იტვირთება

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც 2019 წლის 11 დეკემბერს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს წინ 10 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოზარდის გამოკითხვა უძღოდა.

მოვლენების განვითარება

,,მწვანე სკოლამ’’, რომლის ყოფილი მოსწავლეც ლუკა სირაძე იყო, პოლიციას მათი ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართა. გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელსაც აღნიშნული საქმე დაეწერა, მოწმეები იმავე დღეს დაიბარა გამოკითხვაზე, მათ შორის, ლუკა სირაძეც, რომელიც მშობელთან ერთად მივიდა და რომლის გამოკითხვაც 10 დეკემბერს დაახლოებით 17:00-23:30 საათამდე მიმდინარეობდა. 2019 წლის 11 დეკემბერს არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მიუწოდებია და პოლიციის განყოფილება დაახლოებით 40 წუთში მშობელთან ერთად დატოვა. იმავე დღეს არასრულწლოვანი მე-9 სართულიდან გადმოხტა.

12 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოძიების დაწყების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს მიმართა. 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ლუკა სირაძის საქმეზე ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა, რომ მშობლის გარეშე ლუკა სირაძე არც პირველ და არც მეორე დღეს არ გამოუკითხავთ, შემდეგ კი დააზუსტა, რომ გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებელი მას 3-4 წუთის განმავლობაში ცალკე ესაუბრებოდა, რადგან ბიჭს დედასთან უთანხმოება ჰქონდა. მან, ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს ხელთარსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა.

16 დეკემბერს „მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ. 17 დეკემბერს მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, სსსკ-ის 335-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საყურადღებოა, რომ საია-ს იურისტის, რევაზ აჭარაძის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა, რომელიც განყოფილებაში ასევე იკითხებოდა, თვითდაზიანებები მიიყენა. იურისტის განცხადებით, მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, დაკითხვისას ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს. აღნიშნული ფაქტი 18 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორმაც დაადასტურა.

19 დეკემბერს მარიანა ჩოლოიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა ბრალი, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა. ყოფილი გამომძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდა. მისი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ჩოლოიანმა ბრალის არაღიარება ჟესტიკულაციით გამოხატა: „მას შემდეგ, როდესაც საგამოძიებო ორგანომ წარუდგინა ბრალი, მან ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს“.

მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც მარიანა ჩოლოიანის საავადმყოფოდან გაყვანას ასახავს. ვიდეომასალა უხარისხოა, თუმცა, როგორც შემდეგ დადასტურდა, მასზე ასახული ქალი მარიანა ჩოლოიანია. ის საავადმყოფოს ეზოში საკუთარი ფეხით, ხელბორკილების გარეშე გადაადგილდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ჩოლოიანის გადაყვანისას მისთვის ხელბორკილების დადების აუცილებლობა არ იყო.

როგორ მიმდინარეობდა ლუკა სირაძის გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში

საია-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის გამოკითხვა დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე მიმდინარეობდა. საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მას ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძმისთვის გარკვეული პრობლემების შექმით ემუქრებოდნენ, ხოლო მას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწევდა. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ გამოკითხვისას არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვა, თუმცა, აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ლუკა სირაძეს გამოკითხვისას ემუქრებოდნენ. „ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები, ამიტომ მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში ერთიან სივრცეში, სადაც იყვნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები. ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ ის დანაშაულს არ აღიარებდა. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს, 15 წლის ლუკა სირაძეს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ასევე, განაცხადა, რომ არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგი არ ესწრებოდა, მშობლის გარეშე კი ის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დარჩა. იმავე დღეს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: 2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ (მარიანა ჩოლოიანი), მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლ. ს. (ლუკა სირაძე). გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

პროტესტი საზოგადოებაში

მოზარდის გარდაცვალებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, დამნაშვეთა დასჯის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მოჰყვა. 18 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და ადგილზე მერხი და სკამი მიიტანეს. იმავე დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რომელთა შორის 20 ივნისს დაკავებულ პირთა დედებიც იყვნენ, მოზარდის საქმეში მონაწილე პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იყო. თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ჩხოროწყუში გაიმართა. 18 დეკემბერს ღამით კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური, მდუმარე აქცია გაიმართა.

მარიანა ჩოლოიანი ყინწვისის საქმში

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში ფიგურირებს. აღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, გოგუაძის დაკავება 2011 წლის 26 მაისს და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება დადგენილად მიიჩნია. გოგუაძის თქმით: ,,როდესაც მარიანა ჩოლოიანი ვერ იღებდა დამაკმაყოფილებელ პასუხს მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უკმაყოფილო სახეს იღებდა, შემდეგ კი გადიოდა კაბინეტიდან და მის ნაცვლად სხვა პირები შემოდიოდნენ - „და გრძელდებოდა ჩემი მტვრევა და ლეწვა... ცემა ცოტა სხვა სიტყვაა“. მიუხედავად იმისა, რომ მარიანა ჩოლოიანი დღეისთვის ბრალდებულია:

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქმე მხოლოდ 13 დეკემბერს გადაეცა, მას შემდეგ, რაც 12 დეკემბერს საია-მ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა მათ.
  • მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და არა სსსკ-ის 335- მუხლით, რაც განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს, სამოხელეო დანაშაულია და ისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
  • 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროს ხელთარსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა. მეტიც, მან დააზუსტა, რომ გამომძიებელი არასრულწლოვანს 3-4 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა მშობლისგან ცალკე, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, ლუკა სირაძეს პოლიციის განყოფილებაში ემუქრებოდნენ და ის მშობლის გარეშე დაახლოებით 20 წუთი დარჩა.
  • მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
  • როგორც 20 დეკემბერს გავრცელებულმა ვიდეომასალამ დაადასტურა, მარიანა ჩოლოიანს საკუთარი ფეხით გადაადგილება შეეძლო, მაშინ, როდესაც მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული იმდენად ცუდად იყო, რომ ბრალი ჟესტიკულაციით უარყო. კადრების მიხედვით, ჩოლოიანი საავადმყოფოს ეზოში საკუთარი ფეხით, ხელბორკილების გარეშე გადაადგილდებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ლუკა სირაძის დაკითხვის პროცესს პოლიციის სხვა თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, დღეისთვის მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 27 ივნისს სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობას ეხება. ანგარიშში 38 კონკრეტული სისხლი სამართლის საქმეა გაანალიზებული. 23 საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, 1 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, 13 საქმე - პენიტენციური სისტემის თანამშრომლების, ხოლო 1 შემთხვევაში - პრეტენზიები მიემართებოდა როგორც პოლიციელებს (შსს), ისე პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს. ანგარიშის მიხედვით, ყველა საქმეზე გამოძიება ისე წარიმართა და დასრულდა, რომ შედეგი არ დამდგარა, კონკრეტული პირი პასუხისგებაში არ მიცემულა, გამოძიება ისე შეწყდა, რომ სავარაუდო მსხვერპლი გამოძიებამ დაზარალებულად არც ერთ შემთხვევაში არ ცნო.

ფოტო: ნოდარ რუხაძე


მსგავსი სიახლეები

3066 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი