნებიდან ამ ჯგუფში (31 ქვეყანა) საქართველოსთან ერთად მხოლოდ აზერბაიჯანი და სომხეთი ხვდება. ჯგუფში შემავალ ქვეყნებს შორის კი ერთ სულზე შემოსავლით საქართველოს არაერთი სახელმწიფო: ალჟირი, ერაყი, აზერბაიჯანი, ლიბანი, ლიბია, ომანი, ყაზახეთი და თურქმენეთი უსწრებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2938 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი