იტვირთება

საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის, „ენგურჰესის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები და ოკუპირებული აფხაზეთისათვის უსასყიდლოდ მიწოდებული ენერგიის საკითხი მუდმივად წარმოადგენს ინტერესის ობიექტს. ხშირ შემთხვევაში ამ მიმართულებით არსებული ვითარება ფართო საზოგადოებისათვის სრულად არ არის გასაგები და დაუსაბუთებელი სპეკულაციების საფუძველიც ხდება. ფაქტ-მეტრის სტატია ელექტროენერგეტიკული სექტორის შესახებ მომზადებული ზოგადი კვლევის შემდგომ, სწორედ, აღნიშნულ საკითხში მეტი სიცხადის შეტანას ისახავს მიზნად.

ენგურჰესის მნიშვნელობა

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების აქტუალურობას ერთდროულად ორი მახასიათებელი განაპირობებს:

1. ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები - მდინარე ენგურზე ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები წარმოდგენილია დაკავშირებული ჰესების კასკადის სახით, რომელთაგან უმსხვილესია ენგურჰესი 1,300 მგვტ. დადგმული საპროექტო სიმძლავრითა და 4,430 მლნ კვტ. სთ წლიური გამომუშავებით. ვარდნილჰესი I-ისა და ამ ეტაპზე უმოქმედო ვარდნილჰესი II, III, IV-ის ჯამური სიმძლავრეები, შესაბამისად, 220 და 120 მგვტ-ია. აღნიშნული ჰესების კასკადის გამომუშავება საქართველოს ენერგობალანსის არსებითი მდგენელია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული ობიექტის გამომუშავებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისათვის მიწოდებული ენერგია ბოლო წლებში საშუალოდ მთლიანი მოხმარების მხოლოდ 22.2%-ია.

გრაფიკი 1. ენგურისა და ვარდნილის ჰესების კასკადის გამომუშავება

წყარო:ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ESCO

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ენგურისა და ვარდნილის ჰესების კასკადის გამომუშავება საშუალოდ 2008-2018 წლებისათვის, ჯამური მოხმარებისა და გამომუშავების შესაბამისად, 42.3-41%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე გავლენის თვალსაზრისით მოცემული ობიექტ(ებ)ის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

2. სპეციფიკური მდებარეობა - ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თაღოვანი კაშხალი წალენჯიხის, სამანქანო დარბაზი (აგრეგატები) კი გალის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შესაბამისად, მთლიანი სისტემის შემადგენელი ერთეულები საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარესაა მოქცეული.

იურიდიული თვალსაზრისით ჰესების კასკადი ორ სუბიექტად (შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ - ს/კ 251716362 და შპს „ენგურჰესი“ - ს/კ 251716371) იყოფა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ შპს „ენგურჰესის“ საკუთრებაშია. თავისთავად „ენგურჰესის“ 100%-იანი წილის მფლობელს კი სახელმწიფო წარმოადგენს. წილის მმართველად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იყო განსაზღვრული, თუმცა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (სამინისტროების რიცხვის შემცირება) მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნა მიჩნეული. შესაბამისად, განხორციელდა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადაცემაც. სხვა აქტორები რეესტრიდან ამონაწერსა და საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვა დოკუმენტებში, მათ შორის შპს „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმში, ღიად არ არის აღნიშნული.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის გადანაწილება

გენერაციის ობიექტის მდებარეობიდან გამომდინარე, გამომუშავებული ენერგიის ნაწილის განკარგვაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველობა აცხადებს პრეტენზიას. 1997 წელს მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებით [1], ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-იანი წილი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებას, 60% კი დანარჩენი საქართველოს საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. აღნიშნული ენერგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (არ) ელექტროენერგიით მომარაგების ერთადერთ ადგილობრივ წყაროს წარმოადგენს. 1997 წლის შეთანხმების საფუძველი მთლიანი ფონდების ოკუპირებულ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გადანაწილების წილობრივი შეფასება გახდა. თუმცა არსებული მოსაზრებით აღნიშნული გადანაწილება გარკვეულწილად უსამრთლოა (ოკუპირებული ტერიტორიის სასარგებლოდ), ვინაიდან არ ითვალისწინებს ენერგიის ძირითად წყაროს - წყლის რესურსს, რომელიც ობიექტს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ დაბალი მოხმარების გამო, გამომუშავებული ენერგიის „კუთვნილი“ წილის სრულად ათვისება არ ხდებოდა. ბოლო წლებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მზარდი მოხმარების, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და მისი საფასურის ამოღების თვალსაზრისით არსებული პრობლემებისა და გაუმართავი ელექტროსისტემის პირობებში ენერგიის დაკარგვის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ათვისებული წილი შეთანხმებულ 40%-ს პერმანენტულად აჭარბებს.

გრაფიკი 2. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის გადანაწილება (მლნ კვტ.სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ESCO

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014-2018 წლებში ოკუპირებული აფხაზეთი წლიურად ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ენერგიის საშუალოდ 44.1%-ს მოიხმარდა. მეტიც, პიკურ პერიოდებში (ზამთრის სეზონი) ენგურჰესის თითქმის მთლიანი გამომუშავება ოკუპირებული რეგიონის მომარაგებას ხმარდება, წლიური მაჩვენებლის 40%-იან ნიშნულთან მეტ-ნაკლებად ახლოს შენარჩუნება კი დარჩენილ პერიოდში შედარებით დაბალი მოხმარების ხარჯზე ხდება. აფხაზეთში მოცემული ენერგიის დისტრიბუციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი კომპანია „ჩერნომორენერგო“ ახორციელებს და საბოლოო მომხმარებლისგან შესაბამისი ტარიფის აკრეფასაც ის უზრუნველყოფს, თუმცა ენგურჰესი აღნიშნული სახსრებიდან კუთვნილი თანხის მიღებას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების ყველა ხარჯს, მათ შორის ჰესის რეაბილიტაციისათვის საჭირო აქტივობებს სრულად ქართული მხარე აფინანსებს, ოკუპირებული ტერიტორია კი გამომუშავებულ ენერგიას უსასყიდლოდ იღებს.

ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი ბოლო წლებში დეფიციტურია, დანაკლისი განსაკუთრებით მაღალია ზამთრის სეზონზე. შესაბამისად, საქართველოს არ აქვს ალტერნატიული იაფი რესურსი ენერგიის იმ ნაწილის საკომპენსაციოდ, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირბული აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს ხარჯზე უსასყიდლოდ მოიხმარს. აღნიშნული დანაკლისი გაცილებით მაღალ ფასად, ძირითადად, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით ივსება.


[1]საკითხის დასარეგულირებლად, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის მომზადება შეუძლებელია, ვინაიდან მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული აფხაზეთი თანასწორი მხარის სტატუსის მატარებელად ვერ იქნება განხილული, ოკუპაციის დასრულების შემთხვევაში კი მსგავსი დოკუმენტის არსებობის საჭიროებაც აღმოიფხვრება.

ფოტო: mcs.gov.ge


მსგავსი სიახლეები

2838 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი