„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2019 წელს განხორციელებული გამარტივებული და კონსოლიდირებულ სახელმწიფო შესყიდვებს გაეცნო. მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის მიზნით, დეპარტამენტმა მიმწოდებლებთან ჯამში 15 109 471 ლარისა და 2 612 000 აშშ დოლარის ხელშეკრულებები გააფორმა.
ჩვენ ყურადღება დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა შესყიდვაზე გავამახვილეთ. 2019 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, უწყებამ რესტორნებში 15 300 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, 6 600 ლარის ღირებულების 240 კოლოფი ყავა შეიძინა, ხოლო „გუდვილთან“ ჩაისა და ყავის სხვადასხვა სახეობის შეძენის მიზნით, კიდევ 404 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ასევე, ბუნებრივი და მინერალური წყლის შესაძენად, დეპარტამენტმა ჯამში 9 317 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. აქედან 2 097 ლარის მხოლოდ ბორჯომი შეიძინა.
„ფაქტ-მეტრის“ ყურადღება კიდევ ერთმა გარემოებამ მიიქცია: საგზაო დეპარტამენტს, დოკუმენტაციის ქართული და ინგლისური ენებიდან რუსულ ენაზე თარგმნის მიზნით, ორი შესყიდვა აქვს განხორციელებული. ამ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 56 300 ლარს შეადგენს. ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ თარგმანი შემსყიდველის საჭიროებისთვის ხორციელდება. შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი იურიდიულ მომსახურებას ეხება, რაც განპირობებულია იმით, რომ დეპარტამენტს მსხვილ კომპანიებთან დავა სასამართლოში ხშირად უწევს (ამ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია).
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იურიდიული მომსახურება უცხოურ ვალუტაში LLP „White & Case“-ისგან შეისყიდა. ერთ-ერთი ხელშეკრულება 177 000 აშშ დოლარის მომსახურების მიღებას გულისხმობს და გაფორმებულია 2019 წლის 4 აპრილს. კონტრაქტის თანახმად, შემსყიდველი შვიდ უცხოელ იურისტს საათობრივ ანაზღაურებას გადაუხდის შემდეგი მომსახურებისთვის: წარმოადგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გამგებლობაში არსებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დავების საბჭოში, დეპარტამენტსა და კომპანია SINOHYDRO CORPORATION LIMITED-ს შორის 2015 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარე პროცედურების დროს. საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთის კმ 11+500 - კმ 30+000 მშენებლობაზე (ლოტი II), რომლის ღირებულებაც 254 მლნ ლარია.
19 ივნისს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ახალი პირობები დაემატა - China railway 23 rd Bureau Group Co. Ltd-სთან 2017 წელს გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებული შეთანხმების პროექტის გადახედვა, შესწორება, დაკომენტარება და გარკვეულ საკითხებთან მიმართებით კონსულტაციების გაწევა. მოგვიანებით, კიდევ ერთი ცვლილების შედეგად, სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა და 331 000 აშშ დოლარი გახდა. გარდა ამისა, საგზაო დეპარტამენტმა LLP „White & Case“-თან კიდევ სამი ხელშეკრულება გააფორმა, მათ შორის, ASTER LAW FIRM ATTORNEYS’ PARTNERSHIP-თან თანამშრომლობის შესახებ. ეს კონკრეტული მომსახურება ეხება 2013 წელს საგზაო დეპარტამენტსა და “Road Building ALTCOM” LLC-ს შორის სამტრედია-გრიგოლეთის გზის სექციის 1 კმ 0+000 - კმ 11+500 თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას. ამჯერად მომსახურების ღირებულება 649 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. იმავე კომპანიასთან კიდევ ერთი, 474 000 აშშ დოლარის ღირებულების, კონტრაქტი დეპარტამენტსა და იტალიურ კომპანია „ASTALDI“-ს შორის 2017 წელს გაფორმებულ სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით მომსახურების გაწევას გულისხმობს.
რაც შეეხება 2019 წლის 4 იანვარს LLP „White & Case“-თან გაფორმებულ 1 158 000-დოლარიან ხელშეკრულებას, აქ ხელშეკრულების საგანი დაფარულია. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთულ გადახდის დოკუმენტში მითითებულია, რომ მომსახურება საგზაო დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-ს შორის 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის ფარგლებში განსახორციელებელ სახელშეკრულებო პირობებზე. სახელმწიფო კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის გამო ედავება.
საქართველოს საგზაო დეპარტამენტსა და LLP „White & Case“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ჯამში 2 612 000 აშშ დოლარს შეადგენს. დღეისთვის არსებული კურსით (25.11.2019), 1 აშშ დოლარი 2,9749 ლარის ეკვივალენტია. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებების ღირებულება 7 770 439 ლარს აღწევს. ამ ეტაპისთვის, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დეპარტამენტს მიმწოდებელი მხარისთვის გადახდილი აქვს 1 492 077 ლარი.
საინტერესოა, ასევე გამარტივებული და კონსოლიდირებული ტენდერებით სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების, სათადარიგო ნაწილებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება. ამ მიზნით უწყებამ მხოლოდ „თეგეტა მოტორსთან“ 51 713 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. გარდა ამისა, დეპარტამენტმა ამ ტიპის მომსახურება შეისყიდა „ტოიოტა ცენტრისგან“, „იბერია ავტო ცენტრისა“ და „ინტერავტო თრეიდინგისგან“, შესაბამისად, 7 000 ლარად, 3 310 ლარად და 4 200 ლარად. ჯამში, ყველა ჩამოთვლილ კომპანიასთან სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისა და ტექმომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 66 223 ლარს შეადგენს. ამასთანავე, მიმდინარე წლის აგვისტოში, კონსოლიდირებული ტენდერით, დეპარტამენტმა 515 270 ლარი გადაიხადა ათ ერთეულ პიკაპის ტიპის ფორდ რეინჯერში. ერთი ავტომობილის ფასი 51 527 ლარია.
2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტს განსაზღვრული აქვს 70 000 ლიტრი ბენზინისა და 80 000 ლიტრი დიზელის ათვისება. საწვავის შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, შესაბამისად, 140 700 ლარი და 187 200 ლარია. აქედან უკვე გადახდილია 81 830 ლარი ბენზინისთვის და 165 370 ლარი - დიზელისთვის, ჯამში - 247 200 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე, 1 ლიტრი ბენზინი - 2,01 ლარი, ხოლო 1 ლიტრი დიზელი 2,34 ლარი ღირს, გამოდის, რომ უწყებამ, სულ მცირე, 40 711 ლიტრი ბენზინი და 70 671 ლიტრი დიზელი აითვისა.
დეპარტამენტსა და კიდევ ერთი უცხოური საწარმოს ფილიალ „სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედს“ შორის 2019 წლის 2 აპრილს გაფორმებულია 7 000 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის საჭირო საპროექტო მომსახურებას ითვალისწინებს. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გადახდილია 1 886 500 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოებისთვის თანხა 2017 წლიდან იყო გათვალისწინებული, თუმცა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ვერ ხერხდებოდა. მაგალითად, შარშან დეპარტამენტს ამ მიზნით გამოყოფილი 11 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა. საბოლოოდ გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა და როგორც უწყების ხელმძღვანელობა აცხადებდა, დასრულებულ პროექტს კონტრაქტორი მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს წარადგენდა. ამ ეტაპზე პროექტი წარდგენილი ჯერაც არ არის.
გამომდინარე იქიდან, რომ დეპარტამენტის ხარჯებს მიმოვიხილავთ, აქვე მოგაწვდით ინფომაციას, რომ მან გამარტივებული შესყიდვით 24 090 ლარად - 20 ერთეული ლეპტოპი და 53 180 ლარად 40 ერთეული პერსონალური კომპიუტერი შეიძინა, ორივე შესყიდვა შპს „იუ-ჯი-თისგან“ განხორციელდა.
დეპარტამენტს, მოცემული მდგომარეობით, გამარტივებული და კონსოლიდირებული ტენდერებით გაფორმებული ხელშეკრულებების (2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით) ჯამური ღირებულებიდან კონტრაქტორებისთვის 8 518 808 ლარი აქვს გადახდილი.