იტვირთება

რეზიუმე: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013-2018 წლებში, 200 ახალი საწარმო გაიხსნა და 940 გაძლიერდა (გაფართოვდა/გადაიარაღდა). საანგარიშო პერიოდში პროექტის ბიუჯეტმა ჯამში 260 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2013-2018 წლებში 1 831 925 461 ლარის ღირებულების 34 141 სესხი გაიცა. აღნიშნულ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 244 445 796 ლარი სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მოხმარდა.

2013-2018 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები ჯამში 766 457 625 ლარს შეადგენს, რაც ამავე პერიოდში სახელმწიფოს მიერ პროგრამის ბენეფიციართა სესხის თანადაფინანსებისთვის დახარჯულ თანხას (244 445 796 ) ნამდვილად აჭარბებს. თუმცა აღნიშნული შედარება პრინციპულად არასწორია. საწარმოთა ნაწილი პროგრამის გარეშეც ფუნქციონირებდა და იხდიდა გადასახადებს. შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის გასაზომად მართებულია, მხედველობაში მივიღოთ მხოლოდ ზრდა გადასახადების მოცულობაში იმ პერიოდთან შედარებით, როცა პროგრამა არ იყო დანერგილი და არა გადასახადების სრული მოცულობა.

სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირებული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადი 97 420 387 ლარი იყო. 2013-2018 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ბენეფიციარი საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადები წლიურად საშუალოდ 127 742 938 ლარი, ანუ 30 322 551 ლარით მეტია. შესაბამისად, გადასახადების მოცულობაში ზრდა 6 წლის განმავლობაში ჯამში 182 მლნ ლარამდეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ ხარჯებს არსებითად ჩამოუვარდება. სახელმწიფოს მხრიდან 244 445 796 ლარის დახარჯვის შედეგად [1] სარგებელი (გადასახადის სახით) 181 935 303 ლარი მივიღეთ (2013-2018 წლებში საწარმოებმა 2012 წელთან შედარებით 181 935 303 ლარით მეტი გადასახადი გადაიხადეს), დახარჯულ თანხაზე 62 510 493 ლარით ნაკლები.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი სესხია გაცემული, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის დაფინანსება დაახლოებით 270 მილიონი ლარია. თუ რამდენად ეფექტიანი არის პროექტი, ანალიზი გაკეთებულია. და ის დამატებითი გადასახადები, რაც პროექტის ფარგლებში დაფინანსებულმა საწარმოებმა გადაიხადეს, უკვე აჭარბებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხებს“.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი 2013 წლის მარტიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში აგროწარმოებაში დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს იღებენ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კი სესხის / ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის საფასურის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის საპროცენტო განაკვეთი მისი მოცულობისა და მიზნობრიობის მიხედვით იცვლება.

აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის (ძირითადი საშუალებები არის საწარმოს განკარგულებაში არსებული აქტივები, რომელთა გამოყენებაც გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მაგ: მიწა, შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ) ფიქსირებული და მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში 6-16%-ს შორის მერყეობს. საბრუნავი საშუალებებისთვის (აქტივები, რომლებიც თავიანთი ბუნებით მოკლევადიანია (მიმდინარე), რომლებიც ძირითადად სავაჭრო დანიშნულებით ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის არის განკუთვნილი) კი 4%-დან 16%-მდე.

ძირითადი საშუალებების შემთხვევაში სააგენტო არაუმეტეს 66 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის 11%-ის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

საბრუნავი საშუალებების შემთხვევაში სააგენტო სესხის თანადაფინანსებას 12 თვიდან 36 თვის ჩათვლით, 8%-ით უზრუნველყოფს, არსებული სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე.

ოფიციალური მონაცემით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013-2018 წლებში, 200 ახალი საწარმო გაიხსნა და 940 გაძლიერდა (გაფართოვდა/გადაიარაღდა). საანგარიშო პერიოდში პროექტის ბიუჯეტმა ჯამში 260 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2013-2018 წლებში 1 831 925 461 ლარის ღირებულების 34 141 სესხი გაიცა. აღნიშნულ წლებში ბიუჯეტიდან სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 244 445 796 ლარი მოხმარდა. პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, 12 600-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები წლების მიხედვით, შემდეგნაირია:

ცხრილი 1: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციართა (მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარები) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები (2010-2018 წლებში)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2013-2018 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 766 457 625 ლარს შეადგენს, რაც ამავე პერიოდში სახელმწიფოს მიერ პროგრამის ბენეფიციართა სესხის თანადაფინანსებისთვის დახარჯულ თანხას (244 445 796 ) ნამდვილად აჭარბებს. თუმცა პროგრამის ეფექტიანობის გასაზომად მართებულია, ბენეფიციარების მიერ ყოველწლიურად გადახდილი გადასახადები პროგრამის ამოქმედებამდე პერიოდს -2012 წელს - შევადაროთ. სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირებული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადი 97 420 387 ლარი იყო. 2013-2018 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ბენეფიციარი საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადები 2012 წლის მონაცემს ჯამში 181 935 303 ლარით აღემატება. ამავე პერიოდში სახელმწიფოს მიერ პროგრამის ბენეფიციარების სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 244 445 796 ლარი მოხმარდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა უფრო მეტია, ვიდრე ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღნიშნულ წლებში გადახდილი გადასახადების ნამატი (2012 წელს გადახდილ გადასახადებთან მიმართებით). უფრო მარტივად, სახელმწიფოს მხრიდან 244 445 796 ლარის დახარჯვის შედეგად სარგებელი, გადასახადის სახით, 181 935 303 ლარი მივიღეთ (2012 წელთან შედარებით, 2013-2018 წლებში საწარმოებმა ჯამში 181 935 303 ლარით მეტი გადასახადი გადაიხადეს), დახარჯულ თანხაზე 62 510 493 ლარით ნაკლები.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ეფექტიანობის გასაზომად, ასევე მართებული იქნებოდა პროექტის ბენეფიციარი კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება ქვეყნის მიერ შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებასთან შეგვედარებინა. მსგავსი შედარება პროექტის ეფექტიანობის უფრო ზუსტ სურათს მოგვცემდა. თუმცა პროექტი ამ კუთხით გაანალიზებული არ არის.


[1] აქვე აღსანიშნავია, რომ გადასახადების ზრდა ვერ იქნება განპირობებული მხოლოდ აღნიშნული პროგრამის ეფექტით. გადასახდების მოცულობა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა პროგრამის არ არსებობის პირობებშიც.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი