რეზიუმე: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადებიდან 80 წლის თავზე როგორც ოფიციალურმა მოსკოვმა, ასევე რუსულმა სახელმწიფო მედიამ დეზინფორმაციის ტალღა წამოიწყო. სოციალურ მედიაში კამპანია სლოგანით - #TruthAboutWWII (სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ) გამოჩნდა, რომელშიც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების Twitter-ის პროფილები ჩაერთვნენ. კამპანია ისტორიის დამახინჯებას ცდილობდა ფაქტების მანიპულაციის გზით. საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წელს დადებული თავდაუსხმელობის პაქტით, მხარეები მეორე მსოფლიო ომის პირველი ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ამასთანავე, სწორედ ამ პაქტის საიდუმლო პროტოკოლით მხარეებმა აღმოსავლეთ ევროპა გავლენის სფეროებად გაინაწილეს. მიუხედავად ამისა, დეზინფორმაციითა და ყალბი ამბების გავრცელებით დღეს რუსეთი პასუხისმგებლობის პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებსა და დასავლურ სახელმწიფოებზე გადაბრალებას ცდილობს.

რუსეთის მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობა ახალი არ არის. კამპანიის პარალელურად, ქართულმა პრორუსულმა მედიებმა აქტიურად დაიწყეს რუსული ნარატივის იმპორტი ქართულ მედიასივრცეში - „საქართველო და მსოფლიომ“ (გამოირჩევა პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით და ყალბი ამბების გავრცელებით) Ymuhin.ru-ზე (ვებგვერდის აღწერიდან ვიგებთ, რომ ავტორი სხვადასხვა შეთქმულების თეორიას უჭერს მხარს, მაგალითად: ელცინი 1996 წელს გარდაიცვალა და 2007 წლამდე მას ორეული ანაცვლებდა) დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია - „1939 წლის პოლონური სირცხვილი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ,“ (გაგრძელება იხ. აქ) ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნდა „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებლის გულბაათ რცხილაძის სტატია „ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?“. კვლევის მიხედვით გულბაათ რცხილაძემ „ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში 2009 წელს დააფუძნა, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა რუსეთის წინააღდეგ ომის დაწყებაში. გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტს „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის”.

ქართულ მედიასივრცეში გავრცელებულ სტატიებში უარყოფილია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის თანამშორმლობა 1939-1941 წლებში, გაყალბებულია პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ისტორია, უგულებელყოფილია საბჭოთა კავშირის ბრალეულობა პოლონეთის მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი გამოყვანილია, როგორც ომის პროვოკატორი. სტატიები საბჭოთა კავშირის რომანტიზებას ახდენენ და ქმნიან მითებს, რომ თითქოს ნაცისტური გერმანიის მარცხი მხოლოდ სსრკ-ის დამსახურებაა, ხოლო საბჭოთა დანაშაულებები კი მიჩქმალულია.

ოფიციალური მოსკოვის დეზინფორმაციაTwitter-ზე

რუსეთის ოფიციალური უწყებების Twitter-ის პროფილებმა წამოიწყეს კამპანია - #TruthAboutWWII (სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ). 19 აგვისტოდან (ვარშავაში გასამართ ღონისძიებამდე 4 დღით ადრე) ეუთო-სთან რუსეთის დიპლომატიური მისიის Twitter-ის ანგარიშმა აღნიშნული „ჰეშთეგით“ განცხადებების გამოქვეყნება დაიწყო. კამპანიას სხვა რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობის Twitter-ის ანგარიშებიც შეუერთდნენ, მაგალითად, რუსეთის წარმომადგენლობები აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირთან და ასევე რუსეთის საგარეო სამინისტროს Twitter. ამით რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობები ცდილობდნენ, გაემართლებინათ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მისი დადების 80 წლის თავზე.

წყარო: medium.com

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: დეზინფორმაცია და სიმართლე

რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს, არასდროს უღიარებია სტალინის კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის შედეგად მიყენებული ადამიანური მსხვერპლი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებზე გამარჯვებას მხოლოდ საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევდა. საბჭოთა დროიდან მოყოლებული კრემლი საკუთარ თავს ევროპის ნაციზმისგან გადამრჩენლად მიიჩნევდა, უკანასკნელ წლებში კი იგივე ნარატივის გამოყენება პუტინმა აქტიურად დაიწყო. რუსეთის ისტორიული მნიშვნელობის ხელახლა წამოწევა და საბჭოთა მიღწევების განდიდება თანამედროვე მოსკოვის პროპაგანდის კლასიკური სტრატეგიაა. ევროპის ნაციზმისგან მხსნელის იმიჯის მორგებით, კრემლი უგულებელყოფს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს - ხელშეკრულებას, რამაც გზა გაუხსნა მეორე მსოფლიო ომს და შეიწირა მრავალი მილიონი სიცოცხლე.

რუსული პროპაგანდა მალავს 1939-1941 წლებში გერმანიასთან დადებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ხელშეკრულებებს, რითიც საბოლოოდ მტკიცდება, რომ ამ ორი წლის განმავლობაში სსრკ გერმანიის არამეომარი მოკავშირე იყო. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საბჭოთა კავშირი არასდროს ყოფილა გერმანიის მოკავშირე. ეს კი დადასტურებული დოკუმენტების საპირისპიროდ, რომლის მიხედვითაც, 1940 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა სასაზღვრო და კომერციული ხელშეკრულება, რომელიც მომდევნო წელსაც განახლდა. 22-თვიანი ალიანსის პერიოდში საბჭოთა პრესა ნაცისტების პოლიტიკას არ აკრიტიკებდა. მხარეებმა მჭიდრო ეკონომიკური კავშირები დაამყარეს. 1939 წლის აგვისტოდან 1941 წლის ივნისამდე გერმანია სსრკ-სგან ნავთობპროდუქტებს, ასევე საბრძოლო წარმოებისათვის საჭირო და სხვა მასალებს ყიდულობდა. სანაცვლოდ გერმანია საბჭოთა კავშირს შეიარაღებასა და ინდუსტრიულ მასალებს (მათ შორის საბრძოლო გემიც) აწვდიდა, ასევე მისცა 200 მილიონი რაიხსმარკის მოცულობის სესხი. გარდა ამისა, პაქტის შემდეგ ენკავედე (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) და გესტაპოც თანამშრომლობდნენ. საბჭოთა მხარემ გერმანელი და ავსტრიელი ანტიფაშისტური მოძრაობის წევრები გესტაპოს გადასცა. 1939 წელს დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის სახელით ცნობილი პაქტით კი მხარეებმა თავდაუსხმელობისა და ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გარდა, მასთან არსებული საიდუმლო ოქმით აღმოსავლეთ ევროპა გაინაწილეს:

საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი:

1.ბალტიის და ფინეთის ტერიტორიულ-პოლიტიკური რეორგანიზაციის შემთხვევაში ლიეტუვის ჩრდილოეთ საზღვარი იქნება გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროს საზღვარი. შესაბამისად, ლიეტუვა რჩება გერმანიას, ხოლო ლატვია და ესტონეთი კი - საბჭოთა კავშირს.

2.პოლონეთის ტერიტორიულ-პოლიტიკური რეორგანიზაციის შემთხვევაში საზღვარი გერმანულ და საბჭოთა ინტერესთა სფეროებს შორის გადიოდა მდინარეებზე: პისა, ნარევი, ვისტულა და სანი.

3. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით საბჭოთა მხარე ხაზგასმით მიუთითებს მის ინტერესს ბესარაბიაში (დღევანდელი მოლდოვა). გერმანული მხარე არ აცხადებს დაინტერესებას ამ მხარის მიმართ.

4. საიდუმლო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული ორივე მხარის მიერ.

პოლონეთის დადანაშაულება მეორე მსოფლიო ომის პროვოცირებაში

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო” 1930-იანი წლების პოლონეთზე აქტიურად ავრცელებს მანიპულაციურ ინფორმაციებს, სადაც პოლონეთი მეორე ომის გაჩაღებაში პროვოკატორად არის წარმოჩენილი. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის დიპლომატიურმა სამსახურმა, სადაც საბჭოთა კავშირის ბრალეულობა უგულებელყოფილია და მთავარი აქცენტი პოლონეთის დადანაშაულებაზე არის გადატანილი. იგივე ნარატივს ავრცელებს პრორუსული მედიაც.

გავრცელებული დეზინფორმაცია საბჭოთა კავშირს მსხვერპლად წარმოაჩენს, რომელსაც პაქტის დადება არ სურდა, თუმცა მოუწია. ასევე, რუსული მხარე და პრორუსული მედიები ცდილობენ დაარწმუნონ აუდიტორია, რომ პაქტმა არ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი. ამავე სცენარის გაგრძელება იყო რუსი პარლამენტარისა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის - ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება, რომ რომ პოლონეთი იყო მთავარი დამნაშავე მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში.

პროპაგანდის სამიზნე გახდა პოლონური არმიაც. პოლონეთის არმიაში ომის დაწყების წინ 1.3 მილიონი ჯარისკაცი მსახურობდა, ხოლო გერმანიის არმიაში - 1.5 მილიონი. არმიის სიდიდე სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რასაც წარმატებით იყენებს რუსული საინფორმაციო მანქანა და თხზავს მრავალ კონსპირაციულ თეორიას თითქოს პოლონეთს შეეძლო გერმანელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მთავრობის ემიგრაციამ პოლონეთის კაპიტულაცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის არმია ძირითადად ქვეითებით იყო დაკომპლექტებული, როცა მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად მექანიზებული ჯარი ჰყავდა. პოლონეთის არმია ძლიერი მხოლოდ ქაღალდზე იყო, რეალურად კი ჰიტლერის არმიისთვის დიდ წინაღობას არ წარმოადგენდა. ადამიანურ რესურსში დაახლოებითი თანასწორობის მიუხედავად, გერმანიას 3600 ჯავშანმანქანა (მოიცავს ტანკებსაც) ჰყავდა, ხოლო პოლონეთს მხოლოდ - 750. ასევე გერმანიის სამხედრო ავიაცია პოლონეთისაზე ორჯერ დიდი და უკეთესი ხარისხის იყო. გერმანული ჯარის მექანიზებულობის მაღალმა დონემ განაპირობა მისი სწრაფი პროგრესი.

ბრესტ-ლიტოვსკში გამართული სამხედრო აღლუმის უარყოფა

რუსული მედია და ოფიციალური მოსკოვი, ასევე ცდილობენ უარყონ ბრესტ-ლიტოვსკში გამართული საბჭოთა და ნაცისტური არმიების ერთობლივი აღლუმი, რაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

იმის მიუხედავად, რომ არსებობს ბრესტ-ლიტოვსკში გამართული გერმანულ-საბჭოთა ერთობლივი სამხედრო აღლუმის დამადასტურებელი კადრები, პრორუსული წყაროები მაინც ეჭვქვეშ აყენებენ მის არსებობას. ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკის ერთობლივი შტურმის შემდეგ, გენერალიტეტმა საბჭოთა-გერმანული მეგობრობის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაწყვიტეს. მათ ერთობლივი აღლუმის ჩატარება განიზრახეს. ზეიმი საბჭოთა ჯარების ჩამოსვლის შემდეგ დღეს, 23 სექტემბერს გაიმართა. ჩვეულებრივ, საზეიმო აღლუმებს ერთი პირი იბარებს, ეს შემთხვევა კი გამონაკლისი იყო - გენერალმა გუდერიანმა და კრივოშეინმა ერთად ჩაიბარეს აღლუმი. სხვადასხვა მკვლევრის შრომებიდან ირკვევა, რომ სამხედრო აღლუმი ჩატარდა არამარტო ბრესტ-ლიტოვსკში, არამედ სხვა პოლონურ (მაშინდელ) ქალაქებშიც - გროდნოში, ლვოვში, ბიალისტოკში.

საბჭოთა კავშირის პოლონეთში შეჭრის გამართლება

მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო პროტოკოლის მიხედვით, როგორც ირკვევა, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული საზღვარი, რომელიც პოლონეთზე გადიოდა. აღნიშნულ საზღვარს გერმანელებმა და საბჭოელებმა სამხედრო რესურსების კონცენტრირებითა და ორი ფრონტის გახსნით, ოქტომბრის დამდეგისთვის მიაღწიეს. თუმცა გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ჯიუტად ამტკიცებს, რომ ომის დიდ მასშტაბებში ესკალირება პოლონური მხარის ბრალია: „პოლონეთის მთავრობამ, გააჩაღა რა საომარი მოქმედებები, არჩია, მალევე მიეტოვებინა ომში ჩაბმული საკუთარი ხალხი და არმიის სარდლობასთან ერთად გაქცეულიყო რუმინეთში. გერმანელები ვეღარავის დაელაპარაკებოდნენ გერმანია-პოლონეთის სამშვიდობო მორიგების პირობებზე და იძულებული შეიქნენ, პოლონეთის ადგილზე გენერალ-საგუბერნატორო შეექმნათ. გაკვირვებული საბჭოთა კავშირი ომის დაწყებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეფხიზლდა და განგაშით მოუხმო დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარებს, რომლებიც ომის დაწყებიდან მე-17 დღეს შეიყვანა პოლონეთში, იქ მცხოვრები უკრაინელებისა და ბელორუსების დასაცავად”.

რუსული ნარატივის აბსურდულობის მიუხედავად, პრორუსი აქტორები ამართელებენ რა საბჭოთა კავშირის შეჭრას პოლონეთში, ისინი სტალინის ამ გადაწყვეტილებას ლეგიტიმურადაც მიიჩნევენ, იმ მოტივით, რომ დაებრუნებინა პოლონეთისგან ის ტერიტორიები, რაც 1919-1921 წლის ომში საბჭოთა რუსეთმა პოლონეთზე თავდასხმისას დაკარგა.

„ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე „საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში წერს, რომ „საბჭოთა კავშირს პოლონეთისთვის ომი არ გამოუცხადებია და ამიტომ პოლონეთის არმიის ნარჩენებს ერთი ტყვიაც არ გაუსვრიათ წითელი არმიის მიმართულებით”. საბჭოთა კავშირმა პოლონეთს უკრაინული და ბელარუსული ფრონტი დაუპირისპირა, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა გაანგარიშებით 600 ათასიდან 800 ათასამდე მერყეობდა. შეტაკებას 10 000-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო არმიის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 400 000 ჯარისკაცი საბჭოთა არმიამ ტყვედ აიყავნეს. ტყვეებიდან მაღალი რანგის ჯარისკაცები - 21 857 პოლონელი 1940 წლის აპრილ-მაისში სტალინის ბრძანებით კატინში დახვრიტეს, ხოლო მათ ოჯახები ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლებს. მათი დახვრეტის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ისინი პოლონელები იყვნენ. საბჭოთა კავშირი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა კატინში ჩადენილს და ამ სასაკლაოს ნაცისტებს აბრალებდა. ამ დანაშაულში საბჭოთა კავშირის როლი 1990 წელს, მიხაილ გორბაჩოვმა აღიარა.

მითი თითქოს საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში 1941 წელს ჩაება

პრორუსული მედიები უარყოფენ ფაქტს, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. სწორედ, 23 აგვისტოს შეთანხმებული პაქტით მიიღო ჰიტლერმა სტალინისგან თავდაუსხმელობის გარანტია, მიეცა რა ევროპაში მოქმედებების საშუალება და შეიჭრა პოლონეთში. ამ ფაქტის უგულებელყოფით პროპაგანდისტული მედიები უარყოფენ საბჭოთა მხარისა და ნაცისტური გერმანიის მოკავშირეობასაც და ამტკიცებენ, რომ საბჭოეთისთვის ომი 1941 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიულად დადასტურებულია, რომ საბჭოთა მხარე, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როცა ცეცხლი გაუხსნა პოლონურ მხარეს. პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილების დაკავების შემდეგ, საბჭოთა მხარე შეუდგა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შეთანხმებული ტერიტორიების დაკავებასაც, კერძოდ, იმავე სამხედრო კამპანიას მიეკუთვნება ბალტიის რესპუბლიკებისა და ბესარაბიის (დღევანდელი მოლდოვა) დაკავება და ომი ფინეთთან. შესაბამისად, საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში 1939 წელს ჩაება, ხოლო 1941 წელს გერმანიის თავდასხმის შემდეგ, მან ბანაკი შეიცვალა.

საბჭოთა მხარე საიდუმლო პროტოკოლის არსებობას 1980-იან წლებამდე ასაიდუმლოებდა. ისტორიის ფალსიფიცირების ნათელი მაგალითია 1948 წელს გამოცემული სპეციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სტალინმა უარი განაცხადა ნაცისტურ მხარესთან თანამშრომლობაზე. თუმცა გორბაჩოვის „პერესტროიკის“ ეპოქაში საბჭოთა მთავრობამ აღიარა სიმართლე საიდუმლო პროტოკოლის არსებობის შესახებ. დასავლეთს პაქტი და მისგან გამოწვეული ტერიტორიული ცვლილებები - ბალტიის სამი რესპუბლიკის მიერთება საბჭოთა კავშირის მიერ - არასდროს უღიარებია ლეგალურად.

ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაციის უარყოფა

2019 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მისმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარყვეს ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაცია 1940 წელს. მათ განაცხადეს, რომ საბჭოთა მოქმედებები ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამართლებული იყო. ზახაროვა ეწინააღმდეგება ტერმინი „ოკუპაციის” გამოყენებას და დასძენს, რომ სსრკ-ის მიერ ევროპული ერების გათავისუფლებას გერმანიისგან სხვა ინტერპრეტაცია მიეცა. მარია ზახაროვა ბალტიის რესპუბლიკების გათავისუფლებაში გულისხმობს ამ ქვეყნების რეოკუპაციასა და მის დაქვემდებარებაში დაბრუნებას ნაცისტური გერმანიისგან, რომელმაც 1941 წელს დაწყებული კამპანიით ეს ტერიტორიები დაიკავა. აღნიშნულ ნარატივს იმეორებს გაზეთი „საქართველო და მსოფლიო”. ამგვარი ისტორიული უზუსტობების გავრცელება მოსკოვის საინფორმაციო ომის მთავარი სტრატეგიაა. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ეს არა გათავისუფლებად, არამედ საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისად შეაფასეს. 2019 წლის ივლისში წითელი არმიის მიერ ბალტიის დედაქალაქების „გათავისუფლებისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ფოიერვერკის გამართვის გასაპროტესტებლად მათ რუსეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გამოიწვიეს. ამის საპასუხოდ პროკრემლინურმა მედიამ დაიწყო სადეზინფორმაციო კამპანია, რომლითაც ბალტიის ქვეყნებს საბჭოთა ოკუპაციის მითის შეთხზვასა და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშნვაზე უარის თქმაში ადანაშაულებდა.

სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საბჭოთა რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი აღიარებდა მათ დამოუკიდებლობას და უარს აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იგივე შინაარსის ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთმა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც გააფორმა, თუმცა ამას მოსკოვისთვის ხელი არ შეუშლია 1921 წელს საქართველოს ოკუპაციისთვის.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ, საბჭოთა კავშირს თავის გავლენის სფეროდ ესტონეთი და ლატვია ერგო, თუმცა საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად ლიეტუვაც საბჭოელებს დარჩათ. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემოერთების გეგმა სტალინმა სამივე რესპუბლიკის ლიდერების მოსკოვში დაბარებითა და „ურთიერთდახმარების” ხელშეკრულებების ძალდატანებითი გაფორმებით დაიწყო. აღნიშნული ხელშეკრულებები მოსკოვმა ინტერვენციის საბაბად და სამხედრო ბაზების განლაგებისთვის გამოიყენა, რითაც დაარღვია ბალტიის ქვეყნების ნეიტრალიტეტი.

1940 წელს მოსკოვმა ბალტიის სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა და ახალი მოთხოვნები წაუყენა, მათ შორის იყო საბჭოთა კავშირისთვის მისაღები მთავრობის ფორმირება და ამ სამ სახელმწიფოში საბჭოთა ჯარისკაცების განუსაზღვრელი რაოდენობით დაშვება. ასობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი შევიდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე. ამ დამატებითი საბჭოთა სამხედრო ძალების რიცხვი თითოეული ქვეყნის არმიის რაოდენობას გაცილებით აჭარბებდა. აღნიშნული ულტიმატუმიდან მალევე სამივე ქვეყანაში მოსკოვისთვის მისაღები მარიონეტული რეჟიმები დამყარდა, დაიწყო გასაბჭოება, რის შემდეგაც ისინი სსრკ-მა შეიერთა.

იაკობ ლაჩაშვილი

ცოტნე ვანიშვილი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი