რეზიუმე: ბოლო 6 წელიწადში ანტიბიოტიკებზე ფასები იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაშია დასახელებული. საქსტატის მონაცემებით, 2014-2019 წლებში (აგვისტოს მონაცემებით) ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი ანტიბიოტიკებზე ფასები 11%-ითაა გაზრდილი.
ანალიზი
17 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიკამენტების ფასების ზრდაზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „ანტიბიოტიკები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყიდულობს, ბოლო 6 წლის განმავლობაში 68%-ით არის გაზრდილი, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი 11%-ით“.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა. სექტემბერში ანტიბიოტიკებზე ფასების ცვლილების მაჩვენებელი 11.6%-ია. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ გავაანალიზეთ, როგორ იცვლებოდა მედიკამენტებზე ფასები. საქსტატი ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ფასებს აკვირდება; ესენია: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებლები, სისხლძარღვთა გამაფართოებლები, ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები.
გრაფიკი 1: 2011-2019 წლებში მედიკამენტებზე ფასების ცვლილების წლიური მაჩვენებელი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს ძირითადი მოხმარების მედიკამენტები 3.6%-ით, 2012 წელს კი 8.6%-ით გაიაფდა. ფარმაცევტული ნაწარმის ფასი 2013 წელსაც მცირედით, 0.5%-ით შემცირდა. შემდგომ წლებში კი მედიკამენტის ფასის მკვეთრი ზრდა აღინიშნება: 2014 წელს 14.2%-ით, ხოლო, 2015 წელს 24.5%-ით გაიზარდა.
საპირისპირო ტენდენციას ვხედავთ მომდევნო წლებში. 2016 წელს მედიკამენტის ფასი 0.8%-ით შემცირდა.2017 წელს კი -15.5%-ით გაიაფდა.
მედიკამენტის ფასი 2018 წელს (4%-ით) კვლავ გაიზარდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით კი ბოლო 1 წელიწადში ფარმაცევტული ნაწარმის ფასი 6.6%-ით არის მომატებული (იხილეთ გრაფიკი N1).
ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ის მიზეზები, რამაც მედიკამენტების ფასების ცვლილებაზე გავლენამოახდინა.
2009 წელს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. მოიხსნა სამკურნალო საშუალებების იმპორტისთვის დაწესებული მთელი რიგი ბარიერები, ამასთან ბაზარზე პარალელური იმპორტი დაუშვეს. შედეგად ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი გამარტივდა და გაიზარდა. 2011-2013 წლებში მედიკამენტების გაიაფება, სწორედ, ბაზრის დერეგულირებას უკავშირდება.
2016 წელს მედიკამენტების ფასების მცირედით შემცირება შემდეგი ფაქტორებით იყო გამოწვეული: ერთის მხრივ, 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ლარის კურსი გამყარდა; მეორეს მხრივ, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია” შემოვიდა. „ჰუმანითი ჯორჯიამ” ქვეყანაში ჯენერიკ მედიკამენტები გაცილებით დაბალ ფასად შემოიტანა. ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის პარალელურად, სამმა წამყვანმა კომპანიამ: PSP-მ, „ავერსმა“ და „ფარმადეპომ“ ფასებიმნიშვნელოვნად დაწიეს.
მედიკამენტების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან, რადგან მედიკამენტების დიდი წილი იმპორტირებულია, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეულიც იმპორტირებულია.
ლარის გაუფასურება 2014 წელს დაიწყო, ამ პერიოდიდან მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მკვეთრად გაუფასურდა ლარის კურსი, შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.