რეზიუმე: გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შემდეგაც ქუთაისში 128 კმ-მდე მოუწესრიგებელი გზის საფარი დარჩება, რაც მთელი შიდასაქალაქო გზების თითქმის ნახევარია (48,48%).
ანალიზი
ქალაქ ქუთაისში გზების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა თვალშისაცემია. მძღოლები შიდასაქალაქო გზების ხარვეზებზე (ორმოები, გადათხრილი მონაკვეთები და ა.შ.) ხშირად ჩივიან. მათ უკმაყოფილებას, როგორც ახლად რეაბილიტირებული, ასევე სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთები იწვევს. მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ კი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქალაქ ქუთაისში საქალაქო გზების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „უკვე ვასრულებთ ქალაქის გზების მოწესრიგებას, ეს პრობლემა თითქმის მთლიანად გადავწყვიტეთ“, - თქვა მან.
საქალაქო გზების მონაცემებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას მივმართეთ. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ქუთაისის შიდასაქალაქო გზების საერთო სიგრძე 264.92 კმ-ია. მიუხედავად მოთხოვნისა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურისგან ინფორმაცია, 2013 წლის მონაცემით, თუ რა სიგრძის გზა საჭიროებდა შეკეთებას, ვერ მივიღეთ. 2013-2019 წლებში რაებილიტაცია ჯამში 126,3 კმ გზის საფარს ჩაუტარდა. წლების მიხედვით რეაბილიტაცია შეეხო შემდეგი მოცულობის გზას:
ცხრილი1: ქუთაისში 2013-2019 წლებში რეაბილიტირებული გზის სიგრძე (კმ)
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
10,1 კმ |
15,7 კმ |
22,5 კმ |
19,1 კმ |
17,2 კმ |
15,7 კმ |
26,0 კმ |
წყარო: ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური
დღეისთვის შეკეთების მოლოდინშია 138,62 კმ გზა. 2020 წლისთვის მხოლოდ 9,34 კმ გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი, რის ფარგლებშიც რეაბილიტაცია 16 ქუჩას შეეხება. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შემდეგ ქუთაისში 128 კმ-მდე მოუწესრიგებელი გზის საფარი დარჩება, რაც მთელი შიდასაქალაქო გზების თითქმის ნახევარია (48,48%) . გაუგებარია, ქუთაისის მერი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას რა ინფორმაციას ეყრდნობოდა. ფაქტობრივად, ქუთაისში 2020 წელს დაგეგმილი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგაც კი შიდასაქალაქო გზების ნახევარი ისევ მოუწესრიგებელი დარჩება.