იტვირთება

რეზიუმე: 2014 წელთან შედარებით, 2019 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ, 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. თუმცა ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა და არა აბსოლუტურის. თეორიულად, როცა განვიხილავთ თუ რამდენად „მეტი ვალით იბადება თითოეული ახალშობილი“ (ვალი ერთ სულზე), უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ 2014 წელთან შედარებით, 2019 წელს „დაბადებული ახალშობილის საშუალო შემოსავლებიც“ (მშპ ერთ სულზე) გაზრდილია. აღნიშნულ პერიოდში საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი დახლოებით 1.35-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული.

რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ რიცხვებს, აღნიშნული ახლოს არის მთლიანი სახელმწიფო ვალისა და მოსახლეობის ოდენობის ფარდობასთან და არა საგარეო ვალის მაჩვენებელთან. მოგვიანებით, ფაქტ-მეტრს განემარტა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი გულისხმობდა არა საგარეო ვალს, არამედ მთლიან ვალს, რომელიც საშინაო და საგარეო ვალის ჯამს წარმოადგენს.

მთლიანი სახელმწიფო ვალი დაახლოებით 19.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის მონაცემთან შედარებით მართლაც 2-ჯერ მეტია, თუმცა ფარდობითი მაჩვენებელი მხოლოდ 1.27-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული, მსგავსია სამთავრობო [1] ვალის დინამიკაც. რაც შეეხება მთლიანი და საგარეო ვალის მდგომარეობას ერთ სულზე, 2014 წელთან შედარებით, მთლიანი სახელმწიფო ვალიც და საგარეო ვალიც დაახლოებით 2-ჯერ არის გაზრდილი. 2019 წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი ერთ სულზე იყო დაახლოებით 5 330 ლარი, ხოლო საგარეო ვალი 4 250 ლარი. 2014 წელს წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი ერთ სულზე იყო დაახლოებით 2 792 ლარი, ხოლო საგარეო ვალი 2106 ლარი.

ვალის ზრდაზე მითითებისას, აუცილებლად გასათვალისწინებელი ასპექტია მოცემულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც. შესაბამისად, ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა წარსულში დაგროვებული ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ.

ანალიზი:

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2014 წლის მონაცემი, რომ ავიღოთ, მხოლოდ საგარეო ვალი: 2014 წელს ყოველი ახალშობილი ამ ქვეყანაში იბადებოდა 2 630 ლარი ვალით, 5 წლის თავზე 2019 წელს ყოველი ახალშობილი იბადება 5 200 ლარი ვალით. 2-ჯერ გაიზარდა საგარეო ვალი“.

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი მოიცავს ვალის ეროვნული ვალუტით გამოსახულ ნაწილს, ხოლო საგარეო ვალი შესაბამისად, უცხოური ვალუტაშია დენომინირებული. 2014 წელთან შედარებით, 2019 წელს საგარეო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი გაორმაგებულია (დიდწილად საკურსო ცვლილების გავლენით) და დაახლოებით 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე.

აღსანიშნავია რომ ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. თეორიულად, როცა განვიხილავთ თუ „რამდენად მეტი ვალით იბადება თითოეული ახალშობილი“ (ვალი ერთ სულზე), ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ 2014 წელთან შედარებით, 2019 წელს დაბადებული „ახალშობილის საშუალო შემოსავლებიც“ (მშპ ერთ სულზე) გაზრდილია. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი.

2019 წელთან შედარებით, სახელმწიფო საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი დახლოებით 1.35-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული.

გრაფიკი 1: სახელმწიფო საგარეო ვალი (მლრდ ლარი), მშპ-ს% (2019 წლის მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ რიცხვებს, აღნიშნული ახლოს არის მთლიანი სახელმწიფო ვალისა და მოსახლეობის ფარდობასთან და არა საგარეო ვალის მაჩვენებელთან. მოგვიანებით, ფაქტ-მეტრს განემარტა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი გულისხმობდა არა საგარეო სახელმწიფო ვალს, არამედ მთლიან სახელმწიფო ვალს, რომელიც საშინაო და გარე ვალის ჯამს წარმოადგენს და პარლამენტში წარმოთქმული ტექნიკურ ხარვეზს შეიცავდა. მთლიანი სახელმწიფო და სამთავრობო ვალის სტატისტიკა წარმოდგენილია გრაფიკ 2-ზე.

გრაფიკი 2: სახელმწიფო და სამთავრობო ვალი, (მლნ ლარი, მშპ-ს%, 2019 წლის მშპ საპროგნოზო მაჩვენებელს წარმოადგენს)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მთლიანი სახელმწიფო ვალი დაახლოებით 19.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის მონაცემთან შედარებით მართლაც 2-ჯერ მეტია, თუმცა ფარდობითი მაჩვენებელი მხოლოდ 1.27-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული, მსგავსია სამთავრობო ვალის დინამიკაც. რაც შეეხება მთლიანი და საგარეო ვალის მდგომარეობას ერთ სულზე, შესაბამისი მონაცემები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. 2014 წელთან შედარებით, მთლიანი სახელმწიფო ვალიც და საგარეო ვალიც ერთ სულზე დაახლოებით 2-ჯერ არის გაზრდილი. 2019 წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი ერთ სულზე იყო დაახლოებით 5 330 ლარი, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 4 250 ლარი, ხოლო 2019 წელს წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი ერთ სულზე იყო დაახლოებით 2 790 ლარი, ხოლო საგარეო ვალი 2 106 ლარი

ცხრილი 1: მთლიანი სახელმწიფო ვალი და საგარეო ვალი ერთ სულზე, 2014-2019 წლებში (ათასი ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია მოცემულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). შესაბამისად, სამთავრობო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია.

-----------------------------------------------------------

[1] მთლიანი სახელმწიფო ვალი, წარმოადგენს მთლიანი საგარეო ვალის (ეროვნული ბანკის ვალის ჩათვლით) და საშინაო სახელმწიფო ვალის ჯამს. მთლიანი სამთავრობო ვალი, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით არ მოიცავს ეროვნული ბანკის ვალდებულებებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2836 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი