2019 წლის 3 დეკემბერს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ (OECD) მისი ერთ-ერთი საერთაშორისო საგანმანათლებლო შედარებითი კვლევის “Programme for International Student Assessment“ (PISA) უახლესი, 2018 წლის შედეგები გამოაქვეყნა. პროგრამაში საქართველოც მონაწილეობდა. PISA-ს შედეგების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა, რასაც საზოგადოებისა და სხვადასხვა აქტორების მხრიდან საკმაოდ უარყოფითი შეფასებები და ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის კრიტიკა მოჰყვა.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა მკითხველს გააცნოს PISA-ს პროგრამა, მისი მნიშვნელობა და ამ კვლევაში საქართველოს სხვადასხვა წლის შედეგები მიმოიხილოს.
რა არის PISA?
PISA 15 წლის მოზარდების მზადყოფნას ამოწმებს, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში შეიძინეს. კვლევის მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ ის მიმართულია, განსაზღვროს რამდენად კარგად არის მოსწავლე მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის. პროგრამა 2000 წლიდან ტარდება და ცოდნას სამ სფეროში ამოწმებს: წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თითოეული სფერო თავის თავში საკმაოდ ფართო კონცეფციას მოიაზრებს:
წიგნიერება - ინდივიდის უნარი გაიგოს, გამოიყენოს, გაიაზროს და ჩაერთოს წაკითხულ ტექსტში, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს, განივითაროს ცოდნა და შესაძლებლობები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს.
მათემატიკური წიგნიერება - ინდივიდის შესაძლებლობა აღიქვას და გაიგოს მათემატიკის როლი თანამედროვე მსოფლიოში, შეძლოს კარგად დასაბუთებული მსჯელობა და გამოიყენოს მათემატიკა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც მას აქვს, როგორც კონსტრუქციულ, მზრუნველ და მოაზროვნე მოქალაქეს.
საბუნებისმეტყველო წიგნიერება - ინდივიდის მეცნიერული ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების უნარი, რაც საშუალებას მისცემს ამოიცნოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული საკითხი, მიიღოს ახალი ცოდნა, ახსნას მეცნიერული ფენომენი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნა გამოიტანოს.
კვლევა ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ და ყოველი მომდევნო ფაზისათვის დასახელებული სამი სფეროდან, ერთ-ერთს ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა. ასე, მაგალითად, 2009-2010 წლის კვლევაში მთავარი კითხვის უნარების შემოწმება იყო, მაშინ, როდესაც 2012 წელს ძირითადი აქცენტი მათემატიკაზე, ხოლო 2015-ში - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გაკეთდა. გარდა ტესტებისა, PISA-ს ფარგლებში მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის დირექტორები ავსებენ კითხვარებს, რომელთა მიზანია აჩვენონ, თუ რა ახდენს გავლენას მოსწავლეთა მიღწევებზე.
რატომ არის PISA მნიშვნელოვანი?
PISA-ს შედეგები მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო:
კვლევა ორიენტირებულია საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრაზე. კვლევის დიზაინი და ანგარიშების წარმოების მეთოდები მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ შესაბამისმა სამთავრობო ინსტიტუტებმა კვლევის შედეგები საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრისას გაითვალისწინონ.
პროგრამა ეფუძნება წიგნიერების „ახლებურ“ ხედვას, რაც გულისხმობს მოსწავლეთა შესაძლებლობას, გამოიყენონ ძირითად საგნებში მიღებული ცოდნა და უნარები, რათა გააანალიზონ, სხვადასხვა სიტუაციური პრობლემების გადაჭრისას იმსჯელონ და ეფექტურად გადმოსცენ აზრი. პროგრამა შეესაბამება უწყვეტი განათლების პრინციპს და არ შემოისაზღვრება მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების შეფასებით, ამავდროულად, მოსწავლეების მოტივაციის, თვითრწმენისა და განათლების მიღების პროცესისადმი მათი დამოკიდებულების შესწავლას ისახავს მიზნად.
აღნიშნული კვლევა რეგულარულად ტარდება, რაც მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალ-ყური ადევნონ, რა შედეგებს აღწევენ ისინი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და ამოცანების დაძლევის გზაზე.
PISA-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას სწავლისა და სწავლების პროცესზე მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
საქართველოს შედეგები
საქართველო PISA-ში 2-ჯერ, 2009 და 2015 წლებში მონაწილეობდა. [1]
PISA 2009 წლის კვლევაში თავდაპირველად 64 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული იყო ჩართული. თუმცა, მოგვიანებით, 2009+ პროექტის ფარგლებში, მათ 10 მონაწილე დაემატა, მათ შორის საქართველოც იყო.
2009 წელს საქართველოს მოსწავლეების მიერ სამივე სფეროში - წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.
წიგნიერებაში მოსწავლეთა საშუალო ქულა 374 PISA-ს საერთაშორისო საშუალო 493 ქულას ბევრად ჩამოუვარდებოდა. ამ მონაცემებით საქართველოს შედეგები ყატარის, პერუსა და პანამის მოსწავლეების მიღწევების მსგავსი იყო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 38%-ის კითხვის უნარი იმ მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ დონეს შეესაბამებოდა, რომელიც საჭიროა კითხვის ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებისათვის. რაც შეეხება მათემატიკას, აქ საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად დაბალი იყო საერთაშორისო საშუალო 496 ქულაზე. საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულა იყო 373, რაც სხვა სფეროების მსგავსად, სტატისტიკურად ძალზე ჩამორჩებოდა საერთაშორისო საშუალო 501 ქულას. ამ სფეროში მოსწავლეთა დაახლოებით 34% ავლენდა იმ ელემენტარულ საბაზო ცოდნას, რომელიც მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ საფეხურს შეესაბამებოდა.
PISA 2009 წლის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს საბაზისო საფეხურის მოსწავლეების უმეტესობა იმ უნარ-ჩვევებსარ ფლობდა, რომელიც საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის არის საჭირო. მათი ცოდნა და შესაძლებლობები არ იყო საკმარისი განათლების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად და ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებთან შეუსაბამო იყო. PISA-მ გამოავლინა, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის და უნარების გადაცემას ვერ უზრუნველყოფს, რომელიც ამ ასაკის მოქალაქეებისთვის არის აუცილებელი.
2015 წლის კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე იყო კონცენტრირებული. 2015 წელს საქართველომ საშუალო ქულა გაიუმჯობესა და 411 ქულა მიიღო, თუმცა ის მაინც ბევრად ჩამორჩებოდა მსოფლიო საშუალო 493 ქულას. რაც შეეხება წიგნიერებას, საქართველო იმ 41 ქვეყანას შორის იყო, სადაც კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი OECD-ის საშუალოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. საქართველოს რეიტინგული ადგილი 59-64 ადგილებს შორის დიაპაზონში იყო მოქცეული. PISA-ს კითხვის ტესტში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი (52%) დაბალი მიღწევის ჯგუფში მოხვდა, ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 1% მოექცა. 2015 წელს, მიუხედავად გაუმჯობესებული შედეგებისა, კვლევამ ისევ დაადასტურა, რომ ქართველი მოსწავლეები მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოსწავლეებს მიღწევებში ჩამორჩებოდნენ და ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის აუცილებელი შესაბამისი უნარ-ჩვევები არ ჰქონდათ.
რაც შეეხება 2019 წელს[2], PISA-ში 72 ქვეყნის (იხ. რუკა 1) 600 000 მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევა რეპრეზენტატულია 32 მილიონიანი პოპულაციისთვის. სამი კომპონენტიდან პროგრამა წიგნიერების ნაწილზე იყო ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება წაკითხულის გააზრების შემეცნების ნაწილს ეთმობოდა, თუმცა მათემატიკური და საბუნებისმეტყველო უნარებიც შემოწმდა.
რუკა 1: PISA 2018 - მონაწილე ქვეყნები
წყარო:OECD
PISA-ს საშუალო მაჩვენებელი წიგნიერებაში 487 ქულა იყო, მათემატიკაში საშუალო 489 ქულა დაფიქსირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აგრეთვე, 489 ქულა იყო. საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, სამივე კომპონენტში მონაცემები გაიუარესა. წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების ქულა 380-ია, მათემატიკაში - 398 ქულა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 383 ქულა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1: 2009, 2015, 2019 წლებში PISA-ს და საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებლები
|
2009 |
2015 |
2019 |
|||
|
PISA |
საქართველო |
PISA |
საქართველო |
PISA |
საქართველო |
წიგნიერება |
493 |
374 |
493 |
411 |
487 |
380 |
მათემატიკა |
496 |
379 |
490 |
404 |
489 |
398 |
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |
501 |
373 |
493 |
411 |
489 |
383 |
წყარო: OECD
როგორც ცხრილიდან ჩანს, PISA 2018-ში საქართველოს შედეგები, 2015 წელთან შედარებით, გაუარესებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წლიდან წლამდე ხარისხი არ უმჯობესდება, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, გასული წლების შედეგების გათვალისწინება და უკეთესი პრაქტიკის დანერგვა არ ხდება.
განათლების სამინისტრო მსგავს საერთაშორისო რეიტინგებს მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს და ქმედითი, საუკეთესო შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს. დღევანდელი მოცემულობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფენ,მოზარდს ვერც განათლების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად ვერ ამზადებენ და ვერც შესაბამის უნარებს აძლევენ, რომ მოსწავლეები ცხოვრებისეულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.