იტვირთება

17 ნოემბერს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იყო: „რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე".

საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ დასახელებული რიცხვი (5500) აქციის მონაწილეთა დათვლის იმ შემთხვევას შეესაბამება, როდესაც აქციის ჩატარების ლოკაციაზე 1.5 კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანს ვიგულისხმებთ, დათვლის აღნიშნული მეთოდოლოგია კი აქციის მონაწილეთა მინიმალურ შესაძლო რაოდენობას ასახავს. შესაბამისად, ვაჟა სირაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მთლიანი სურათის მხოლოდ ნაწილს აღწერს.

შეკრებილი ხალხის ონლაინმზომელი ვებგვერდი mapcheking.com-ის მიხედვით, თუ ვიგულისხმებთ, რომ 17 ნოემბრის აქციაზე პარლამენტის წინ ერთ კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანი ეტეოდა, მაშინ, რუსთაველზე მიმდინარე აქციას დაახლოებით 5000-დან 5500-მდე ადამიანი ესწრებოდა. ამავე დროს, აქციის მონაწილეები დამატებით პარლამენტის ოთხივე შესასვლელს იკავებდნენ.

დათვლის აღნიშნულ შემთხვევაში ვაჟა სირაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლესთან მიახლოებულია, თუმცა სიმჭიდროვის აღნიშნული მაჩვენებელი არ შეესაბამება 17 ნოემბერს გამართულ აქციას. თუ სირაძის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს მივყვებით, მაშინ დაახლოებით ასეთი სურათი შეიქმნება:

სიმჭიდროვის აღნიშნული მოდელირება (1.5 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე) ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეესაბამებოდეს 17 ნოემბრის აქციის სიმჭიდროვეს.

აქციის აღნიშნულ ფოტოზე ცენტრალურ ადგილას სიმჭიდროვე გაცილებით მეტია (დაახლოებით 3.5-დან 4-მდე ადამიანი კვადრატულ მეტრზე). აღნიშნულ სიმჭიდროვეს შეესაბამება შემდეგი მოდელირება:

თუ ვივარაუდებთ, რომ აქციის ცენტრალურ ადგილას სიმჭიდროვე დაახლოებით 3.5 ან 4 ადამიანია ერთ კვადრატულ მეტრზე, ხოლო აქციის პერიფერიულ ტერიტორიებზე სიმჭიდროვე დაახლოებით 1 ან 1,5 ადამიანია 1 კვადრატულ მეტრზე, მაშინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 8500 გამოდის.

თუ 17 ნოემბრის აქციის მონაწილეთა რაოდენობას დავითვლით სიმჭიდროვის მინიმალური საშუალო კოეფიციენტით - 1 ადამიანი 1კვადრატულ მეტრზე - მაშინ აქციაზე შეკრებული მოქალაქეთა რაოდენობა დაახლოებით 4000-4500-ია.

თუ ავიღებთ სიმჭიდროვის საშუალო - 2.5-კოეფიციენტს მაშინ აქციაზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით 8500-ია.

ხოლო თუ ავიღებთ სიმჭიდროვის მაქსიმალურ საშუალო კოეფიციენტს -3.5- მაშინ დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით 12000-ია.

აქედან გამომდინარე, აქციაზე დამსწრეთა რაოდენობის დიაპაზონი 4500-დან 12000-მდე. აღნიშნული რაოდენობა დამოკიდებულია აქციის მონაწილეთა სიმჭიდროვით კონკრეტულ ტერიტორიაზე. ყველაზე ნეიტრალური გაანგარიშებით გუშინდელ აქციას დაახლოებით 8500 აქტივისტი ესწრებოდა.

პარლამენტთან მიტინგი, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩავარდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ (რასაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი „გავრილოვის ღამეს" უწოდებენ) საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა წარმოადგინა: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი, რომლის შესრულებასაც ივანიშვილი საზოგადოებას დაჰპირდა.

ცოტნე ვანიშვილი

კობა ლაჩაშვილი


მსგავსი სიახლეები

2867 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი