2019 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა წლებში ზრდა განსხვავებულია.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (ინგლ. Gross Domestic Product - GDP) ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისადა მომსახურების საერთო ღირებულებაა. მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის
ერთ-ერთი მეთოდია და შეიძლება, გამოყენებულ იქნას, როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი. ბუნებრივია, მთლიანი შიდა პროდუქტი იდეალური მაჩვენებელი არ არის და სხვადასხვა მეთოდოლოგიური თავისებურებების თუ ნაკლოვანებების გამო, არსებულ რეალობას სრულად ვერ ასახავს. მაჩვენებლის სიზუსტის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აღურიცხავი, ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა წარმოადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ოფიციალურ მაჩვენებელს რეალურზე მცირედ წარმოადგენს. ჩრდილოვანი ეკონომიკა შეიძლება იყოს საზოგადოდ ლეგალური აქტივობაც (მაგ: დაურეგისტრირებელი ლეგალური საქმიანობა, თვითდასაქმება, საოჯახო მეურნეობა და ა.შ) და არალეგალურიც (კორუფციული ტრანზაქციები, პროსტიტუცია, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ).
მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლის მეთოდოლოგია მოცემულია ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში (ეას) (ინგლ. SNA - System of National Accounts). ეას ეკონომიკური სტატისტიკის წარმოების ეკონომიკურ-სტატისტიკური და საერთაშორისო შედარებითი ანალიზის მიზნით, გაერო-ს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის გაერთიანების კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს.
ეას პირველად 1953 წელს გამოიცა (SNA 1953) და ფუნდამენტური ცვლილება რამდენჯერმე განიცადა. მიმდინარე ცვლილება მშპ-ს მაჩვენებელში სწორედ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის SNA 1993 სტანდარტებიდან SNA 2008 წლის სტანდარტებზე გადასვლამ გამოიწვია. ამ ორ ვერსიას შორის ძირითადი განსხვავებებია: აქტივებისა და პასივების გაუმჯობესებული აღრიცხვა, სიახლეების შეტანა ფინანსურ სექტორში, მზარდი გლობალიზაციის ასახვა ანგარიშებში, საჯარო ფინანსებისა და არაფორმალური სექტორის უკეთესი აღწერა. (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმძღვანელოში, გვ 524). ძირითადი მეთოდოლოგიური განსხვავებები საქართველოში დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან.
მშპ-ს რევიზიის მნიშვნელოვანი წყაროა მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს:
· შუალედური მოხმარების სტრუქტურის განახლებას სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე;
· დაუკვირვებადი ეკონომიკის სპეციალური გამოკვლევას სხვადასხვა სექტორში;
· დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდების გაუმჯობესებას (IMF, EU-Twinning);
· არალეგალური საქმიანობების გამოშვების გათვალისწინებას მშპ-ში;
· ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევას.
ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან, ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელარუსი. დღესდღეობით SNA 2008 სტანდარტით 80 ქვეყანა სარგებლობს. როგორც ევროპის გამოცდილება აჩვენებს, მეთოდოლოგიის ცვლილება მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას იწვევს. ევროკავშირის ქვეყნებში მაჩვენებლის ზრდამ დაახლოებით 3.7% შეადგინა, მოლდოვის შემთხვევაში ზრდა 18% იყო.
საქართველოს შემთხვევაში მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად 2018 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 3.5 მლრდ ლარით, 41.1 მლრდ ლარიდან და 44.6 მლდ ლარამდე გაიზარდა.
ცხრილი 1: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ძველი და ახალი მეთოდოლოგიით (მლრდ ლარი)
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
მშპ ძველი, SNA 1993 მეთოდოლოგიით |
29.2 |
31.8 |
34 |
37.8 |
41.1 |
მშპ ახალი, SNA 2018 მეთოდოლოგიით |
31.1 |
33.9 |
35.8 |
40.8 |
44.6 |
ცვლილება |
1.9 |
2.1 |
1.8 |
3.0 |
3.5 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შეიცვალა რეალური[1] მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც. ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის შედეგად, 2018 წელს მშპ-ს ზრდა 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელს 0,1%-ით შემცირდა. ასევე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2015 წლის ფასებში არის დათვლილი, წარსულში 2010 წლის ფასებში ითვლიდნენ.
ცხრილი 2: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული ზრდა ძველი და ახალი მეთოდოლოგიით (%)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მშპ-ს ნომინალური მაჩვენებლის ზრდა, შესაბამისად, აისახა ერთ სულზე გადანაწილებული მაჩვენებლის ცვლილებაშიც. 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულზე გაიზარდა 955 ლარით და 11 968 აშშ ლარი შეადგინა.
ცხრილი 3: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე ძველი და ახალი მეთოდოლოგიით (ლარი)
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
|
მშპ ძველი SNA 1993 მეთოდოლოგიით |
7 867 |
8 524 |
9 129 |
10 151 |
11 013 |
მშპ ახალი SNA 2018 მეთოდოლოგიით |
8 368 |
9 109 |
9 614 |
10 934 |
11 968 |
მატება |
501 |
585 |
485 |
783 |
955 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საინტერესო შედეგები ექნება ცვლილებას კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული ზღვრებისთვის. მაგალითად, კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ განსაზღვრავს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება დასაშვებია იყოს არაუმეტეს 3 პროცენტისა, ხოლო საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა. გაზრდილი მშპ-ს შემთხვევაში ბუნებრივია პროპორციულად იზრდება დეფიციტისა და ვალის ნომინალური მოცულობის ზღვარიც. 2019 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.54%-დან 2.34 %-მდე მცირდება. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის დასაშვები საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლის შემთხვევაში იზრდება 1.34 მლრდ ლარიდან 1.46 მლრდ-მდე, 114 მლნ ლარით.
გრაფიკი 1. მეთოდოლოგიის განახლებით გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის ცვლილება
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სამთავრობო ვალი 43%-დან 39.6%-მდე მცირდება. სამთავრობო ვალის დასაშვები საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლის პროგნოზის შემთხვევაში იზრდება 26.9 მლრდ ლარიდან 29.2 მლრდ ლარამდე, 2.29 მლრდ ლარით.
გრაფიკი 2. მთავრობის ვალის მაჩვენებლების მეთოდოლოგიის განახლებით გამოწვეული ცვლილება (%, მლრდ ლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთლიანი შიდა პროდუქტი ფარდობითი ანალიზისთვის ფუნდამენტურ მაჩვენებელს წარმოადგენს ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორებისთვის: საბიუჯეტო მაჩვენებლებისთვის, საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებლებისთვის და ა.შ. ცვლილების შემდეგ, ფარდობითი მაჩვენებლები მცირდება. შესაბამისად, წარსული ანალიზი რომელიც SNA 1993-ს ეფუძნებოდა, მიმდინარე და მომავალ, ახალ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ ანალიზთან ვერ შედარდება. აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრი“ დასკვნებისა და ანალიზისთვის ოფიციალურ, ღია მონაცემებს ეყრდნობა. ახალი მონაცემების გამოქვეყნება როგორც პოლიტიკოსების, ასევე „ფაქტ-მეტრის" ლეგიტიმურ ანალიზში და განცხადებებშიც უნდა აისახოს, თუმცა, ლეგიტიმურობის მიუხედავად, ბუნებრივია წარსული და მიმდინარე ანალიზი მეთოდოლოგიური ცვლილებიდან გამომდინარე გარკვეულწილად განსხვავებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, მონაცემები 2010 წლიდან განახლდა.
[1] რეალურ მაჩვენებლებში გამორიცხულია ინფლაციის ზემოქმედება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლა ხდება საბაზისო წლის ფასებში.