იტვირთება

რეზიუმე: Facebook-გვერდ „სირცხვილის კორიდორმა“ გამოაქვეყნა სურათი განცხადებით, სადაც ამტკიცებდა, რომ ელენე ხოშტარიას სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში თბილისში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია. თუმცა უნივერსიტეტისგან გამოთხოვილ ინფორმაციაში სხვა სერგი გავრილოვი იყო დასახელებული - ვიქტორის ძე, ხოლო, საქართველოში 20 ივნისს მყოფი სერგეი გავრილოვი არის ანატოლის ძე. ასევე სერგეი გავრილოვის ბიოგრაფიით არ დასტურდება, რომ ის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა ან პროფესორია - ის ეკონომიკური მეცნიერებების კანდიდატია. აქედან გამომდინარე, „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ყალბი. აღნიშნული ყალბი ამბის გავრცელება ელენე ხოშტარიას დისკრედიტაციას, გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანისა და 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ოპოზიციის მოწყობილად წარმოჩენას ემსახურება.

ანალიზი

Facebook-გვერდ „სირცხვილის კორიდორმა“ გამოაქვეყნა სურათი განცხადებით: ,,სირცხვილის კორიდორმა" გადაწყვიტა მიემართა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (МГИМО) შესაბამისი კითხვებით, რომლის პასუხად მივიღეთ, რომ ელენე ხოშტარიას სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა სადიპლომო ხარისხის დაცვისას, აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ოპერატიული და ამომწურავი პასუხისათვის.

იმედია, აღნიშნული წერილის შემდეგ მაინც აღარ დარჩება კითხვები საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოაწყო 20-21 ივნისის "გავრილოვის დღე და შტურმის ღამე" და ვისთან ჩამოსულა ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი სტუმარი.

გავრილოვი გვარი, არ გვგონია რომ ძალიან გავრცელებული იყოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ქალბატონი ხოშტარიას სწორედაც ,,ის" გავრილოვი უწევდა რეკომენდაციებს ან/და მისი უახლოესი ნათესავი, ვინც იყო ჩვენი არასასურველი სტუმარი!!

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. სტატიის დაწერის მომენტში მას 122 რეაქცია, 42 კომენტარი და 131 გაზიარება აქვს.

აღნიშნულ განცხადებაში „სირცხვილის კორიდორი“ თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ კითხვა აღარ რჩებოდა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ შემდეგ მაინც არ ამბობდნენ მტკიცებით ფორმაში და საფუძვლიანი ეჭვის გამოთქმით შემოიფარგლებოდნენ. თუმცა უახლოესი ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაცია არანაირ წყაროს არ ემყარება. მაგრამ შემდეგ „სირცხვილის კორიდორმა“ პოსტის კომენტარებში დამატებითი განმარტება გააკეთა, რომლითაც დადასტურებულად განაცხადეს, რომ ელენე ხოშტარიას სადიპლომო ხარისხის დაცვის ხელმძღვანელი ის სერგეი გავრილოვია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდა:

„სირცხვილის კორიდორის“ მიერ გამოქვეყნებულ სურათში, რომელიც, გვერდის მტკიცებით, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხია, წერია, რომ ელენე ხოშტარიას სადიპლომო ნაშრომს ხელმძღვანელობდა სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვი. თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დროს ჩამოსული იყო და 26-ე გენერალურ სესიას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვებოდა სერგეი ანატოლის ძე გავრილოვი. აქედან გამომდინარე, „სირცხვილის კორიდორის“ მტკიცება, რომ ელენე ხოშტარიას სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი რუსეთის დუმის წევრი და 20 ივნისს საქართველოში ჩამოსული სერგეი გავრილოვი იყო, არის ტყუილი. რაც შეეხება „სირცხვილის კორიდორის“ განმარტებას, რომ ეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის შეცდომაა და ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელი საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი სერგეი გავრილოვია, უსაფუძვლოა. სერგეი ანატოლის ძე გავრილოვის არც რუსეთის დუმის და არც კომუნისტური პარტიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში არ წერია, რომ ის პროფესორია (იგი ეკონომიკური მეცნიერებების კანდიდატია) ან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა.

შენიშვნა: ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხის შესახებ ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა. მან უარყო „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ არც ვიქტორის ძე გავრილოვი და არც ანატოლის ძე გავრილოვი არ იყო მისი თემის ხელმძღვანელი.

Facebook-გვერდ „სირცხვილის კორიდორს“ აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერებისა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „სირცხვილიას“ აქციების დისკრედიტაციის მიზნით. აღნიშნულმა გვერდმა გამოაქვეყნა, თითქოს სალომე სამადაშვილმა საქართველოს პატრიარქი ილია II ყველაზე დიდ პრობლემად მოიხსენია, რაც ყალბი ამბავია. ასევე გამოაქვეყნეს შოთა დიღმელაშვილისა და მარიამ გეგუჩაძის მიმოწერის ამსახველი ყალბი სურათი. „სირცხვილის კორიდორმა“ აგრეთვე ნეტგაზეთის ბათუმის რედაქციის სტატია, რომელიც მინისტრებისა და მათი მოადგილეების შვილების სწავლის ხარჯებს ეხებოდა, გადააკეთა და ოპოზიციის ლიდერების შვილის სწავლის ხარჯებზე ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ამას გარდა, „სირცხვილის კორიდორმა“ ედუარდ სააკაშვილის სახელით ყალბი განცხადება გაავრცელა, რაც „სირცხვილიას“ აქციის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირების მცდელობა იყო (წყარო - მითების დეტექტორი).


მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი