საინფორმაციო სააგენტო „ჯეომედიაპრესმა“ და გამცემა „The Georgian Times-მა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნინო ბურჯანაძე და გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში გაემგზავრნენ „გარკვეულწილად ქვეყნის მართვის პროცესში“ ჩართულ პირებთან შესახვედრად.ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა გრიგოლ ვაშაძის მოსკოვში გასამგზავრებელი „ბილეთის“ სურათი, მათ შორის Facebook-გვერდებზე - „სირცხვილის კორიდორი“, „ინფორმაცია დღეს“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის რუსეთში ვიზიტის შეფასებისას შემდეგი რამ თქვა: „გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? ხომ არ არის მასთან [ნინო ბურჯანაძესთან] ერთად?“

ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანი „პირველ არხს“ უდასტურებს, რომ ნინო ბურჯანაძე შვილთან, ამავე პარტიის წევრ ანზორ ბიწაძესთან, ერთად მოსკოვში მართლაც გაემგზავრა და იქ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ის მოსკოვში ნინო ბურჯანაძესთან არ გამგზავრებულა და მამუკა მდინარაძის კომენტარის საპასუხოდ თავადაც მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება. გრიგოლ ვაშაძემ ეს ინტერვიუ „პალიტრავიდეოს“ საკუთარი სახლიდან მისცა.

„სირცხვილის კორიდორი“ ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ამბების გავრცელებაში არაერთხელ არის შემჩნეული (იხილეთ აქ, აქ, აქ და აქ).

თეგები: