რეზიუმე: სტატუსის მიხედვით დასაქმებულები თვითდასაქმებულებად და დაქირავებით დასაქმებულებად იყოფიან. 2018 წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა სტატუსის მიხედვით დასაქმებულთა განაწილებაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულები. გასულ წელს მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმებულთა წილმა 49.79% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში თვითდასაქმებულთა წილს შემცირების ტენდენცია ახასიათებდა, ხოლო ხუთწლიან პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 11.37%-ით, 107.0 ათასი პირით შემცირდა. ამავე პერიოდში, დაქირავებით დასაქმება კი - 23.99%-ით, 166.4 ათასი პირით გაიზარდა. შესაბამისად, ხუთწლიან პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობის 20%-იანი შემცირება არ არის, როგორც ეს განცხადებაშია ნახსენები. გარდა ამისა, მიმდინარე წლის II კვარტალში 2018 წლის ტენდენცია შეიცვალა და დასაქმებაში დაქირავებით დასაქმების წილი 50.16%-მდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თვითდასაქმებულთა რაოდენობის 21.1 ათასი პირით ზრდას უკავშირდება.

სტატუსის მიხედვით განაწილებაში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა გავლენას ახდენს მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმების წილზე, რასაც პრემიერ-მინისტრის განცხადება მოიცავს. თავი მხრივ, დაქირავებით დასაქმების ზრდაში წვლილი კერძო და საჯარო სექტორს აქვს. ხუთწლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმება (დაქირავებით დასაქმება) 47.7 ათასი პირით, 18.92%-ით გაიზარდა. ამდენად, დაქირავებით დასაქმების ზრდაში უმთავრესი წვლილი საჯარო სექტორმა შეიტანა. საერთო ჯამში, ხუთწლიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 50.8 ათასი პირით გაიზარდა, რომლის ძირითადი ნაწილი საჯარო სექტორში ზრდას უკავშირდება.

ანალიზი

საპარლამენტო მოსმენის დროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გიორგი გახარიამ დასაქმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „წელს პირველი წელია, როცა თვითდასაქმებულების რაოდენობა 1%-ით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობაზე. ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2018 წელს პირველად იყო 51%, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 49% იყო თვითდასაქმებული. თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირებულია 20%-ით. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ძირითადი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს“. გიორგი გახარია აღნიშნულ განცხადებაში თვითდასაქმების შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც თვითდასაქმებულების დაქირავებით დასაქმებაში მობილობაზე აკეთებს აქცენტს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბოლო წლებში შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან მიღწევად ამ უკანასკნელს ასახელებს.

შრომისუნარიანი პირი დასაქმებულად მიიჩნევა თუ ის საქსტატის მიერ სამუშაო ძალის გამოკვლევისთვის ჩატარებული გამოკითხვისას წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე 1სთ მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით; ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს; ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. თავის მხრივ, დასაქმებულები სტატუსის მიხედვით დაქირავებით დასაქმებულად და თვითდასაქმებულად იყოფიან.

დაქირავებით დასაქმებულია პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდში სამუშაოს ასრულებდა ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. ხოლო, თვითდასაქმებულია პირი, რომელსაც აქვს საკუთრება და იქ მუშაობს მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე - საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი. გარდა ამისა, შრომისუნარიანი პირის დამსაქმებელი სახელმწიფო (საჯარო) ან არასახელმწიფო (კერძო) სექტორია. საჯარო სექტორში დასაქმებულად მიიჩნევიან ის პირები, ვინც სახელმწიფო, ა/რ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ დაფინანსებულ ან/და დაფუძნებულ/კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და სახელმწიფო/მუნიციპალურ საწარმოებში მუშაობს. კერძო სექტორში კი - ის დასაქმებული პირები, რომლებიც საჯარო სექტორში არ მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ის პირი, რომელიც საჯარო სექტორში არის დასაქმებული, ამავდროულად დაქირავებით დასაქმებულის სტატუსს ატარებს.

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 717.2 ათასი პირი შეადგინა, რომლის 50.16%, 861.3 ათასი პირი დაქირავებით დასაქმებული სტატუსის მქონეა, ხოლო 49.79%, 855.1 ათასი კი - თვითდასაქმებული. აღნიშნული მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეცვლილია. კონკრეტულად, 2018 წლის II კვარტალთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში 1.13% პუნქტით შემცირდა, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი კი - 1.10% პუნქტით გაიზარდა [1]. რაც შეეხება 2018 წელს, ეს პერიოდი ისტორიულად პირველი წელი იყო, როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე თვითდასაქმებულები. ამ წლის წლიური მაჩვენებლით დასაქმებულთა 50.77%-ს დაქირავებით დასაქმებულის სტატუსი აქვს, ხოლო 49.19%-ს კი - თვითდასაქმებულის.

გრაფიკი 1: სტატუსის მიხედვით დასაქმებულთა განაწილება (%)

წყარო1: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მცირედით, მაგრამ მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმებულთა წილი გაიზარდა.2019 წლისIIკვარტალში 2018 წლისIIკვარტალთან შედარებით თვითდასაქმებულთა რაოდენობა 21.1 ათასი პირით გაიზარდა, როცა ანალოგიურ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 16.9 ათასი პირით შემცირდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში 2018 წელს არსებული ტენდენცია საპირისპირო მიმართულებითარის შეცვლილი.

გრაფიკი2: დასაქმებულთა რაოდენობა სტატუსის მიხედვით (ათასი პირი)

წყარო 2: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ხუთწლიან პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 11.37%-ით, 107.0 ათასი პირით შემცირდა, ხოლო დაქირავებით დასაქმება კი 23.99%-ით, 166.4 ათასი პირით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თვითდასაქმებულები საკუთარ თავს დასაქმებულად ნაკლებად აღიქვამენ და სამუშაოს ძებნაში უმუშევარ პირებთან კონკურენციაში შედიან. შესაბამისად, თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებაში გადადიან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჯარო სექტორში ყველა დასაქმებულებს დაქირავებით დასაქმებულთა სტატუსი აქვთ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ პერიოდში, დაქირავებით დასაქმების ზრდაში საჯარო სექტორის წვლილის განხილვა. ხუთწლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 47.7 ათასი პირით, 18.92%-ით გაიზარდა. 2018 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 299.8 ათასი შეადგინა, რაც 2013 წელს 252.1 ათასი პირი იყო. ამდენად, თვითდასაქმებულების დაქირავებით დასაქმებაში მობილობას და მთლიან დასაქმებაში მათი წილის შემცირებაში საჯარო სექტორში დასაქმების ზრდასაც წვლილი შეაქვს წვლილი.

გრაფიკი 3: საჯარო სექტორში დასაქმება (ათასი პირი, %)

წყარო 3: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 717.2 ათასი პირი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის შრომისუნარიანი მოსახლეობის 56.4%-ია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ დასაქმების დონე შემცირებულია. ე.ი. შრომისუნარიან მოსახლეობაში დასაქმებულთა წილი შემცირდა. თავის მხრივ, ხუთწლიან პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 50.8 ათასი პირით, 3.09%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 4: დასაქმება და დასაქმების დონე (ათასი პირი, %)

წყარო 4: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასაქმება მცირედით, მაგრამ გაზრდილია. კონკრეტულად, მიმდინარე წლის I კვარტალში შრომისუნარიან მოსახლეობაში დასაქმებულთა წილი 0.79% პუნქტით გაიზარდა, ხოლო II კვარტალში კი - 0.18% პუნქტით.



[1] დაქირავებით დასაქმება და თვითდასაქმების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი 100%-ს არ შეადგენს, რადგან არსებობს იმ ტიპის დასაქმება, როდესაც სტატუსის დადგენა გაურკვეველია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი