რეზიუმე: 2018 წლის ბოლოსთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 1 196 926 საყოფაცხოვრებო აბონენტი არის ბუნებრივი აირის მომხმარებელი. აქედან, 2013-2019 წლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება დაახლოებით 283 801 პოტენციურ აბონენტს მიეცა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უხეში გათვლებით, მოსახლეობის თითქმის 72% ბუნებრივ გაზს მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან საყოფაცხოვრებო აბონენტის გაზგაყვანილობის ქსელთან მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. ასევე, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადის 16 თვეზე გადანაწილება არის შესაძლებელი.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზიფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „გაზიფიცირება მოვახდინეთ დასახლებული პუნქტების 70%-ზე მეტში“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტთა ჯამური რაოდენობა 1 239 022 შეადგენს, მათ შორის: საყოფაცხოვრებო აბონენტები- 1 196 926 და არასაყოფაცხოვრებო აბონენტები - 42 096. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბრის თვისთვის, უხეში გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 72% ბუნებრივი გაზის აბონენტია.

2013-2019 წლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დაახლოებით 283 801 პოტენციურ აბონენტს. შესაბამისად, თუ ამ წლების საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, წელიწადში საშუალოდ 40 543 აბონენტის გაზიფიცირება ხორციელდებოდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის განკარგულებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა დამტკიცდა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, 2019-2021 წლებში, 223 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც 58 894 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. საანგარიშო წლებში დაგეგმილი გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2020 წელს, 157 დასახლებულ პუნქტში არის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება დაგეგმილი, რის შედეგადაც დაახლოებით 31 801 პოტენციურ აბონენტს ექნება ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება. 2020 წელს გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება, რომელიც 2020 წლის სახსრებით უნდა დაფინანსდეს, დაახლოებით 79 მილიონი ლარია.

2019-2020 სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის, გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1.3 მლნ აბონენტს. ოფიციალური მონაცემით, 2018 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა უკვე აქვს თითქმის 1.2 მილიონ საყოფაცხოვრებო აბონენტს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სირთულეს წარმოადგენდა აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რადგან პოტენციურ აბონენტთა დიდი ნაწილი ვერ იხდიდა დაწესებულ საფასურს. 2014 წლიდან დაბალ წნევაზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. ასევე, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადის 16 თვეზე გადანაწილება არის შესაძლებელი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია