იტვირთება

რეზიუმე: სხვადასხვა ონლაინ-მედიამ ბექა ნათელაშვილის მოსკოვში კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც მთლიანი კონტექსტი დაამახინჯა. მოგვიანებით,ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც მოხვდა.გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენები შექმნა - წარმოჩენილი იყო მხოლოდ ბექა ნათელაშვილის მოსკოვში ვიზიტი და კონფერენციის მონაწილეების მიერ დიმიტრი მედვედევისათვის მადლობის გადახდის ფაქტი, მაგრამ არ იყო მითითება ბექა ნათელაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც მან რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. აღნიშნულმა ფაქტებმა საზოგადოებაში გააჩინა განწყობა, რომ ბექა ნათელაშვილი რუსეთთან და მის მმართველ პარტიასთან - „ერთიანი რუსეთი“ - თანამშრომლობს. რეალურად, ბექა ნათელაშვილმა მოსკოვში რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში დასდო ბრალი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს ყალბ ამბავს, არამედ - ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გზით ფაქტების დამახინჯებას ისახავს მიზნად.

ანალიზი

Facebook-გვერდმა - „CAUCASUS NEWS REPORT” -მა ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილის, მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია. მკითხველის თხოვნის საფუძველზე, ფაქტ-მეტრი ამ ინფორმაციით დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „CAUCASUS NEWS REPORT“ 20 დეკემბერს, Facebook-მა , სხვა გაუქმებულ გვერდებთან ერთად,თავისი პლატფორმიდან წაშალა. ამის მიზეზად გვერდის კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა დაასახელეს, ხოლო მათი აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაუკავშირეს.

იგივე ინფორმაცია სხვა ონლაინ-მედიებმაც (მაგალითად: Georgia Daily, თაიმერი, პროგრესნიუსი) გაავრცელეს. ინფორმაციის მიხედვით, ბექა ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტიის სახელით აზიის ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში (ICAPP) მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვითაც გამოვიდა. იმავე ინფორმაციით, კონფერენციის დელეგატების მიერ მიღებულ დეკლარაციაში, მონაწილეები რუსეთის ფედერაციას, პარტია „ერთიან რუსეთსა“ და მის თავმჯდომარეს, რუსეთის პრემიერ მინისტრ, დიმიტრი მედვედევს, უხდიან მადლობას.

კონფერენციის შემდგომ მიღებულ დეკლარაციაში ასეთი ჩანაწერი მართლაც არსებობს. ბექა ნათელაშვილიც არ უარყოფს მოსკოვში ზემოთ აღნიშნულ - ICAPP - კონფერენციაში მონაწილეობას . თუმცა Georgia Daily-მ და „თაიმერმა" ინფორმაცია არასრულყოფილად გაავრცელეს. მათ ფაქტის მხოლოდ ერთი ნაწილის წარმოდგენით ინფორმაცია დაამახინჯეს. ამის შედეგად საზოგადოების თვალში წარმოდგენა შექმნეს, რომ ბექა ნათელაშვილმა მოსკოვში კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დიმიტრი მედვედევს მადლობა გადაუხადა. ამით გამოცემები მის ორმაგ სტანდარტებში დადანაშაულებას შეეცადნენ - ის თითქოს ერთი მხრივ,რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობს და ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოში „გაბედეს“ აქტიური წევრია და ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობს.

ბექა ნათელაშვილის განცხადებით, დასახელებული კონფერენცია [ინფორმაცია იხილეთ აქ] ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, ხოლო რუსეთისათვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისათვის მადლობის გადახდა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსული ოკუპაციის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ბექა ნათელაშვილის საკონფერენციო სიტყვიდან:

,,მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც არის მსხვერპლი საერთაშორისო დაძაბულობისა და ექსტრემიზმის. და არის მსხვერპლი სწორედ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელ ქვეყანაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 % ოკუპირებულია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 10 % დევნილია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ბორდერიზაციაც და ხელოვნური საზღვრების გავლებაც დღემდე გრძელდება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის დასაცავადაც საკუთარ მიწაზე უამრავი ქართველი დაიღუპა და დღესაც იღუპება. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მის მოქალაქეებს აპატიმრებენ საკუთარ მიწაზე გადაადგილებისთვის, მეტი ექსტრემიზმი ვფიქრობ წარმოუდგენელია.

ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ ცნობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ ისტორიის ახალი ფურცლიდან დაწერას. ამ მხარეების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება იქნება ბომბი მთელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, იმ ფონზე როდესაც უმრავლეს სახელმწიფოებს ერთმანეთში გარკვეული ტერიტორიული პრობლემები და პრეტენზიები აქვთ. თუ ეს მაგალითი გადაედო საერთაშორისო სივრცეს, ეს გახდება გლობალური კატასტროფის საფუძველი და პირველ რიგში ეს იქნება პრეცედენტი და სტიმული რუსეთში მცხოვრები ხალხებისათვის, რათა მათაც გაუჩნდეთ დამოუკიდებლობის მოთხოვნის პრეტენზია”.

Georgia Daily-ის სტატიის სათაურიდან - „ბექა ნათელაშვილი – მადლობა დიმიტრი მედვედევს!“ - ვიგებთ, რომ ბექა ნათელაშვილმა განაცხადა შემდეგი სიტყვები - „მადლობა დიმიტრი მედვედევს!“, რაც რეალურად მას თავის გამოსვლაში არ უხსენებია. „თაიმერიც“ ასევე მხოლოდ მოსკოვში ვიზიტსა და კონფერენციის დეკლარაციაში მედვედევისათვის მადლობის გადახდის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება „პროგრესნიუსს“, მათ საკითხთან დაკავშირებით ორი სტატია გამოაქვეყნეს - ერთში ინფორმაცია ასევე დამახინჯებულადაა წარმოდგენილი, ხოლო მეორეში კი - სრულყოფილად.


მსგავსი სიახლეები

2941 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი