აბა ნახეთ, როგორ სუფთად ჩაატარა პოლიციამ ყველაფერი. მადლობის მეტი რა ეთქმის პოლიციელს, არცერთი მოქალაქე არ დაზარალებულა

რეზიუმე: 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, გუნდმა (,,ქართულმა ოცნებამ’’) სამწუხარო გამოცდილება მიიღო და პოლიციამ ამჯერად ყველაფერი სუფთად ჩაატარა. „ქართული ოცნების“ ლიდერს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ოპერაცია ჩაატარა პოლიციამ სუფთად, თუმცა ცნობილია, რომ, როგორც 18, ისე 26 ნოემბერს დემონსტრანტთა დაშლას ადამიანების დაზიანება მოჰყვა.

ანალიზი

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარდებოდა, თუმცა 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. პირობის შეუსრულებლობას კვლავ საპროტესტო აქციები მოჰყვა.

17 ნოემბერს, ღამით, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს. 18 ნოემბერს საპოლიციო ძალებმა პიკეტი სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმავე დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი დაშავდა. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავეს.

18 ნოემბრის აქციის დაშლის შედეგად, დემონსტრაციის მონაწილის გიორგი მღებრიშვილის თქმით, მან მაჯის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, როდესაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გაუშვეს. როგორც მღებრიშვილმა თქვა, ჭავლის ძლიერმა ნაკადმა ის გადააგდო და ხელი ამ დროს დაუზიანდა. მისივე ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული უფრო მეტი იყო, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა და თვითონაც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სამინისტროს სტატისტიკაში ვერ მოხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთი პოლიციელი იყო.

მომდევნო აქცია-პიკეტი პარლამენტის შენობასთან 25 ნოემბერს გაიმართა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტთა დაშლა 26 ნოემბრის დილის 5 საათისთვის დაიწყო და წყლის ჭავლის გამოყენებით შეკრებილი ადამიანები აიძულა, დაეტოვებინათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებუილი ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა სახის დაზიანება სამმა მოქალაქემ მიიღო, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ 28 პირი დააკავეს. დემონსტრაციის მონაწილის, ზაზა ლიპარტელიანის ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, მან წყლის ჭავლის გამოყენებით თვალის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის” ინფორმაციით, მას დაზიანებული აქვს თვალბუდე.

აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მოვლენებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 27 ნოემბერს გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება არც აუცილებელი იყო და არც პროპორციული. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ძალადობა მიაღწევს იმ დონეს, რომ სამართალდამცველებისთვის შეუძლებელი იქნება საფრთხის აღკვეთა მხოლოდ ძალადობაში ჩართული ადამიანების დაკავებით. „შეკრებები, რომლებიც ბლოკავს პალამენტის შესასვლელებს, მხოლოდ მაშინ უნდა დაიშალოს, თუ იარსებებს ამის აშკარა სოციალური საჭიროება, და თუ დემონსტრაციამ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია ხანგრძლივი პერიოდით. 18 და 26 ნოემბრის შემთხვევაში ამის საფუძველი არ ყოფილა“, - წერია განცხადებაში.