რეგიონის მთავრობამ ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში დააანონსა. ამ პროცესს წინ უძღოდა მოქმედი სპორტული სკოლის ორი ფლიგელის გასხვისება, რაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა გააპროტესტა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის იმჟამინდელმა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ მოსახლეობას ამცნო, რომ სულ მალე ქალაქს თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ექნებოდა, რომელიც გასხვისებული ფლიგელების გამო სავარჯიშო სივრცის გარეშე დარჩენილ სპორტის სახეობებს დაეთმობოდა.

ტერიტორია, რომელზეც სასპორტო სკოლის ფლიგელები იყო განთავსებული, შპს „ორბს“ გადაეცა. სპორტის თხუთმეტამდე სახეობას, ათეულობით სპორტსმენსა და მწვრთნელს სავარჯიშოდ ალტერნატიული სივრცეების მოძიება დასჭირდა. ხელისუფლება მათ დაჰპირდა, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში შეიცვლებოდა და ისინი ვარჯიშს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ დარბაზებში გააგრძელებდნენ.

სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 23 ათასი კვმ ტერიტორია შეირჩა. პროექტის შესყიდვის მიზნით, შპს „სტადიონმა“ 2017 წლის 10 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია „სენსონმა“ გაიმარჯვა. 420 000 ლარად შესყიდული პროექტის პრეზენტაცია მთავრობამ იმავე წლის მაისში გამართა. ივლისში კი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ სპორტსმენებისათვის მიცემული პირობის შესრულების მეორე ეტაპი იწყებოდა, ანუ პროექტი მზად იყო და ერთ კვირაში მშენებელი კომპანიის შესარჩევი ტენდერიც გამოცხადდებოდა.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 2017 წლის 11 აგვისტოს გამოცხადდა. სამ პრეტენდენტს შორის შპს „საბა კონსტრაქშენმა“ გაიმარჯვა. მასთან 2018 წლის 8 იანვარს, 61 977 777 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტზე ხელმოწერიდან 16 თვეში ანუ 2019 წლის მაისში სპორტსმენებს უნდა ჰქონოდათ სპორტული ტანვარჯიშის, მხატვრული ტანვარჯიშის, ბერძნულ/რომაული ჭიდაობის, თავისუფალი ჭიდაობის, სპორტული ცეკვების, ჭადრაკის, ტაეკვანდოს, ქართული საბრძოლო ხელოვნების, კრივისა და უნივერსალური, ტრანსფორმირებადი დარბაზები. ასევე - გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და ღია ავტოსადგომი.

თუმცა ხელშეკრულებაში ექვსი ცვლილება შევიდა, მათ შორის, პროექტთან და ვადებთან დაკავშირებით. 2019 წლის 25 იანვრით დათარიღებული შეთანხმების მიხედვით, პროექტის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდა, ანუ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 19 თვეში, 2019 წლის აგვისტოში დასრულდებოდა. ეს მიმდინარე წლის მაისში, ბათუმში იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტის დროსაც დადასტურდა. მაშინ აღინიშნა, რომ ქალაქს ზაფხულის ბოლოს ახალი, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნებოდა.

თავდაპირველად ხელშეკრულების მოქმედების ვადა 08.01.2018 – 08.06.2019 იყო. 2019 წლის იანვრის შეთანხმებით, ვადა 08.09.2019-მდე გაგრძელდა, ხოლო სექტემბერში, ახალი შეთანხმებით, კიდევ ერთხელ დაკორექტირდა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

ამ ეტაპზე (2019 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით) მშენებლობა ჯერაც მიმდინარეობს და ხელშეკრულების პირველი ვარიანტით გათვალისწინებული 16-თვიანი ვადა საბოლოოდ ორწლიან პერიოდად გადაიქცა. როდის მიიღებენ სპორტსმენები აჭარის მთავრობისგან დაპირებულ უკეთეს პირობებს, რომლის სანაცვლოდაც თავიანთი დარბაზები „ორბის“ სასარგებლოდ დათმეს, ჯერ უცნობია.

ინფორმაციისთვის, შპს „სტადიონი“ 2012 წელსდაფუძნდადა მისი 100%-იანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. სპორტული კომპლექსის მშენებლობის გარდა, ეს ორგანიზაცია კიდევ რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ბათუმის სტადიონის მშენებლობას, რომლის შესახებაც არაერთი კითხვა არსებობდა. „ფაქტ-მეტრი“ წერდა, რომ ბათუმის UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობა რვა თვის განმავლობაში ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობდა. სხვათა შორის, შპს „სტადიონი“ არის პასუხისმგებელი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის განხორციელებაზეც, რომელიც 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2019 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „საბა კონსტრაქშენთან“.

რაც შეეხება შპს „საბა კონსტრაქშენს“, ისდაფუძნებულია 2012 წელს სლავა და მალხაზ შერაზადიშვილების მიერ. კომპანიის დირექტორი ლევან თარგამაძეა. 2014 წლიდან მთლიანი წილის მმართველი სლავა შერაზადიშვილია, ხოლო 2019 წლის ივნისიდან კომპანიას ფლობს ახალდაფუძნებული შპს „საბა ინვესტი“, რომელიც ასევე სლავა შერაზადიშვილის საკუთრებაა. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას სხვა შემსყიდველთან გაფორმებული აქვს ჯამში 174 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება, რომელთა უმეტესობაშიც შეტანილია სხვადასხვა სახის ცვლილება, მათ შორის, ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 3 მილიონზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება კომპანიას მიღებული აქვს გამარტივებული შესყიდვებით.

თეგები: