იტვირთება

რეზიუმე: ა(ა)იპ „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს. გახსნისას ცენტრში 12 თანამშრომელი დასაქმდა. მოგვიანებით თანამშრომელთა რაოდენობა 2 ერთეულით გაიზარდა.

2019 წლის დასაწყისში ცენტრში ჩატარდა რეორგანიზაცია და ის იმერეთის მასშტაბით არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების გამაერთიანებელ ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა.დაარსებიდან ცენტრი მხოლოდ ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლებით საქმიანობს.2017 წელს ორგანიზაციამ საერთო საბიუჯეტო თანხის 30,13% გასცა ხელფასის სახით. 2019 წლის ივნისის ჩათვლით კი ხელფასებისთვის საერთო ბიუჯეტიდან, საშუალოდ, 23,8%-ია გაცემული.

წესდების მიხედვით, ცენტრს განსაზღვრული ამოცანების განხორციელება, კონკრეტულად კი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება ევალება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხარჯი ამ კუთხით გაიწევა. თანამშრომელთა სხვადასხვა ქვეყნებში მივლინებების ასანაზღაურებლად კი საერთო ბიუჯეტის 22,4% იხარჯება.

საერთო ჯამში საინფორმაციო ცენტრი ხელფასებისა და მივლინებების ასანაზღაურებლად, საშუალოდ, საკუთარი ბიუჯეტის 46,2% პროცენტს გასცემს.

მიმდინარე წელს ცენტრის დაფინანსება ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში 560 000 ლარზე მეტით განისაზღვრა, რაც გიგა შუშანიას განცხადებაშიც არის აღნიშნული. შეიძლება, ითქვას, რომ ცენტრი ხელფასებზე, პრემიებსა და მივლინებებზე საკუთარი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს ხარჯავს, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ქუთაისში დაფუძნებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისთვის, ბიუჯეტიდან მიღებული თანხები თანამშრომლების კომფორტზე იხარჯება.

„(მერიამ) მხოლოდ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს გამოუყო 500 ათასი ლარი, რომელთა დიდი ნაწილი მათ კომფორტზე, ხელფასებზე, პრემიებზე იხარჯება, უფრო დიდი ნაწილი კი მივლინებებზე, რაც თანამშრომლებისა და მერიის მაღალჩინოსნების ექსკურსიებად გაიხადეს, ბიუჯეტის ფულით დადიან და ათვალიერებენ ქვეყნებს“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის დაფინანსებისა და ხარჯების გადანაწილების შესახებ ინფორმაციისთვის ქუთაისის მერიას მივმართეთ. ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ოფიციალური ცნობიდან ირკვევა, რომ:

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“ 2017 წელს შეიქმნა. მომდევნო წლის ბოლოს ცენტრს სახელი შეეცვალა და „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაცია - დმო იმერეთი“ ეწოდა. დაარსების დღიდან ცენტრი მხოლოდ სუბსიდიებზე არის დამოკიდებული. ბიუჯეტიდან მიღებული თანხა შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება: ტურისტების მომსახურეობა, პოლიგრაფიის ბეჭდვა, პროექტები, ღონისძიებები, ფესტივალი, ტრენინგები, სემინარების ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის, ინფოტურები, მედიატურები, საიმიჯო კლიპი, საინფორმაციო, სარეკლამო კამპანიები რეგიონის ცნობადობის ამაღლებისათვის, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, ადმინისტრაციული ხარჯები.

საინფორმაციო ცენტრისთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა წლების მიხედვით:

წელი

დაფინანსება (ლარში)

2017

233 000

2018

521 000

2019

710 000

1 453 000

ცენტრის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი და დანამატი:

წელი

ხელფასი (ლარი)

სახელფასო დანამატი (ლარი)

2017 (IV-XII)

70 200

2018

123 100

2 240

2019(I-VI)

66 000

261 540

მითითებულ პერიოდში ა(ა)იპ-ში პრემია არ გაცემულა. 2018 წელს ერთჯერადად გაიცა სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. 10-მა თანამშრომელმა, ჯამში, 2 240 ლარი მიიღო.

ცენტრის საერთო ბიუჯეტიდან ხელფასისთვის გაცემული თანხების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

წელი

ხელფასის და დანამატის წილი საერთო ბიუჯეტში

2017

30,13%

2018

24,0%

2019

18,6%

საერთო ჯამში, ივნისის ჩათვლის, ცენტრმა ხელფასებზე საკუთარი ბიუჯეტის 23,8% დახარჯა.რაც შეეხება მივლინებებს, ორგანიზაციის თანამშრომლები გასული ორი წლის განმავლობაში 17-ჯერ იმყოფებოდნენ მივლინებაში სხვადასხვა ქვეყნებში, რაც მათ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დასწრებას გულისხმობდა. სულ ამისთვის, ივნისის ჩათვლის, ბიუჯეტიდან უკვე ანაზღაურებულია 220 432 ლარი. სამივე წელს კი მივლინებებისათვის ცენტრს 245 742 ლარი აქვს, რაც საერთო ბიუჯეტის 22,4%-ია.ყველაზე ძვირი ტოკიოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ორი თანამშრომლის მივლინება დაჯდა 20 713 ლარი. 19 879 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს სამი თანამშრომლის პარიზში (საფრანგეთი) საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ჩართვა, ხოლო 19 043 ლარი -ორი თანამშრომლის ნიუ-იორკში (აშშ) ვიზიტი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი