რეზიუმე: Facebook-გვერდ „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა ზრდას მარიხუანის დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციასთან აკავშირებს, არის ფაქტებით მანიპულირება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მარიხუანასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ზრდა, მათ შორის უფრო დიდი პროცენტითაც, ამიტომ ზრდის პირდაპირ ამ საკითხზე გადაბრალება არასწორია.

„ანტილიბერალური კლუბი“, ასევე ეყრდნობა „ავტობანთა უსაფრთხოების დაზღვევის სააგენტოს“ (IIHS) მიერ აშშ-ის 4 შტატში ჩატარებულ ჩატარებულ კვლევას, სადაც მარიხუანა რეკრეაციული გამოყენებისთვის ლეგალიზებულია. კვლევაში კი აღნიშნულია, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია და ისინი მხოლოდ გარკვეულ კორელაციაზე საუბრობენ და არა - ცალსახად ზრდის გამომწვევ მიზეზზე. რაც მთავარია, აშშ-ის 4 შტატში ჩატარებული კვლევის საქართველოზე განზოგადება სრულიად არარელევანტურია, რადგან უგულებელყოფს სხვა ყველა ფაქტორს. ამას გარდა „ანტილიბერალური კლუბი“ არც ერთ კვლევასა თუ სტატისტიკას არ ეყრდნობა და ისე აკეთებს დასკვნას.

ანალიზი

Facebook-გვერდმა „ანტილიბერალური კლუბი" გამოაქვეყნა სურათი განცხადებით. როგორც გვერდის შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ - „გვერდის მიზანია ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა და მისი უარყოფითი მხარის ჩვენება“. მას 53 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო აღნიშნული პოსტს 60 გაზიარება, 187 კომენტარი და 86 რეაქცია ჰქონდა. აღნიშნული გვერდი ფაქტ-მეტრს აქამდეც გადაუმოწმებია და მათ მიერ ფაქტებით მანიპულირებისა და ყალბი ამბების გავრცელების შემთხვევები წარსულშიც აღმოუჩენია. გვერდის მიერ გავრცელებული სურათი გააზიარეს სხვა Facebook-გვერდებმაც, მაგალითად - „Geo Pepe”-მ და „ანტი-ლიბერალურმა გვერდმა“, რომლებიც ასევე მიზანმიმართულად აკრიტიკებენ ლიბერალიზმს და ხშირად კოორდინირებულ ანტიდასავლურ კამპანიებს ახორციელებენ.

სურათსა და განცხადებაში მოცემულია 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მის შედეგად გამოწვეული მსხვერპლთა რაოდენობა. აღნიშნული მონაცემი შედარებულია 2017 წლის მაჩვენებელს და ზრდა დაკავშირებულია მათივე სიტყვებით, „2017 წლის ბოლოს მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან და 2018 წლის ზაფხულში მარიხუანის ლეგალიზაციასთან“. ზრდის ამ კონკრეტული მიზეზით ახსნისთვის არგუმენტად მოყვანილია „მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შედეგად ავტოავარიების მატების ზუსტად იგივე პროცენტი აშშ-ის იმ შტატებში, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა“. პოსტის კომენტარებში გვერდის ადმინისტრატორები აზუსტებენ, რომ თუ აშშ-ის იმ შტატებში, სადაც მარიხუანა ლეგალური გახდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა 6%-ით იმატა, ამიტომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების 6%-იანი ზრდის მიზეზიც მარიხუანის ლეგალიზაცია უნდა იყოს.

შსს-ს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს (6452) 2017 წელთან (6079) შედარებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა 6,1%-ით, ხოლო მის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6.9%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ მოყვანილი სტატისტიკა სწორია, თუმცა ზრდის მიზეზად მარიხუანის ლეგალიზაციის დასახელება საეჭვოა, რადგან არანაირ წყაროს არ ეყრდნობიან. ამიტომ გაუგებარია თუ საიდან დგინდება კორელაცია ამ ორ ცვლადს შორის. კომენტარებში Facebook-მომხმარებლის თხოვნას, რომ წარმოედგინათ სტატისტიკა, სადაც ეწერებოდა, რომ საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის გამო 6%-ით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევები, „ანტილიბერალურმა კლუბმა“ უპასუხა, რომ ასეთი სტატისტიკა არ ჰქონდათ. ხოლო, მარიხუანის ლეგალიზაციას ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის მიზეზად წარმოსაჩენად მოჰყავდათ აშშ-ის ცალკეულ შტატებში ლეგალიზაციის შემდეგ იმავე პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელი.

საინტერესო იქნება თუ განვიხილავთ სხვა წლების საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სტატისტიკასაც. 2008 წელს სულ 6015 ასეთი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რის შემდეგაც 2011 წლის (4486) ჩათვლით მცირდებოდა, როგორც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, ისე მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაც. ამის შემდგომ მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა - 2012წ. – 5359 (ზრდა წინა წელთან შედარებით - 19.46%), 2013წ. – 5510 (ზრდა წინა წელთან შედარებით - 2.8%), 2014წ. – 5992 (ზრდა წინა წელთან შედარებით - 8.7%), 2015წ. – 6432 (ზრდა წინა წელთან შედარებით - 7.3%); 2016 წელს კვლავ გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების - 6939 (ზრდა წინა წელთან შედარებით - 7.8%) და მის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, თუმცა შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

დიდი ხნის შემდეგ მხოლოდ ერთხელ - 2016 წლიდან 2017 წლამდე შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი 12.3%-ით და 6079-ზე ჩამოვიდა. როგორც ვხედავთ, 2016-2017 წლების გარდა ბოლო პერიოდში უმეტესად იზრდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რიცხვი, იმის მიუხედავად, რომ მარიხუანის მოხმარება არც დეკრიმინალიზებული და არც ლეგალიზებული ყოფილა. ე.ი. არსებობს სხვა მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება, ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი გაზარდოს, მათ შორის 6%-ზე მეტითაც. ამიტომაც უსაფუძვლოა, ყოველგვარი კვლევის გარეშე 6.1%-იანი ზრდის პირდაპირ აშშ-ის რამდენიმე შტატში მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ ავარიების ზრდასთან დაკავშირება.

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ანტილიბერალური კლუბი“ ეყრდნობოდა NBC-ზე გამოქვეყნებულ კვლევებს, რომლებიც CNN-მაც გამოაქვეყნა. მის მიხედვით, აშშ-ის 4 შტატში, სადაც მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გამოყენება ლეგალურია, ფიქსირდება ავტოავარიების ზრდა 5.2%-დან 6%-მდე (ეს საქართველოს მაჩვენებელს ზუსტად არ ემთხვევა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არარელავენატური იქნება ამ კვლევის შედეგების საქართველოზე ან სხვა ქვეყანაზე გავრცობა). მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ლეგალურია 30 შტატში, ხოლო 9 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ნებადართულია მისი რეკრეაციული მიზნით გამოყენებაც. ეს უკვე ეჭვს იწვევს „ანტილიბერალური კლუბის“ მტკიცებაში. კვლევას მისი ავტორები არ აზოგადებენ ყველა შტატზე, სადაც მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება ნებადართულია, არამედ მხოლოდ 4 შტატზე (კვლევის პირველ წელს - კოლორადო, ორეგონი და ვაშინგტონი, ხოლო მეორე წელს ნევადაც დაამატეს). შესაბამისად, უსაფუძვლოა აშშ-ის რამდენიმე შტატში ავტოავარიების შემთხვევების ზრდის შესახებ კვლევის საქართველოზე განზოგადება. მეტიც, „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ მითითებულ წყაროში ნათქვამია, რომ ეს ანგარიშები არ ამტკიცებს პირდაპირ რისკს, არამედ გაფრთხილების სახეს ატარებს, რადგან უარყოფით ტენდენციას ხედავენ. თუმცა კვლევის ავტორის თქმით, დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ის მიუთითებს გარკვეულ ტენდენციებზე მარიხუანის ლეგალიზაციასა და ავტოავარიების ზრდას შორის, მაგრამ არ ასახელებს მას გამომწვევად, რადგან, შესაძლოა, ბევრი სხვა ფაქტორი არსებობდეს. ასევე nbcnews-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი კვლევები (ზოგი ლეგალიზაციასა და ავტოავარიებს შორის კავშირზე მიუთითებს, ზოგი - არა) არსებობს. „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეს ნაწილი სრულიად უგულებელყოფილია.

ამას გარდა, აშშ-ის 4 შტატში ჩატარებულ კვლევაში მოცემული კორელაციის საქართველოზე განზოგადება არასწორია. „ანტილიბერალური კლუბი“ ამ შემთხვევაში მარიხუანის ლეგალიზაციას ერთადერთ ცვლადად განიხილავს და ასევე აიგივებს აშშ-სა და საქართველოს სიტუაციას, რაც მცდარი მიდგომაა. „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ მოცემულ კავშირში უგულებელყოფილია სხვა ყველა მახასიათებელი, მაგალითად როგორებიცაა: საგზაო წესები, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი; საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი და გზების კეთილმოწყობა; ავტომობილების, მოსახლეობისა და მძღოლების (მათ შორის, გამოუცდელთა) რაოდენობა; მართვის მოწმობის აღების სირთულე და სტანდარტები. ასევე უგულებელყოფილია ისეთი ბუნებრივი მახასიათებლები, როგორიცაა გზების სირთულე, მაგალითად - სახიფათო მონაკვეთების რაოდენობა და ამინდი. წვიმიან, ნისლიან ან თოვლიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა იზრდება, ამიტომ რეგიონებში, სადაც წელიწადის განმავლობაში მეტი წვიმიანი (ან ნისლიანი, თოვლიანი) დღეა, მეტი ავტო-საგზაო შემთხვევაა მოსალოდნელი. ასევე ერთ-ერთი ფაქტორია ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ის უშუალო კავშირშია ავტომობილების ხარისხთან და გამართულობასთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აშშ-ის 4 შტატში ჩატარებული კვლევის შედეგების საქართველოზე განზოგადება ყოველგვარი დამატებითი კვლევის ან წყაროს გარეშე აზრს მოკლებულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საკითხზე საპირისპირო კვლევები მოიპოვება. ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ კოლორადოში ავტოსაგზაო შემთხვევები 10%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით აღემატება ზემოთ აღნიშნული კვლევის მონაცემებს. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა და ორეგონის ალკოჰოლური სასმელების კონტროლის კომისიის (Oregon Liquor Control Commission) კვლევა მიუთითებენ, რომ მარიხუანის ლეგალიზაციამ არ გამოიწვია სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა. „დამოკიდებულების კვლევის საზოგადოების“ (Society for the Study of Addiction) ჟურნალში - Addiction გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ იყო სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევები კოლორადოში, ვაშინგტონსა და ორეგონში დროებით გაიზარდა მილიონ მოსახლეზე ერთი შემთხვევით, ხოლო შემდეგ შემცირდა.

რაც შეეხება, სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულ ჟურნალში“ (American Journal of Public Health) გამოქვეყნებული კოლუმბიის, კალიფორნიისა და ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევართა სტატიის მიხედვით, მან შეამცირა სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ამას მოწმობს „სამართლისა და ეკონომიკის ჟურნალში“ (The Journal of Law and Economics) ორეგონის, კოლორადო დენვერის და მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა სტატიაც, რომლშიც აღნიშნულია, რომ მარიხუანა და ალკოჰოლი შემცვლელებს წარმოადგენენ, რამაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვა შეამცირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევების უმრავლესობა მიუთითებს ამ საკითხზე შემდგომი კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე, რადგან ზუსტი კავშირის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ დასკვნას ავრცელებს გუბერნატორთა ავტობანების უსაფრთხოების ასოციაციაც (Governors Highway Safety Association), რომლის მიხედვითაც არ არსებობს მყარი დასკვნა, რომ ავტო-საგზაო შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციის გამო.

რაც შეეხება საქართველოს, 2018 წლის ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლო მიერ ორგანიზმში მარიხუანის მოხმარების კვალის აღმოჩენის გამო სანქციების გაუქმების მიუხედავად, საქართველოში მარიხუანის სრული ლეგალიზება არ მომხდარა.ამოქმედდა ან ძალაში დარჩა მრავალი შეზღუდვა, მაგალითად - „სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანის, კლინიკური ზემოქმედების ქვეშ“ (2019 წლის 1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ შსს-ს განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ).

შსს-ს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები არ აქვს გამოქვეყნებული 2017 და 2018 წლებისათვის. თუმცა 2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემების განხილვა გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის თუ ძირითადად რა მიზეზებითაა გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში. 2019 წლის პირველ კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებში სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვის რაოდენობა იყო ნული, ხოლო მეორე კვარტალში - 1, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა, დაღუპული კი არ ყოფილა.

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვით გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე ბევრად ხშირად ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები. 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 50 ასეთი შემთხვევა, რის შედეგადაც დაშავდა 76 ადამიანი და დაიღუპა 5, ხოლო მეორე კვარტალში იყო 43 შემთხვევა, 69 დაშავებული და 1 დაღუპული.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა გამომწვევ ძირითად სავარაუდო მიზეზებს წარმოადგენს შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა (2019 წლის ორი კვარტლის ჯამში 176 შემთხვევა, 22 დაღუპული და 359 დაშავებული) და მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება (ორი კვარტლის ჯამში 134 შემთხვევა, 27 დაღუპული, 214 დაშავებული) წარმოადგენს. შემდეგ მოდის დისტანციის დაუცველობა, უკვე ნახსენები ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობა, მოძრაობის დაწყების მანევრი, მოხვევის მანევრი, უკუსვლით მოძრაობა და ა.შ.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევათა ზრდის გამომწვევ მიზეზებს, მსგავსი სტატისტიკური ან ანალიტიკური დოკუმენტი შსს-ს არ აქვს. მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე საკვანძო ფაქტორის გამოყოფა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ავტომობილების რაოდენობა და მისი ზრდის ტენდენცია. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 2014 წელს ავტომანქანების რაოდენობა 1.02 მილიონს შეადგენდა, 2015 წელს 8.2%-ით გაიზარდა და შეადგენდა 1,1 მილიონს, 2016 წელს 8%-ით გაიზარდა და 1.19 მილიონი გახდა, 2017 წელს იყო 5.3%-იანი ზრდა 1.25 მილიონი გახდა, ხოლო 2018 წელს 5.1%-იანი ზრდის შემდეგ 1.32 მილიონზე მეტი. ავტოპარკის მზარდი დინამიკა კი ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევათა ზრდას განაპირობებს, არის მძღოლთა რაოდენობის ზრდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად გაიცემა ათასობით ახალი მართვის მოწმობა, რაც ზრდის, როგორც ზოგადად მძღოლთა, ისე გამოუცდელ მძღოლთა რაოდენობას, რაც ავარიის რისკებს ზრდის.

ასევე საგზაო-სატრანპორტო შემთხვევების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია მძღოლის ასაკი. ზოგიერთი კვლევის მიხედვით იმ შემთხვევაში თუ მძღოლი თინეიჯერია, მეტია ავარიის საფრთხე. ეს გამოწვეულია თინეიჯერების მიერ საფრთხის ნაკლებად გაცნობიერებითა და სიჩქარისადმი მიდრეკილებით და გამოცდილების ნაკლებობით.

მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევათა ზრდის ძირითად მიზეზებად სახელდება ავტომობილების რაოდენობის ზრდა, მეტი ახალგაზრდა და გამოუცდელი მძღოლი, ყურადღების გაფანტვის საშუალებები (მაგალითად, მობილური ტელეფონები), ნასვამ

მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, მძღოლთა დაღლილობა, სწრაფად გადაადგილება და ა.შ. (იხილეთ: 1, 2, 3, 4).

შენიშვნა: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები მოცემულია მხოლოდ 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის სტატისტიკაში, გასული წლების ანგარიშებში კი ეს სტატისტიკა არ მოიპოვება. ასევე არ არის გამოქვეყნებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ქვეშ მანქანის მართვის სტატისტიკა (ამ შემთხვევაში საუბარია მარიხუანაზე). ფაქტ-მეტრის მიერ შსს-დან ამ ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად, ვერ მივიღეთ კონკრეტულად აღნიშნული სტატისტიკა.