იტვირთება

ლიკა: „13 წლის ასაკში შევწყვიტე სკოლაში სიარული. ჩემს ოჯახს მატერიალურად არ უჭირს, მაგრამ მუდმივად კამათობდნენ, დედა სახლიდან მიდიოდა, ბებო უცხოეთში ცხოვრობს და ხშირად ვსტუმრობდით. მერე ისევ მამასთან ვბრუნდებოდით... მეც მივეჩვიე ასე ცხოვრებას და სკოლაში არაფერი საინტერესო არ იყო ჩემთვის... ხშირად ვაცდენდი, მაგრამ არავინ მკითხულობდა. როცა ეს გავაკეთე, უკვე 17 წლის ვიყავი. სკოლაში ათასში ერთხელ თუ მივიდოდი. ქუჩაში თანატოლები გავიცანი, მათთვის ხშირად მიმქონდა სახლიდან რაღაცები. მერე მითხრეს, ზაფხულში თბილისში ბევრი ტურისტია და კარგ ფულს ვშოულობთო და მასწავლეს, რა უნდა მექნა. მეშინოდა, მაგრამ მითხრეს, ჩვენ არასრულწლოვნები ვართ, პოლიცია დიდად არ დაგვსდევს, მაინც უნდა გაგვიშვას, ციხეში ვერ ჩაგვსვამენო... ერთი ბიჭი უკვე 21 წლის იყო და იმან დაგვარიგა, რა უნდა გვექნა. იმ დღეს ერთ კაფეში ჩანთიდან საფულე ამოვუღე უცხოელს. მალევე დაგვაკავეს, მაგრამ სხვები გაუშვეს, საფულე ჩემი ამოღებული იყო და... ასე მოვხვდი განრიდების პროგრამაში. მამამ თქვა, არაფრის ღირსი არ ხარო და თანატოლებთან ურთიერთობა საერთოდ ამიკრძალა. ახლა მივდივარ ერთ-ერთ ცენტრში, რამდენიმე საათს ვრჩები და არც არაფერს არ ვაკეთებ. ვინც იცის, რაც ჩავიდინე, ცდილობს, თავისი შვილი მომარიდოს. ან სადმე რომ ვარ, ვხედავ, როგორ მალავენ ადამიანები ჩანთებს, ეშინიათ. პირდაპირ არ მეუბნებიან, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ... არ ვბრაზდები, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი... სკოლაში სიარული არ მინდა, დიდად არც მასწავლებლებს უნდათ ჩემი დანახვა და არ ვაწუხებთ ერთმანეთს“...

რატი: „რა უნდა მეკეთებინა ქუჩაში, ვეწეოდით ერთად სიგარეტს, ზოგჯერ უფროს ბიჭებს მოსაწევი ან რაღაც აბები მოჰქონდათ. 14 წლიდან ვარ ქუჩაში. არც მშობლებს და არც სკოლას არ ვუძებნივარ... ყველას თავისი საქმე ჰქონდა. 18 წლის ვარ ახლა. წვრილმან რაღაცებს ვიპარავდით ადრე, მაღაზიაც გავქურდეთ და მერე ერთი, ჩვენზე უფროსი ვინც იყო, ის ანაწილებდა საქმიდან მიღებულ თანხას. ჩვენი ძმაკაცები კი აიყვანეს რამდენჯერმე, მაგრამ გამოუშვეს მერე. მე პირველად დამაკავეს ახლა, ორი თვის წინ, რაღაც მოვიპარეთ მე და ჩემმა ორმა ძმაკაცმა... ახლა კი ვარ განრიდების პროგრამაში, რაღაცებს ვაკეთებ. ისე, სპორტსმენი მინდოდა, ვყოფილიყავი, დავრბოდი ძალიან მაგრად. არ ვიცი, აწი თუ შევძლებ. სპორტზე ვივლიდი, მაგრამ არაა მაგის საშუალება, თან, ხო იცით, ჩვენ როგორც გვიყურებენ... არ ვიცი, რას ვიზამ, ალბათ, სადმე უცხოეთში წავალ, თუ ვინმე დამეხმარება. აქ სამსახურსაც ვერ დავიწყებ ვერსად“...

ნოდო: „მამაჩემის მანქანით ავარია გავაკეთე. არავინ დაღუპულა, კიდევ კარგი. ძალიან ვნანობ. ცხრა კლასის მერე კოლეჯი დავამთავრე და მეგონა, უკვე დიდი ვარ, დამოუკიდებლად ვცხოვრობ-მეთქი. კარგია, რომ ციხეში არ ვარ, ვერ გადავიტანდი, ალბათ... დღის ცენტრში მოვდივარ ხოლმე, ბავშვები არიან აქ და რაღაცებში ვეხმარები. მერე მივდივარ და ვმუშაობ, მანქანების ხელოსანი ვარ. ჩემი ისტორია არაა ქუჩასთან დაკავშირებული, ამიტომ არც ვიცნობ თანატოლებს, რომლებმაც ეს გზა აირჩიეს“.

ისტორიები, რომლებსაც განრიდების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ფაქტ-მეტრს უყვებიან, ხშირად ერთმანეთს ჰგავს. ის, რის გამოც ისინი სკოლასა და ოჯახში ყოფნაზე უარს ამბობენ და მთელ დროს ქუჩაში ატარებენ, არის ოჯახური ძალადობა, სკოლაში ბულინგი, განსხვავებული აზრის გამო მასწავლებლების ან თანატოლების მხრიდან მიუღებლობა, სასწავლო პროცესის მიმართ ინტერესის დაკარგვა და ა. შ.

მოზარდები, რომლებიც პრობლემებს ვერ ერევიან, ვერც ვერავისთან საუბრობენ, ცდილობენ, ამ პრობლემებს გაქცევით ებრძოლონ, ან ხსნას მავნე ჩვევებში ეძებენ და კიდევ უფრო დიდ პრობლემებში იხლართებიან. ზოგიერთი პრობლემებისგან დახსნას თვითმკვლელობით ცდილობს და ზოგჯერ ეს მცდელობა გამოუსწორებელი შედეგით მთავრდება. მოზარდების ნაწილი კი ქუჩაში მსგავსი პრობლემების მქონე თანატოლებს გაიცნობს და ისინი საერთო ენას ადვილად პოულობენ. ფაქტია, რომ სასწავლო პროცესის გაცდენა არც სკოლის ადმინისტრაციისა და არც მშობლებისთვის/მეურვისთვის (ამ მოზარდების ნაწილს ერთი ან ორივე მშობელი არ ჰყავს) განგაშის მიზეზს არ წარმოადგენს, მაშინაც კი, თუ ამ გაცდენას სისტემატური ხასიათი აქვს.

სამწუხაროდ, როცა სოციალური მუშაკი საქმეში ერთვება, მოზარდების ცხოვრებაში უკვე ბევრი გამოუსწორებელი ფაქტი მომხდარია და დრო - დაკარგული. ზოგჯერ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას არასრულწლოვნები არასწორი მეთოდებით ცდილობენ ხოლმე და დანაშაულს ჩადიან.

არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ 2010 წლიდან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მოქმედებს. ის ჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა, ხოლო 2013 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. 2016 წლიდან, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა და თუ ადრე 14-18 წლამდე ასაკის პირების ჩართვას გულისხმობდა, უკვე 18-იდან 21 წელს მიუღწეველი პირების მიმართაც გამოიყენება. პროგრამის მიზანია, ამ ასაკის ადამიანებს მისცეს შანსი, ცხოვრება სასჯელისა და ნასამართლეობის გარეშე განაგრძონ. სანაცვლოდ, პროგრამაში ჩართულმა პირმა, გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესსა და მხარეთა შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებების ძირითად პირობებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანება განსაზღვრავს. დანართი 1

განრიდება და მედიაცია გამოიყენება, როგორც მძიმე, ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულებისას, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს წარმოადგენს და გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. განრიდების უფლებამოსილება მიეცა მოსამართლესაც.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2019 წლის ექვსი თვის ჩათვლით, განრიდებულია 21 წელს მიუღწეველი 4 032 პირი. თუმცა რეგიონების მიხედვით ინფორმაცია ხელმისაწვდომია 2014 წლიდან, ამიტომ საანგარიშოდ 2014-2018 წლებსა და 2019 წლის 1 ივლისამდე პერიოდს ავიღებთ.

გრაფიკი 1. განრიდებულების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

წყარო: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

გრაფიკიდან ჩანს, რომ საანგარიშო პერიოდში კანონსაწინააღმდეგო ქმედება ყველაზე დიდი რაოდენობით, რეგიონების მიხედვით, ჩადენილია თბილისში. მაჩვენებლები ასევე მაღალია კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

გრაფიკი 2. განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პირების სტატისტიკა სქესის მიხედვით

წყარო: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

განრიდებულ პირებს 2019 წლის ექვს თვეში ჩადენილი აქვთ 237 ნაკლებად მძიმე და 160 მძიმე დანაშაული.

გრაფიკი 3. განრიდების /განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პირების სტატისტიკა დანაშაულისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით

წყარო: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

განრიდებულების რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 13 ერთეულით ნაკლებია. თუმცა ამ მონაცემებით ძნელია იმის თქმა, გაიზარდა თუ მოიკლო 21 წელს მიუღწეველ პირთა მიერ დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელმა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროგრამაში ჩართვაზე შესაძლოა, პირმა უარი თქვას, რადგან ერთ-ერთი პრინციპი არის ნებაყოფლობითობა. ასევე, აუცილებელია დანაშაულის აღიარება.

ა(ა)იპ „იალქნის“ დირექტორი თეონა აბაშიძე, რომელიც აჭარის რეგიონში ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს წარმოადგენს, განრიდებისა და მედიაციის პროგრამას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს: „განრიდებულ ბავშვებს აქვთ გარკვეული უნარები, რომელთა გამოვლენისა და წახალისების შემთხვევაში, სკოლას შეუძლია, სასწავლო პროცესი მათთვის საინტერესო გახადოს. მოზარდები ამბობენ, რომ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სპორტული და შემოქმედებითი სახის სერვისებზე, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, კერძების მომზადება. ისინი ასახელებენ ფაქტორებს, რომლებიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ხელს უშლის, მაგალითად, მასწავლებლის მხრიდან უხეში მოპყრობა, რადგან მათ ჩაიდინეს დანაშაული, ამ ფაქტის წამოძახება თანატოლების თანდასწრებით. საუბრობენ თანატოლებთან გართულებულ ურთიერთობაზე და მიაჩნიათ, რომ მათ მშობლები განრიდებაში მყოფ, ანუ დამნაშავე თანაკლასელთან ურთიერთობას უშლიან. ეს კი საზოგადოების მხრიდან ერთგვარ სტიგმატიზირებაზე მიუთითებს. ამ მოზარდების უმეტესობას სკოლაში დაბრუნება არ უნდა, ცდილობს, სასწავლო პროცესს თავი აარიდოს. ძალიან მაღალია განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი. განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებსაც მართებთ, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელონ და ბავშვის ინტერესებზე მორგებული მოდელი შექმნან, რათა არასრულწლოვნებს ქუჩაში გაქცევის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეთ. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან. დაზუსტებით ვიცი, რომ მათი პრობლემები, რომლებიც კომპლექსურია, მომდინარეობს არა მხოლოდ ოჯახიდან, არამედ სახელმწიფოში არსებული სიტუაციიდან, სადაც სერვისებს ისე იგონებენ, რომ ბენეფიციარების საჭიროებები კარგად გააზრებული და შესწავლილი არ არის. ამიტომ იხარჯება უამრავი ფული, მაგრამ ეფექტი ამ დანახარჯის ადეკვატური არ არის.“

ამ ეტაპზე ა(ა)იპ „იალქანში“ დღის ცენტრის ბავშვებთან ერთად, ცხრამეტი განრიდებული სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.


მსგავსი სიახლეები

2836 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი